რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
-
დღესდღეობით დედამიწა უმძიმეს მდგომარეობაშია — კლიმატის ცვლილება, გაუდაბურება, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვა;
-
გაერო გვაფრთხილებს, რომ შესაბამისი ზომების მიღების გარეშე პლანეტაზე სიცოცხლე განადგურდება;
-
მრავალი საერთაშორისო კონვენცია და ჯგუფი არსებობს, რომელიც კლიმატურ კრიზისს ებრძვის და ამის ეფექტურ გზებს ეძებს.
სამმაგი გლობალური კრიზისი ეხება სამ ურთიერთდაკავშირებულ პრობლემას, რომლებსაც კაცობრიობა ამჟამად შეეჯახა: კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა. ყოველ ამ პრობლემას საკუთარი გამომწვევი მიზეზები და შედეგები აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა გადავჭრათ, რათა დედამიწაზე მომავალი გვქონდეს.
კლიმატის ცვლილება ყველაზე მწვავე პრობლემა, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე კაცობრიობა. აქ იგულისხმება ტემპერატურისა და ამინდის ისეთი ცვლილებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად შეცვლის ეკოსისტემებს, რომლებზეცაა დამოკიდებული დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა. ადამიანის ზემოქმედება გარემოზე კლიმატური ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ენერგიის გამომუშავება, მრეწველობა, ტრანსპორტი, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფას იწვევს. კლიმატური ცვლილებების უარყოფით შედეგებს უკვე ვხედავთ, მოხშირდა და გახანგრძლივდა გვალვები, მცირდება სასმელი წყალი, ხშირია ტყის ხანძრები, იზრდება ზღვის დონე, ხდება წყალდიდობები, დნება პოლარული ყინულები, მძვინვარებს ძლიერი შტორმები, მცირდება ბიომრავალფეროვნება.
ჰაერის დაბინძურება დაავადებებისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი უდიდესი გამომწვევი მიზეზია. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 7 მილიონამდე ადამიანი სწორედ ჰაერის დაბინძურების გამო კვდება ნაადრევად. 10-დან 9 ადამიანი ისეთი ჰაერით სუნთქავს, რომელიც ჯანმო-ს დაწესებულ ნორმებს არ შეესაბამება. ჰაერის დაბინძურებას ბევრი ფაქტორი იწვევს: საავტომობილო ტრანსპორტი, ტყის ხანძრები, ობი. ჰაერის დაბინძურების კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია საკვების დამზადება სახლის პირობებში, უხარისხო საწვავისა და მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენებით. სწორედ ამ მიზეზით 2016 წელს 3.8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
ბიომრავალფეროვნების დაკარგვა ნიშნავს ბიოლოგიური სახეობების, მცენარეებისა და ცხოველების შემცირებას ან სრულ გაქრობას. ამის გამომწვევი მიზეზებია უკონტროლო თევზაობა, ბინადრობის არეალის დაკარგვა (მაგ. ტყეების გაკაფვა საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად) და რეგიონების გაუდაბურება კლიმატური ცვლილებების შედეგად. ბიომრავალფეროვნება დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ქვაკუთხედია, რადგან ამ პლანეტაზე ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ბიომრავალფეროვნების დაკარგვა იწვევს საკვებისა და სასმელი წყლის უკმარისობას, რის გამოც გადაშენება გვემუქრება.
„კაცობრიობა ბუნებას ეომება, ეს კი თვითგანადგურებამდე მიგვიყვანს, ბუნებასთან მშვიდობიანი ხელშეკრულება უნდა გავაფორმოთ. ჩვენი წინდაუხედაობის შედეგები უკვე აისახა ადამიანების ტანჯვაში, უზარმაზარ ეკონომიკურ ზარალსა და დედამიწაზე ცხოვრების ამაჩქარებელ ეროზიაში“ — განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
ბოლო 50 წლის განმავლობაში მომხდარი ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად სიკვდილიანობა 5-ჯერ გაიზარდა, ხოლო იძულებით გადაადგილებული ეკოლტოლვილების რაოდენობა 21.5 მილიონ ადამიანს აღწევს. მოხშირდა წყალდიდობები, გვალვები, შტორმები. ყოველივე ეს დიდი ადამიანური მსხვერპლითა და ეკონომიკური დანაკარგით მთავრდება. 2021 წელს უმსხვილესმა სადაზღვევო კომპანია Swiss Re-მ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფები 2050 წლისთვის 23 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ამასთანავე ისეთი განვითარებული ქვეყნების, როგორებიცაა აშშ და კანადა, პოტენციური ეკონომიკური ზრდა 6-10%-ით შემცირდება. განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატური ცვლილებების შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება: ტაილანდსა და მალაიზიაში პოტენციური ეკონომიკური ზრდა 2050 წლისთვის 20%-ით შემცირდება.
რა კეთდება პრობლემების მოსაგვარებლად?
