დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
ბოლო ათი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში NO₂-ისა და PM2.5-ის დონე შემცირდა, თუმცა ხშირად მაინც აჭარბებს ჯანმოს მიერ განსაზღვრულ ზღვრულ მაჩვენებელს. ამასთანავე, მიწისპირა ოზონის დონე 17%-ით გაიზარდა და დღეს უკვე ორჯერ უფრო ხშირად აჭარბებს ჯანმოს ზღვარს, ვიდრე 2015 წელს.
რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც ამ კვლევას ხელმძღვანელობდნენ, ყურადღება გაამახვილეს სამ ძირითად დამაბინძურებელზე: აზოტის დიოქსიდზე (NO₂), ოზონსა (O₃) და PM2.5-ზე.
მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული კვლევები ძირითადად რეგიონულ დონეზე ტარდება, რადგან დაბინძურების მართვაზე ადგილობრივი თვითმმართველობები არიან პასუხისმგებელნი, აღნიშნული კვლევა ჰაერის ხარისხის ფართო სურათის უკეთ შესასწავლად ეროვნულ მასშტაბზეა გადატანილი. მისი მიზანია, გაარკვიოს რა განსაზღვრავს ჰაერის დაბინძურებას – ადგილობრივი ემისიები თუ რეგიონთაშორისი დაბინძურება და რა გავლენა ექნება ამას მომავალ პოლიტიკაზე.
აღმოჩნდა, რომ წლიურად ჯანმოს ზღვარს გადამეტებული დღეების საშუალო რაოდენობა იყო:
- NO₂: 2015 წელს – 136 დღე → 2024 წელს – 40 დღე
- PM2.5: 2015 წელს – 60 დღე → 2024 წელს – 22 დღე
- O₃: 2015 წელს – 7 დღე → 2024 წელს – 14 დღე
კვლევამ აჩვენა, რომ აზოტის დიოქსიდი, რომელიც ძირითადად გზებზე მოძრაობის შედეგად წარმოიქმნება, შემცირებულია, განსაკუთრებით იქ, სადაც „სუფთა ჰაერის ზონები“ და სატრანსპორტო შეზღუდვები დაინერგა. ეს კლება მჭიდროდაა დაკავშირებული სატრანსპორტო ემისიების ცვლილებასთან და მიუთითებს, რომ ტრანსპორტზე მუშაობის გაგრძელება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ PM2.5-ის დონე შემცირებულია, კვლევა მიუთითებს, რომ ამ გაუმჯობესების შენარჩუნების ადგილობრივი რესურსები შესაძლოა შეზღუდული იყოს.
ამ გაუმჯობესებების საწინააღმდეგოდ, ოზონის დაბინძურება უარესდება. ეს უფრო რთული საკითხია, რადგან ოზონი პირდაპირ არ გამოიყოფა, არამედ ატმოსფეროში NO₂-ისა და სხვა დამაბინძურებლების (როგორიცაა არასტაბილური ორგანული ნაერთები – VOCs) ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოიქმნება.
პრობლემური ის არის, რომ NO₂-ის შემცირება ოზონის კონცენტრაციის ზრდას ნაწილობრივ ხსნის, განსაკუთრებით ქალაქებში. მიწისპირა ოზონი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მზის შუქი ააქტიურებს ქიმიურ რეაქციებს აზოტის ოქსიდებსა (NOₓ – NO და NO₂) და VOC-ებს შორის, რომლებიც გამოიყოფა ავტომობილების გამონაბოლქვიდან და სამრეწველო პროცესებიდან.
ქალაქის ცენტრებში, სადაც NO₂-ის დონე მაღალია, ჰაერში დიდი რაოდენობით აზოტის მონოქსიდი (NO) გვხვდება. ეს NO რეაქციაში შედის ოზონთან და ამცირებს მის კონცენტრაციას პროცესში, რომელიც „ოზონის ტიტრაციის“ სახელითაა ცნობილი.
NO₂-ის ემისიების შემცირება ნიშნავს, რომ ჰაერში ნაკლები NO რჩება, რაც თავის მხრივ იწვევს ოზონის ნაკლებ დაშლას და თუ VOC-ები კვლავ არსებობენ, ქიმიური ბალანსი ოზონის გაზრდის მიმართულებით იხრება.
