შეამცირე დაბინძურება და გახადე ბრძოლა „სუპერბაქტერიებთან“ და სხვა ანტიმიკრობული საშუალებებისადმი მდგრად სიცოცხლის ფორმებთან უფრო ეფექტური
- 2019 წელს დაახლოებით 1.27 მილიონი ადამიანი მსოფლიო მასშტაბით წამლებისადმი რეზისტენტულ ინფექციურ დაავადებებს ემსხვერპლა
- ჯამში, თითქმის 5 მილიონი ადამიანის გარდაცვალება დაკავშირებულია ბაქტერიების წამლებისადმი რეზისტენტულობასთან (anti-microbial resistance AMR)
- AMR-ი ასევე გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და მოსალოდნელია, რომ ათწლეულის ბოლოსთვის გამოიწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ვარდნას მინიმუმ 3.4 ტრილიონი დოლარით ყოველწლიურად, რაც 24 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე დააყენებს
- პლანეტარულმა კრიზისმა გამოიწვია კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა.
მიკრობსაწინააღმდეგო პრეპარატებისადმი მდგრადობის (anti-microbial resistance – AMR) გამო 2050 წლისთვის ყოველწლიურმა სიკვდილიანობამ შეიძლება 10 მილიონი შეადგინოს, ნათქვამია გაეროს ანგარიშში გარემოს შესახებ (UN Environment Programme UNEP), რომელიც სამშაბათს ბრიჯთაუნში, ბარბადოსზე წარადგინეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია ფარმაკოლოგიური, სამედიცინო და სოფლის მეურნეობის სექტორების მიერ გარემოს დაბინძურების შემცირება.
კვლევა ფოკუსირებულია AMR-ის გარემოს დაცვის ასპექტებზე, რომლებიც ძალზე აქტუალური გახდა, რადგან ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტები დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდიან და მედიკამენტებისადმი მდგრადები ხდებიან.
ავტორები მოგვიწოდებენ სასწრაფო ზომების მიღებისკენ „სუპერხოჭოების“ წარმოქმნის, გავრცელებისა და გადაცემის წინააღმდეგ. ეს ბაქტერიების ნაირსახეობებია, რომლებიც რეზისტენტულია ყველა ცნობილი წამლის მიმართ. ანგარიშში დაფიქსირებულია AMR-ის სხვა შემთხვევებიც, რომლებიც უკვე სერიოზულად აზიანებს ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობას.
უთანასწორობის კიდევ ერთი მაგალითი
„ჩვენი დროის გარემოსდაცვითი კრიზისი ასევე არის ადამიანის უფლებებისა და გეოპოლიტიკური კრიზისიც – UNEP-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში არის უთანასწორობის კიდევ ერთი მაგალითი, რადგან AMR-ის კრიზისი არაპროპორციულად შეეხო გლობალურად სამხრეთის ქვეყნებს,“ განაცხადა ბარბადოსის პრემიერ მინისტრმა, მია მოტლიმ, რომელიც სხვა მსოფლიო ლიდერებთან და ექსპერტებთან ერთად გაეროს ამ ინიციატივას ხელმძღვანელობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, AMR-ი ჯანმრთელობისთვის გლობალური საფრთხეების ათეულში შედის.
2019 წელს, მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 1.27 მილიონი ადამიანი წამლებისადმი რეზისტენტულ ინფექციებს ემსხვერპლა. ჯამურად, თითქმის ხუთი მილიონი გარდაცვალება დაკავშირებულია ანტიბიოტიკებისადმი მდგრად ბაქტერიებთან.
მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაიღუპება ზემოხსენებული მიზეზების გამო, რაც 2020 წელს კიბოთი გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობას უტოლდება.
საკვები და ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა
AMR-ი ასევე გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და მოსალოდნელია, რომ ათწლეულის ბოლოსთვის გამოიწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ვარდნას მინიმუმ 3.4 ტრილიონი დოლარით ყოველწლიურად, რაც 24 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე დაიყვანს.
ფარმაცევტული, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სექტორები AMR-ის განვითარებისა და გარემოში გავრცელების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია. ცუდი სანიტარული პირობები, საკანალიზაციო სისტემები და მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავების პირობები აგრეთვე უწყობენ ხელს რეზისტენტული ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელებას.
ინგერ ანდერსენმა, UNEP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განმარტა, რომ ამაში წვლილი შეიტანა სამმაგმა პლანეტარულმა კრიზისმა – კლიმატის შეცვლამ, გარემოს დაბინძურებამ და ბიომრავალფეროვნების დაკარგვამ.
„ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება ძირს უთხრის ადამიანის უფლებას ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოზე. იგივე ფაქტორები ამწვავებენ ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი ბაქტერიების რეზისტენტობის პრობლემას. ამ ყველაფერს ჩვენი ჯანმრთელობისა და კვების სისტემის განადგურება შეუძლია“, – გვაფრთხილებს ის.
ჯანდაცვის ერთიანი პასუხი
AMR-თან ეფექტური ბრძოლისთვის საჭიროა მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ზომების მიღება, რადგან ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობა და გარემო ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები.
ეს პრინციპები შეესაბამება ერთიანი ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმას (One Health framework), რომელიც შემუშავებულია UNEP-ის, ჯანმო-ის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ.
ანგარიში გამოქვეყნდა AMR-ის პრობლემას მიძღვნილი გლობალური ლიდერების ჯგუფის მეექვსე შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მოტლი თავმჯდომარეობდა.
ის მოიცავს ზომებს ეკოლოგიის გაუარესებისა და AMR-ის ზრდის შესამცირებლად. აგრეთვე გაკეთებულია აქცენტი დაბინძურების ძირითად წყაროებზე – ცუდ სანიტარულ პირობებზე, გაუმართავ საკანალიზაციო სისტემებზე, გამდინარე წყლებითა და მუნიციპალური ნარჩენებით გამოწვეულ დაბინძურებაზე.
სხდომაზე შემუშავდა რეკომენდაციების სია, რომელიც მოიცავს გონივრული მმართველობის დაგეგმვას, მარეგულირებელი და სამართლებრივი ჩარჩოების შექმნას ეროვნულ დონეზე და გლობალური ძალისხმევის გაზრდას წყლის რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად.
შემოთავაზებული სხვა ზომებია საერთაშორისო სტანდარტების დადგენა, თუ რა წარმოადგენს AMR-ის კარგ მიკრობიოლოგიურ ინდიკატორს გარემოსდაცვითი ნიმუშებიდან და ინვესტიციების გადამისამართების ვარიანტების შესწავლას, მათ შორის, მდგრადი დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და ლილიან მეტრეველი
წყარო : news.un.org
7 აპრილი 2023 წელი.