ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას
- გლობალური კომპანიების 85%-ს არ აქვს შემუშავებული კორპორატიული ფრენების გამონაბოლქვის შემცირების გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი თავს ეკოლოგიურად პასუხისმგებლად მიიჩნევს.
- Travel Smart-ის ანგარიშმა გამოავლინა, რომ ემისიების შემცირების მიზნით პირველ ათეულში მოხვედრილი ყველა კომპანია ევროპულია.
- ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიების უმეტესობა (76%) აფიქსირებს ბიზნეს მგზავრობების ემისიებს, თუმცა მათ შესამცირებლად არანაირ ვალდებულებას არ იღებს.
Transport & Environment-ის მიერ გამოქვეყნებული Travel Smart-ის უახლესი რეიტინგი აჩვენებს, რომ მსოფლიოს ასობით უმსხვილეს კომპანიას არ აქვს განსაზღვრული გონივრული სამიზნეები მათი ბიზნეს ფრენებისას გარემოზე მავნე გავლენის შესამცირებლად.
Travel Smart გლობალური კამპანიაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ 2025 წლისთვის, ან უფრო ადრე, კომპანიების მიერ ბიზნეს ფრენების ემისიები განახევრდეს კოვიდამდე არსებულ დონესთან შედარებით.
მთავარი დასკვნა ისაა, რომ გლობალური კომპანიების 85%-ს არ აქვს შემუშავებული კორპორატიული ფრენების გამონაბოლქვის შემცირების გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი თავს ეკოლოგიურად პასუხისმგებლად მიიჩნევს.
ანგარიშში განხილულია 322 უმსხვილესი ფირმა აშშ-ში, ევროპასა და ინდოეთში, რომლებსაც ქულები მიანიჭეს (ან დააკლეს) ათ ინდიკატორზე დაყრდნობით. მაგალითად, ინდიკატორი „ვალდებულება“ გულისხმობს კომპანიისთვის 1.5 ქულის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას დაწესებული აქვს ემისიების შემცირების სამიზნე ნიშნული კონკრეტულად საჰაერო მგზავრობებთან მიმართებით, 1 ქულა – თუ ნიშნული დადგენილია ზოგადად საქმიანი მგზავრობებისთვის, 0.5 ქულა – თუ სამიზნე ფართო კორპორატიული მგზავრობებია და 0 ქულა – სამიზნის არარსებობის შემთხვევაში.
საუკეთესო ათეულში მოხვედრილი ყველა კომპანია ევროპულია, რომლის სათავეში დგას ჰოლანდიური კომპანია ABN Amro. Volkswagen, KPMG და Johnson & Johnson არიან ყველაზე ცუდი კომპანიები ემისიების თვალსაზრისით, რომელთაგან არცერთს არ აქვს მათი შემცირების მიზანი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიების უმეტესობა (76%) აფიქსირებს ბიზნეს მგზავრობების ემისიებს, თუმცა მათ შესამცირებლად არანაირ ვალდებულებას არ იღებს. ამავდროულად გამოიკვეთა 40 კომპანია, რომლებიც ლიდერობს კორპორატიულ ფრენებთან დაკავშირებული ყველა სახის სათბურის გაზების ემისიების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მიმართულებით.
ასევე გამოვლინდა, რომ თუ ათი ყველაზე დამაბინძურებელი კომპანია შეამცირებს ემისიებს 50%-ით, ეს იქნება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც მიგვაახლოებს 2025 წლისთვის კორპორატიული საჰაერო მგზავრობების ემისიების 50% შემცირების გლობალურ სამიზნე ნიშნულთან.
Transport & Environment-ის კორპორატიული მგზავრობის მენეჯერმა, დენიზ ოკლერმა, განაცხადა: ”კორპორაციები თვალს ხუჭავენ იმ ზიანზე, რომელსაც იწვევს სამუშაო მიზნით შესრულებული ფრენები. კომპანიების უმეტესობა პრაქტიკულად არანაირ ზომებს არ იღებს ბიზნეს ფრენებთან დაკავშირებით, რის გამოც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში აზრსმოკლებულია სხვა ტიპის მგზავრობებთან მიმართებით სამიზნეების არსებობა. მხოლოდ რამდენიმე ლიდერი კომპანია მოქმედებს მეცნიერებასთან შეთანხმებულად, და აწარმოებს ანგარიშს არა-CO2 ემისიების შესახებ, რაც ავიაციის კლიმატზე სრული ზემოქმედების აისბერგის დამალული ნაწილია.“
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ოზბეტელაშვილი და მარიამ ტატუაშვილი
წყარო : airqualitynews.com