ძველი ავტომობილების ელექტრომობილებად გადაკეთება და კლიმატური პრობლემების მოგვარება
- ბენზინის ძრავებზე მომუშავე ტრანსპორტი აშშ-ში ყველაზე დიდი რაოდენობით გამონაბოლქვს გამოყოფს;
- ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს: ელექტრომობილებზე გადასვლა, არსებული ავტომობილების გადაწყობა, ალტერნატიული ბიოსაწვავი, ველოსიპედებითა და ფეხით გადაადგილება;
- ყველა ამ ვერსიას თავისი პოზიტიური და ნეგატიური მხარე აქვს.
მსოფლიო ნელ-ნელა გადადის ელექტრომობილებზე (EV – electronic vehicles). რა ბედი ეწევა ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს?
ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ ჯო ბაიდენის გეგმას შეასრულებს და 2030 წლისთვის 50%-ით მეტ ელექტრომობილს გაყიდის, ბევრი ადამიანი მაინც თავისი ძველი, ბენზინის ძრავებზე მომუშავე, მანქანებით იმოძრავებს.
„ეს არის ის, რაზეც არასაკმარისად საუბრობენ“ — თქვა ელექტრომობილების ადაპტაციის (EVAdoption) გენერალურმა დირექტორმა, ლორენ მაკდონალდმა, The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში. „ყოველწლიურად ვყიდულობთ მეტ გაზზე მომუშავე ავტომობილს და არა ელექტრომობილს, ამიტომაც გაზის ძრავიან მანქანებზე მოთხვონა იზრდება… ადამიანები თავიანთ მანქანებს ებღაუჭებიან“.
ამ პრობლემის ერთ-ერთი მოგვარების გზა შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ავტომობილების ელექტრომობილებად გადაწყობა. თეორიულად, ეს მარტივი პროცესია, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით (U.S. Department of Energy – DOE).
„მართალია, ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ ჩვეულებრივი ავტომობილის ელექტრომობილად გადაწყობა შესაძლებელია, ამისთვის ავტომობილიდან ბენზინზე მომუშავე ძრავა მთლიანად უნდა ამოვიღოთ, მასში ჩავამონტაჟოთ ელემენტების კვების ბლოკები, ერთი ან რამდენიმე ელექტროძრავა, მაღალი ძაბვის კაბელები და ხელსაწყოები — დააზუსტეს აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროში. ამასთანავე, იქ დასძინეს, რომ მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ გადასაწყობ მანქანაში ყველა ზემოხსენებული ხელსაწყოსთვის საკმარისი ადგილია, ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ მან გაუძლოს ელექტროძრავისა და სატენი ელემენტების წონას, დააკმაყოფილოს გამონაბოლქვის შემცირების მოთხოვნები და უსაფრთხოების ნორმები.
თუმცა The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ავტომობილის გადაწყობა ელექტრომობილად ძვირი ჯდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა.
მაგალითად, სან-დიეგოში არსებულმა კომპანია Zelectric Motors-მა განაცხადა, რომ მათთან ავტომობილების ელექტრომობილებად გადაწყობა 70 000 დოლარი ჯდება. ეს 5 000 დოლარით მეტია ახალი ელექტრომობილის ღურებულებაზე.
„ეს არაა 5 000-6 000 დოლარიანი მოდერნიზაცია, რომელიც თქვენს ძველ ავტომობილს გადაარჩენს“ — განაცხადა The Guardian-თან საუბრისას კომპანიის დირექტორმა, დევიდ ბენარდომ.
ამ ღირებულების მიზეზებია ელექტრონული ძრავის სატენი ელემენტების სიძვირე და ასევე ის ფაქტიც, რომ ყველა ავტომობილი ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევა და ელექტროძრავზე გადაწყობისას ვიწრო სპეციალიზირებულ მიდგომას მოითხოვს. კომპანია, ძირითადად, დაკავებულია ძველი პორშეებისა (Porsche) და ფოლკსვაგენების (Volkswagen) მოდერნიზაციით და ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 შეკვეთას იღებს.
იმედი გაჩნდა გასული წლის იანვარში, როდესაც ტოკიოში ჩატარებულ ავტოსალონში ტოიოტამ თავისი, 1980 წელს გამოშვებული, კლასიკური Corolla GT-S-ის ორი „მწვანე“ ვერსია წარადგინა, როგორც KTSM 9 News-ი იუწყებოდა.
