ჩრდილოეთის ხის რგოლები ინახავენ ჰაერის დაბინძურების შესახებ საუკუნოვან ჩანაწერებს
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთში სამთო მრეწველობას ხანგრძლივი ისტორია აქვს, გამონაბოლქვით დაბინძურება ყოველთვის არ კონტროლდებოდა ოფიციალურად. ახალი კვლევა ასობით წლის განმავლობაში დაგროვილ დაბინძურების შესახებ ინფორმაციას ხის რგოლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Toronto Mississauga-ს უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს 15 ხის შიდა ნიმუში, რათა უკეთ გამოეკვლიათ ვერცხლისწყლით დაბინძურების ყოველწლიური მაჩვენებელი კანადაში, იუკონის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ Bear Creek-ში.
მეცნიერებმა მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ხეები, რომლებიც ინახავენ ინფორმაციას 151 წლის განმავლობაში ვერცხლისწყლით დაბინძურების დონის შესახებ. დაბინძურების დონეების ცვალებადობა ზუსტად დაემთხვა იმ ტერიტორიაზე სამთო მრეწველობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Environmental Pollution-ის სამეცნიერო ჟურნალში.
„აშკარაა, რომ Bear Creek-ში ოქროს მოპოვების ისტორიას დიდი გავლენა ჰქონდა ატმოსფერულ ჰაერში ვერცხლისწყლის დონის მაჩვენებელზე,“ განაცხადა უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, პალეო-კლიმატოლოგმა, ტრევორ პორტერმა.
„ეს ყოველივე ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც გამოვიკვლიეთ 15 სხვადასხვა ხის მონაცემები. ყველა მათგანი მსგავს ისტორიას ყვება.“
ვერცხლისწყალი გამოიყენებოდა ისეთი მრეწველობითი სამუშაოების დროს, როგორიცაა მდინარიდან ოქროს მოპოვება. მისი დახმარებით აცალკევებდნენ ძვირფას ლითონს ნალექისგან. ამის შემდეგ, საბადოები ხურდებოდა, ვერცხლისწყალი ჟონავდა ატმოსფეროში და ხეები შეიწოვდნენ მას.
პორტერის განცხადებით, ვერცხლისწყლის დონე სწრაფად გაიზარდა 1923-30 წლებში, როდესაც რამდენიმე ფართომასშტაბიანი მოპოვებითი სამუშაოები ჩატარდა Bear Creek-ში. ვერცხლისწყლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 1930-იან წლებში, როდესაც ამ ადგილას ოქროს მოპოვებამ პიკს მიაღწია. საბოლოოდ ვერცხლისწყლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1966 წელს დაფიქსირდა, როდესაც Bear Creek-ის ბანაკი დაიხურა.
მკვლევრებმა Bear Creek-ის ნიმუშები შეადარეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე Mackenzie Delta-დან წამოღებულ მასალას.
„Mackenzie Delta წარმოადგენს კანადის ერთ-ერთ უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეს, რომლის ზევითაც ხე აღარ იზრდება,“ განაცხადა პორტერმა. „ეს იყო ადგილი, სადაც ჩვენ შევძელით დავკვირვებოდით, თუ როგორ გარდაიქმნება ვერცხლისწყალი ბუნებრივად ჰაერში.“
ამ შედარებამ აჩვენა, რომ Bear Creek-ში ვერცხლისწყლის დონის მაჩვენებელი ნორმას არ დაბრუნებია 1990-იან წლებამდე. კვლევის თანახმად, ეს მოსალოდნელიც იყო დაბინძურებული ნიადაგიდან ვერცხლისწყლის ხელახალი გამოჟონვის გამო.
პორტერის განცხადებით, Mackenzie Delta-დან აღებულმა ხის ნიმუშებმა, ცხადყო ვერცხლისწყლის გამოჟონვის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც 1600-იან წლებში დაიწყო ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად და პიკს 1970-იანი წლების ბოლოს მიაღწია.
Mackenzie Delta-ს ნიმუშები, ცენტრალური იოკონოს სხვა ადგილებიდან მოპოვებული ხის მასალა და ყინულის ნიმუშები ალიასკადან ცხადყოფენ, რომ ატმოსფერული ვერცხლისწყლის დონე ნელ-ნელა კვლავ იზრდებოდა ბოლო დეკადის განმავლობაში. მკვლევრების მოსაზრებით, ეს გამოიწვია აზიაში ვერცხლისწყლით დაბინძურების მატებამ.
„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ აზიის გარკვეულ ტერიტორიებზე ვერცხლისწყლით დაბინძურება იზრდება, განსაკუთრებით აზიის ინდუსტრიალიზებულ ნაწილში,“ განაცხადა პორტერმა. „ამით აიხსნება, თუ რატომ ვამჩნევთ ამას კანადის ჩრდილო-დასავლეთით და ალასკაზე და არა სხვა ადგილებში, რომლებიც გაცილებით შორსაა დაბინძურების ამ კონკრეტული წყაროდან.“
პორტერის თქმით მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ ვერცხლისწყლის მდგომარეობა ჰაერში იმდენად, რამდენადაც წყალში, ნიადაგსა და მცენარეებში ბაქტერიას შეუძლია შევიდეს რეაქციაში ვერცხლისწყალთან და გარდაიქმნას ისეთ მომწამვლელ ნივთიერებად, როგორიცაა მეთილის ვერცხლისწყალი.
„როგორც კი ის მოხვდება საკვებ ჯაჭვში, მან შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობას,“ – თქვა მან.
„საჭიროა, რომ შევისწავლოთ ვერცხლისწყლის ციკლი და ის, თუ როგორ შეიძლება გარდაიქმნას მომავალში.“
პორტერი იმედოვნებს, რომ შეძლებს გააგრძელოს ვერცხლისწყლის ციკლში გრძელვადიანი ცვლილებების კვლევა უფრო ფართო გეოგგეოგრაფიულ მასშტაბებში.
სტატიაზე იმუშავა : ანი ჩუბინიძე – სალომე აბუაშვილი
წყარო : https://cabinradio.ca