რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
- წელს ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მომხდარი ქარბუქის შედეგად უამრავი ხის ტოტი ჩამოტყდა. მოსახლეობამ ტოტების გზების განაპირას დალაგება დაიწყო
- შტატში 70-ზე მეტი კომუნალური ბრიგადაა მობილიზებული. მათ ტოტების გატანა და მულჩირება დაევალათ
- ხის მასალა იმავე შტატში მდებარე კომპოსტის მწარმოებელ ქარხანაში მიაქვთ გადასამუშავებლად, ხოლო ნარჩენებს ცემენტის ქარხანაში საწვავად იყენებენ
თებარვალში მომხდარმა ქარბუქმა ხეების ტოტები ყინულით დაფარა, რამაც მათი მოღუნვა და ტყდომა გამოიწვია. მას შემდეგ ქალაქის ბორდიურები და ტროტუარები ხის ტოტებითაა დაფარული. ოსტინის მაცხოვრებლები სუსტ ტოტებს ჭრიან და გზების განაპირას ყრიან.
ტეხასის შტატის ტყის სერვისის (Texas A&M Forest Service) ცნობით, ქარბუქის შედეგად ქალაქ ოსტინის ხეების მესამედი დაზიანდა. ეს დაახლოებით 10.5 მილიონ ხეს შეადგენს.
რა ბედი ეწევა ამ ჩამომტვრეულ ტოტებს?
შეგროვება
ოსტინის რესურსების აღდგენის სამმართველომ (Austin Resource Recovery – ARR), რომელიც საცხოვრებელი სახლების დასუფთავებას ხელმძღვანელობს, დაახლოებით 70 ადგილობრივი და დაქირავებული კომუნალური ბრიგადა გზებიდან ნაგვის ალაგებით დაასაქმა.
ქალაქის მაცხოვრებლებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე 311 და გამოიძახონ ნარჩენების გატანის სერვისი. ამ მომენტისათვის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 39 000 ზარი დაფიქსირდა, რომელთა ძირითადი ნაწილიც მოპაკის (მისურის წყნარი ოკეანის რკინიგზა) აღმოსავლეთით მდებარე უბნებიდან შემოვიდა. დეპარტამენტი გვატყობინებს, რომ ბრიგადები ყველა უბანს ჩამოუვლიან, თუმცა შემოსული განაცხადები ეხმარება იმის დადგენაში, თუ რა უბნებია მზად ნარჩენების გასატანად.
რესურსების აღდგენის განყოფილების მენეჯერის, ემი სლეგლის, თქმით ARR-ი ოსტინის უბნების პირველ შემოვლას უახლოეს 7-10 დღეში დაასრულებს, ხოლო მეორე და მესამე შემოვლა 30 აპრილისთვის დასრულდება.
ბრიგადებმა შეიძლება სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა გამოიყენონ. ქალაქის ქუჩებში დიდი სატვირთოები ორმაგი მისაბმელითა და მექანიკური სახელურებით დადიან, რათა დიდი ტოტები შეაგროვონ.
ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ოსტინის რესურსების აღდგენის სამსახურის დირექტორმა, კენ სნაიპსმა, განაცხადა, რომ ბრიგადებმა უკვე 100 000 ტონა ნარჩენი შეაგროვეს.
„ეს ფრიად მასშტაბური სამუშაო იყო. ოსტინში იმაზე გაცილებით მეტი ნარჩენი შევაგროვეთ, ვიდრე ოდესმე შეგვიგროვებია. არცერთ სხვა კრიტიკულ სიტუაციას მსგავსი შედეგი არ გამოუღია“, – განაცხადა კენ სნაიპსმა.
კომპოსტირება
სავსე სატვირთოებს ნარჩენი სატრანზიტო პუნქტებში გააქვთ. ასეთი პუნქტია პარკიც, მაგალითად სერქლ სი მეტროპოლიტანი (Circle C Metropolitan), ბოლმ დისთრიქთი (Bolm District), ან ოლდ მენორ როუდი (Old Manor Road). ეს ლოკაციები ნარჩენების შეგროვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჯარო ადგილებია. იქ ნარჩენების ჩამოტვირთვა მხოლოდ დაქირავებულ კომუნალურ ბრიგადებს შეუძლიათ.