„რეალობას თვალი გავუსწოროთ: ვერ შევძლებთ გამონაბოლქვის ნულოვანი დონის მიღწევას, თუ 2050 წლისთვის ყველა ავტომობილს ელექტრომობილით ჩავანაცვლებთ“ —თქვა Toyota-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აკიო ტოიოდამ.
Toyota-მ ასევე განუცხადა The Guardian-ს, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ ავტომობილების ძველი მოდელების ელექტრომობილებად გადაწყობის გეგმები.
გამოფენაზე წარმოდგენილი ორი ავტომობილი სხვადასხვა მეთოდით გადააწყვეს. მოდელ AE86 BEV-ში ჩაამონტაჟეს ჰიბრიდული ძრავა Toyota Tundra და ჰიბრიდული ბატარეების ბლოკი Prius Prime. მოდელ AE86 H2-ს შიდა წვის ძრავა დაუტოვეს, თუმცა ის წყალბადზე მუშაობს.
ე.წ. სუფთა საწვავი, როგორიცაა წყალბადი, გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი შესაძლო გზაა, რომელსაც Rhodium Group-ი 2021 წელს გამოშვებულ მოხსენებაში, უჭერს მხარს. დღესდღეობით ავტომობილები ყველაზე დიდი რაოდენობით გამონაბოლქვს გამოყოფენ აშშ-ში და ეს ფაქტი არ დავა ნულოვან დონემდე 2050 წელს ელექტრომობილების მაქსიმალური პოპულარიზაციის შემთხვევაშიც კი. 2035 წლისთვის გაყიდვაში არსებული მანქანების 90% ელექტრომობილებით რომ ჩანაცვლდეს, დარჩენილი ავტომობილები მაინც გამოყოფს 525 მილიონ ტონა გამონაბოლქვს 2050 წლისთვის. Rhodium Group-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ გამონაბოლქვის უფრო მეტად შემცირება შესაძლებელი მხოლოდ მაშინ გახდება, თუ ყველა ავტომობილი სხვა ტიპის საწვავზე გადავა, როგორებიცაა ბიოსაწვავი, ელექტროსაწვავი ან ადვილად უტილიზირებადი წიაღისეული საწვავი. ასევე, შეიძლება, რომ საავტომობილო მგზავრობების უფრო ეფექტური დაგეგმარებაც იყოს გამოსავალი.
„გამონაბოლქვის ოდენობის შემცირების ყველაზე მარტივი გზაა ადამიანების გადაადგილებისა და საქონლის გადაზიდვების უკეთესი დაგეგმარება“ — წერენ მოხსენების ავტორები. „ამის მიღწევა შესაძლებელია ან საწვავის ეკონომიის გზით პერსონალურ და სატვირთო ავტომობილებში, ავტობუსებში, გემებსა და თვითმფრინავებში, ან გზების კილომეტრაჟის შემცირების გზით, რომელიც ამ სატრანსპორტო საშუალებებს აქვს გასავლელი დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად“.
იმის სანაცვლოდ, რომ ბენზინის ძრავებზე მომუშავე ავტომობილები ელექტრომობილებად გადავაკეთოთ, ან მათში ალტერნატიული ტიპის საწვავი ჩავასხათ, შეგვიძლია, უარი ვთქვათ მოდელზე „ერთი ადამიანი — ერთი ავტომობილი“. C40 Cities-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ უოტსმა, განაცხადა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ მეგაპოლისების ლიდერებს კლიმატური კრიზისის მოსაგვარებლად, არის ქალაქების ისეთი დაგეგმარება, რომ მათში ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებისთვის მოძრაობა უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე ავტომობილისტებისთვის.
„გლობალური გადასვლა გადაადგილების უფრო აქტიურ ფორმებზე სწორედ ისაა, რაც მსოფლიოს ახლა სჭირდება“ — განაცხადა მარკ უოტსმა. „ავტომობილების ჩანაცვლება, ფეხით სიარულით ან ველოსიპედით გადაადგილებით, გამონაბოლქვის ოდენობის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა“.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო : www.ecowatch.com
26 მარტი 2023 წელი.