უპრეცედენტო სასამართლო აშშ-ში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით
- მონტანს შტატში ისტორიაში პირველად კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სასამართლო-განხილვა დაიწყო.
- ახალგაზრდები შტატებს წიაღისეული საწვავის პოლიტიკის გამო უჩივიან.
- მაიკლ ჯერარდის განცხადებით, კონკრეტული პროცესის დადებითად გადაწყვეტამ შესაძლებელია ტალღოვანი ეფექტი გამოიწვიოს მთელ მსოფლიოში.
კლიმატის ცვლილების ისტორიული სასამართლო პროცესი დაიწყო 12 ივნისს მონტანას შტატ ჰელენაში. წიაღისეული საწვავის პოლიტიკის გამო 16-მა ახალგაზრდამ სარჩელი შეიტანა შტატის წინააღმდეგ. მათი აზრით, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის გამოყენების მუდმივი მხარდაჭერა ანადგურებს გარემოს, აღრმავებს კლიმატის კრიზისსა და ახალგაზრდებს მომავალს ართმევს.
2015 წლიდან მოყოლებული ახალგაზრდების მიერ შეერთებული შტატების მასშტაბით ათობით სარჩელი იქნა აღძრული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლო პროცესი დაინიშნა.
მოსარჩელეები ამბობენ, რომ მონტანას მთავრობამ არ შეასრულა შტატის კონსტიტუციური დირექტივა — „მონტანაში სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება, გაუმჯობესება ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის“.
„რასაც ეს პროცესი ცხადყოფს, იმედია, არის ის, რომ მთავრობებს აქვთ კონსტიტუციური ვალდებულება დაიცვან თავიანთი მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეები კლიმატის ცვლილების საფრთხეებისგან” — განაცხადა ადვოკატმა ნეიტ ბელინგერმა, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელეებს.
2020 წელს სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეები იყვნენ 2-დან 18 წლამდე მოზარდები. ისინი იმედოვნებენ, რომ მოსამართლე კეტი სილის მიერ გამოტანილი დეკლარაციული გადაწყვეტილება უბიძგებს შტატის კანონმდებლებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ და შექმნის პრეცედენტს მონტანასა და სხვა შტატებისთვის.
მონტანის მყინვარები მცირდება და ტყის ხანძრების სეზონი ხანგრძლივდება. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ მათი შტატი კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ზომების არმიღებით საფრთხეს უქმნის მათ შესაძლებლობებს შეინარჩუნონ ნადირობის ტრადიციები და სუფთა წყალზე წვდომა.
მონტანის შტატი ქვეყანაში ნახშირის მე-5 და ნავთობის მე-12 უმსხვილესი მწარმოებელია. ამ წლის დასაწყისში შტატის რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს კანონი, რომელიც უკრძალავს მონტანას მარეგულირებლებს გაითვალისწინონ კლიმატის ზემოქმედება ისეთი დიდი პროექტების შეფასების დროს, როგორიცაა ქარხნები და ელექტროსადგურები.
მიმდინარე საქმეში შტატის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მონტანას წილი სათბური გაზების წარმოებაში დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით უმნიშვნელოა. ისინი არ აკავშირებენ მონტანას ექსტრემალურ ამინდებს შტატში მომატებულ ტემპერატურასთან და ეჭვქვეშ აყენებენ სამეცნიერო კონსენსუსს, რომ წიაღისეული საწვავი იწვევს კლიმატის ცვლილებას.
აღნიშნული სარჩელი ეფუძნება 2011 წლის წარუმატებელ მცდელობას, ეიძულებინათ შტატი გადაედგა ქმედითი ნაბიჯები კლიმატის ცვლილების შემცირების მიმართულებით.
სარჩელის გადადების ან მისი გაუქმების მცდელობისას შტატმა მას უწოდა „დაუსაბუთებელი” და სარეკლამო ხრიკი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ შეაჩერონ შტატში ენერგეტიკის განვითარება.
შტატი ასევე ამტკიცებს, რომ მონტანის პოლიტიკა წიაღისეულ საწვავთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს პირდაპირკავშირში გლობალურ დათბობასთან და კლიმატის ცვლილება არის მსოფლიო საკითხი, რომლის გადაჭრის საუკეთესო გზა არის პოლიტიკური პროცესი.
მოსარჩელეების აზრით, წიაღისეული საწვავის გამოყენების სისტემური ავტორიზაცია, ნებართვა, წახალისება და ხელშეწყობა აუარესებს კლიმატის კრიზისს.
სარჩელი ასევე ამტკიცებს, რომ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული ენერგეტიკული სისტემა ამცირებს შტატის კონსტიტუციით დაცულ საჯარო ნდობის რესურსებს, როგორიცაა ტბები და მდინარეები, თევზები და ველური ბუნება, რაც აუცილებელია დასვენებისთვის, თევზაობისთვის და კულტურული ტრადიციების შესანარჩუნებლად.
არის კიდევ რამდენიმე კონსტიტუციური კლიმატის სასამართლო საქმე, რომელიც ახალგაზრდების სახელით იქნა აღძრული Our Children’s Trust- ის მიერ.
„დადებით გადაწყვეტილებას შეიძლება ჰქონდეს ტალღოვანი ეფექტი მთელ მსოფლიოში, რაც ბიძგს მისცემს სხვადასხვა თეორიის ახალ სასამართლო საქმეებს“ — თქვა მაიკლ ჯერარდმა.
სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი, ანა ახალაძე
წყარო: Ecowatch.com
23 დეკემბერი 2023 წელი