სატრანზიტო პუნქტებში დიდი ტოტების მულჩირება ხდება. შემდეგ კი მიღებული მასალა ბიონაგვის გადამამუშავებელ ქარხანა „ჰორნსბი ბენდში“ (Hornsby Bend) მიაქვთ, რომელიც კომპანია „ოსტინ უოთერის“ (Austin Water) საკუთრებაა და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
„ოსტინ უოთერის“ ეკოლოგიური პროგრამების კოორდინატორმა, იან მოუდმა, განაცხადა, რომ ქარხანა მიღებულ მასალას კომპოსტის დასამზადებლად გამოიყენებს. საწარმოში სანიაღვრე წყლის ნაწილს მულჩირებულ ხის მასალას ურევენ, რათა კომპოსტი სახელწოდებით Dillo Dirt-ი მიიღონ.
მოუდის თქმით, მიღებული კომპოსტი გაიყიდება საბოლოო მომხმარებლებზე – გაზონების მწარმოებლებზე, ლანდშაფტის დიზაინისთვის ხელსაწყოების მწარმოებლებზე, ტეხასის შტატის სატრანსპორტო კომპანიის კონტრაქტორებზე.
საწარმო წელიწადში 30 000-40 000 ტონა კომპოსტს აწარმოებს. თუმცა დამატებითი მულჩირებული ხის მასალის მიღება სულაც არ ნიშნავს, რომ ახლა საწარმო კომპოსტის წარმოებას გაზრდის. საბოლოო პროდუქტის რაოდენობა დამოკიდებულია სანიაღვრე სისტემებიდან მიღებული წყლის რაოდენობაზე, ანუ ნალექზე.
გაყიდვამდე კომპოსტს ცრიან, რათა დაცალონ ორგანული მასალისგან, ანუ ნეშომპალასგან. მას კიდევ რამდენჯერმე იყენებენ კომპოსტის წარმოებისთვის, სანამ საბოლოოდ ცემენტის ქარხანაში არ გააგზავნიან, რათა ღუმელებში საწვავად გამოიყენონ. თუმცა მოუდის თქმით რაკი ქარხანა „ჰორნსბი ბენდში“ ამდენი მულჩირებული ხის მასალა შემოდის, ნარჩენებს დიდი ალბათობით მაშინვე გააგზავნიან ცემენტის ქარხანაში და ხელმეორედ აღარ გამოიყენებენ.
როგორც წესი, ქარხანაში ყოველწლიურად დაახლოებით 18 000 ტონა მულჩირებული ხის მასალა შემოდის, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ წლის თებერვალში უკვე 12 000 ტონა შემოვიდა.
მოუდის თქმით 2019-2020 წლებში მათ ხის მასალის დეფიციტი ჰქონდათ, რადგან ოსტინის რესურსების აღდგენის სააგენტომ კომპოსტის ყოველწლიური წარმოების ნორმები გაზარდა, ხოლო მულჩირებული ხის მასალა საკმარისი რაოდენობით არ შესდიოდათ. თუმცა მათ მასალის დამატებითი წყაროების პოვნა მაინც მოახერხეს.
„რაღაც ეტაპზე ვშიშობდით, რომ მულჩირებული ხის მასალა არ გვეყოფოდა, მაგრამ ახლა ის საკმარისზე მეტი გვაქვს“, – ამბობს მოუდი. „ასეთი დიდი რაოდენობის ხის მასალა დიდხანს გვეყოფა.“
კომპანია „ოსტინ უოთერსი“ გამოუყენებელ მასალას მანამდე შეინახავს, სანამ მისი კომპოსტირების დრო არ მოვა.
„ჩვენს ზოგიერთ ფერმაზე მულჩირებული ხის მასალის შენახვა უპრობლემოდ შეგვიძლია. იქ დიდი ხნითაც დავტოვებთ და ეს კომპოსტის ხარისხზე არ იმოქმედებს“, – ამბობს მოუდი.
სტაიპსმა განაცხადა, რომ მულჩირებული ხის მასალა ქარხანა „ჰორნსბი ბენდის“ ტერიტორიაზე ცალკეულ გროვებად, ერთმანეთისგან მოშორებით ინახება, რათა ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში ხანძარი სწრაფად ვერ გავრცელდეს. ამ ხის გროვებს რეგულარულად ურევენ, რათა მათში დაგროვებული სითბო გამოათავისუფლონ.
„ხანძრების პრევენციის პროცესი არ შეგვიცვლია. უბრალოდ მეტი ხის მასალა გვაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ გვქონდა ხოლმე“, – დასძინა მან.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ანუკი კვევსქირი
წყარო : www.kut.org
30 მაისი 2023 წელი