კარგი ამბებიც გვაქვს — ზემოხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად უკვე ბევრი რამ კეთდება. გაეროში მრავალი ჯგუფი შეიქმნა კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად: კლიმატური ცვლილებების ჯგუფი (UN Climate Change), გარემოს დაბინძურების ჯგუფი (UN Environment tackles pollution), ბიომრავალფეროვნების ჯგუფი (UN Biodiversity). გაეროს კონვენცია გაუდაბურებასთან ბრძოლის შესახებ (United Nations Convention to Combat Desertification) სპეციალურად იმისთვის მიიღეს, რომ გვალვის შედეგად რეგიონების გაუდაბურებას შეებრძოლონ.
მაგრამ კონკრეტულად რას საქმიანობენ ეს ჯგუფები?
1992 წელს გაერომ მიიღო კლიმატის ცვლილებების შესახებ კონვენცია (UNFCCC, commonly known as UN Climate Change). ეს უკანასკნელი მიზნად ისახავდა „ადამიანის ბუნებრივ გარემოში სახიფათო ჩარევასთან ბრძოლას“. გაეროს კლიმატის ცვლილებების კონვენცია გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან მასშტაბური ბრძოლის წამოწყებას აპირებს. მისი სამდივნო (UN climate Change) მხარს უჭერს რიგ ორგანოებს, რომლებიც კონვენციის რეალიზაციასა და პოპულარიზაციას უწყობენ ხელს. მაგალითად, ასეთებია კიოტოს პროტოკოლი და პარიზის შეთანხმება. გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენცია ასევე მხარს უჭერს მრავალ ორგანიზაციასა და დაინტერესებულ პირს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს) სხვადასხვა გრანტითა და კამპანიით, მაგალითად: „მარაკეშული პარტნიორობა“, „რბოლა ნულისკენ“, „მოდის ქარტია კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ“, „სპორტი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ“ და „კლიმატური ნეიტრალიტეტი დღეს“.
1972 წელს შეიქმნა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (United Nations Environment Programme (UNEP). ეს გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებითაა დაკავებული. მაგალითად: დღის წესრიგში მდგომი მწვავე ეკოლოგიური საკითხების გადაჭრის გზების ძიება, მდგრადი განვითარების ეკოლოგიური ასპექტის თანმიმდევრული რეალიზაცია. ეს ორგანიზაცია დაკავებულია ყველა საკითხით, სტიქიური უბედურებებით დაწყებული, „მწვანე“ ეკონომიკითა და ბიოუსაფრთხოებით დამთავრებული.
გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია (The United Nations Convention on Biological Diversity (UNCBD) სამართლებრივი საფუძველია, რომელიც ბიომრავალფეროვნების დასაცავად შეიქმნა. ის 1993 წელს შევიდა ძალაში და მას 196 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. კონვენციის სამი ძირითადი მიზანია — ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, მისი მდგრადი გამოყენება, გენეტიკური რესურსების სამართლიანი გადანაწილება.
გაეროს გაუდაბურებასთან ბრძოლის შესახებ კონვენცია (The United Nations Convention to Combat Desertification (UNCCD) შეიქმნა გაუდაბურებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შერბილებისთვის. ის 1994 წელს შეიმუშავეს, ხოლო ძალაში შევიდა 1996 წლის დეკემბერში. მას 197-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, რის შედეგადაც კონვენცია ფაქტობრივად უნივერსალურია. UNCCD დედამიწის გლობალური დამცველია, მასში განიხილება, თუ როგორ იცვლება ნიადაგი კლიმატური ცვლილებების გავლენით, ყურადღებას აქცევს კვებით უსაფრთხოებას, სოფლის მეურნეობასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
UNFCCC გაეროს სხვა სტრუქტურებთანაც თანამშრომლობს, რათა კლიმატური ცვლილებების შედეგებთან ბრძოლა უფრო ეფექტიანი გახდეს.
ასეთი კოორდინირების მაგალითია UNFCCC-ის, UNEP-ის და CBD-ის გასული წლის თანამშრომლობა, როდესაც ორგანიზაციები ერთობლივად მუშაობდნენ სამმაგი გლობალური კრიზისის დაძლევაზე. მათი მიზანი იყო გაეროს კოორდინატორებისა და ქვეყნების წარმომადგენლებისთვის კრიზისთან ბრძოლის ინსტრუმენტების შეთავაზება. მსგავსი თანამშრომლობა აუცილებელია, რათა სახელმწიფოებმა შეასრულონ კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებები.
გაეროს კიდევ ერთი საკვანძო ანგარიშია Frontier Report. მასში ისეთი ეკოლოგიური პრობლემები შედის, რომლებიც აქამდე დღის წესრიგში არ იდგა. მართალია, ამ ანგარიშის ავტორია UNEP, თუმცა მის შედგენაში ასევე მონაწილეობდნენ UNFCCC და CBD.
მე რისი გაკეთება შემიძლია?
ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ინდივიდუალურად: ნაკლები რაღაცები მოვიხმაროთ, მეტი ვიაროთ ფეხით ან ველოსიპედით, გადავამუშაოთ ნაგავი, დავხარჯოთ ნაკლები წყალი და შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანია, დავუკავშირდეთ ჩვენ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელებს. გამოკითხეთ მათ, რას აკეთებენ სამმაგი გლობალური კრიზისთან საბრძოლველად. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით გაეროს ვებგვერდს Act Now. https://www.un.org/en/actnow
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ნინო ალენიკოვი
წყარო: United Nations Climate Change
26 ნოემბერი 2023 წელი