მიუხედავად იმისა, რომ NO₂-ის შემცირების საერთო სარგებელი ჯანმრთელობისთვის უფრო მეტია, ვიდრე ოზონის გაზრდის შედეგად მიღებული ზიანი, მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ ეს ბალანსი შეიძლება შეიცვალოს – განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების ფონზე, რაც იწვევს ტემპერატურის მატებასა და ოზონის წარმოქმნისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს.
კვლევა ფოკუსირდებოდა დიდი ბრიტანეთის სამ ქალაქზე: რედინგზე (სამხრეთი), შეფილდსა (ცენტრი) და გლაზგოზე (ჩრდილოეთი) და შვიდი წლის განმავლობაში აერთიანებდა მონაცემებს ჰაერის ხარისხზე, ამინდსა და ჰაერის მასების წარმოშობაზე.
ერთ-ერთი მთავარი მიგნება იყო ის, რომ ჰაერის მასის წარმომავლობას – ანუ, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში საიდან მოდიოდა ჰაერი – მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა PM2.5-ის დონეზე სამივე ქალაქში. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, მათ შორის კონტინენტური ევროპიდან შემოსულ ჰაერს თან ახლდა მეტი მტვროვანი ნაწილაკები. ეს მიუთითებს დაბინძურების შორ მანძილზე ტრანსპორტირებაზე, მათ შორის სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ემისიებზე.
ჰაერის მასებმა ასევე გაზარდეს ალბათობა იმისა, რომ PM2.5-ის დონე გადაჭარბებულად დაფიქსირდებოდა ჯანმოს სტანდარტებთან შედარებით. ქარის სიჩქარესაც ჰქონდა მნიშვნელობა – ნელი ქარები ხელს უწყობდა დაბინძურების ლოკალურ დაგროვებას.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ ადგილობრივი ძალისხმევა არ არის საკმარისი PM2.5-ის დასარეგულირებლად და აუცილებელია ეროვნული და საერთაშორისო ზომების მიღება.
NO₂-ის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო ადგილობრივი: ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და დღის დრო. მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი, როგორც წესი, ეხმარება დაბინძურების გაფანტვას და შესაბამისად, ამცირებს მის კონცენტრაციას. ჰაერის მასის წარმომავლობის გავლენა NO₂-ზე მინიმალური იყო, რაც მიუთითებს, რომ NO₂ ძირითადად ლოკალური დაბინძურების შედეგია და ტრანსპორტისა და გათბობის სისტემებთანაა დაკავშირებული.
ოზონის დონე კი, პირიქით, იმატებს მაღალი ტემპერატურისა და ქარის სიჩქარის პირობებში, რაც ხელს უწყობს მის წარმოქმნას და ატმოსფეროში მაღლა მდებარე ფენებიდან შერევას. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის მასის წარმომავლობას მცირე გავლენა ჰქონდა ოზონის ზოგად მერყეობაზე, ის უფრო მნიშვნელოვანი გახდა მაშინ, როცა კონკრეტულად განიხილებოდა ის შემთხვევები, როდესაც ოზონის დონე აჭარბებდა ხარისხის ზღვარს. განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან შემოსული ჰაერის მასები ასოცირდებოდა გაზრდილ ოზონთან.
დოქტორ ჯეიმს ვებერი, კვლევის წამყვანი ავტორი რედინგის უნივერსიტეტიდან, აღნიშნავს:
„დიდმა ბრიტანეთმა გარკვეულ პროგრესს მიაღწია ჰაერის ხარისხში, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა როგორც ადგილობრივი მოქმედება, ისე საერთაშორისო თანამშრომლობა. ის ფაქტი, რომ ოზონი უარესდება მაშინ, როცა სხვა დაბინძურება მცირდება, გვიჩვენებს, რომ საჭიროა პრობლემის კომპლექსურად განხილვა და არა ცალკეული დამაბინძურებლების იზოლირება.”
სტატიაზე მუშაობდნენ : ირაკლი სარჯველაძე, რუსა ციცქიშვილი და თამთა კიკვაძე
წყარო : UK air pollution: where it comes from and where it’s going