რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
ჯეინ ბერსტონი, „სუფთა ჰაერის ფონდის“ დირექტორი, საუბრობს მათი ახალ გზის, რუკაზე ტროპოსფერული ოზონის შესახებ, რომელიც ლონდონის კლიმატის მოქმედების კვირეულის ფარგლებში გამოქვეყნდა.
ჩვენ ყველას გვსმენია ოზონის ფენის შესახებ. 1980-იან წლებში მსოფლიომ გააცნობიერა, რომ ატმოსფეროს იმ ნაწილში, რომელიც მცენარეებს, ცხოველებსა და ადამიანებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, ოზონის ფენა თანდათან ირღვეოდა. ქვეყნები გაერთიანდნენ, რათა ამ გამოწვევისთვის ეპასუხათ. 1987 წლის მონრეალის პროტოკოლით აიკრძალა ოზონის დამშლელი ქიმიკატები (მათ შორის აეროზოლები) და ამჟამად ოზონის ფენა ნელ-ნელა აღდგენას განაგრძობს.
თუმცა, ოთხი ათწლეულის შემდეგ, ჩვენ წინაშე კიდევ ერთი, ბევრად ნაკლებად ცნობილი ოზონის პრობლემა დგას და ის თანდათან უარესდება. როცა ოზონი დედამიწის ქვედა ატმოსფეროში – ტროპოსფეროში გვხვდება, ის ადამიანისა და გარემოს ჯანმრთელობისთვის საზიანოა, განსხვავებით სტრატოსფერული „კარგი“ ოზონისგან.
ტროპოსფერული ოზონი სათბურის აირია, ჰაერის დამაბინძურებელი და სუპერდამაბინძურებელი, მაგრამ ის პირდაპირ არ გამოიყოფა, როგორც ნახშირორჟანგი ან მეთანი. ის იქმნება მაშინ, როდესაც მზის სინათლე რეაქციაში შედის ტრანსპორტის, ნარჩენებისა და სოფლის მეურნეობის შედეგად წარმოქმნილ დამაბინძურებლებთან — მათ შორის მეთანთან, აზოტის ოქსიდებთან, ნახშირწყალბადთან და არამეთანურ არასტაბილურ ორგანულ ნაერთებთან. ოზონის წარმოქმნაზე ასევე გავლენას ახდენს სიცხე, ტენიანობა და გეოგრაფია. ეს ე.წ. წინამორბედი გამონაბოლქვები ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა სექტორებსა და ქვეყნებს შორის და მიუხედავად იმისა, რომ ოზონის დაძლევა რთულია, მისი გავლენა საკმაოდ სერიოზულია.
ტროპოსფერული ოზონი სამმაგ საფრთხეს წარმოადგენს:
- კლიმატისთვის საფრთხე: მას მიეკუთვნება გლობალური დათბობის დაახლოებით 0.23°C;
- ჯანმრთელობისთვის საფრთხე: აზიანებს ფილტვებს, ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და ყოველწლიურად დაახლოებით 500,000 ნაადრევ სიკვდილს იწვევს;
- კვების უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საფრთხე: აზიანებს მოსავალს და ეკოსისტემებს, რაც ძირითადი კულტურების (როგორიცაა ხორბალი და სოიო) გლობალურ მოსავალს 26%-მდე ამცირებს. ამ ზიანის ეკონომიკური ღირებულება ყოველწლიურად ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტია.
მიუხედავად ამ გავლენებისა, ტროპოსფერული ოზონი გლობალურ კლიმატურ და განვითარების დღის წესრიგში კვლავ უგულებელყოფილია. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია მისი სირთულით — ტროპოსფერული ოზონის ქიმიური წარმოქმნა არასწორხაზოვანია და შესაძლოა ერთ-ერთი წინამორბედის შემცირებამ პირიქით, ოზონის დონე გაზარდოს. მაგრამ მთავარი მიზეზია ის, რომ კლიმატურ სტრატეგიებში ტროპოსფერული ოზონი პირდაპირ იშვიათად განიხილება. მეთანი უფრო და უფრო ხშირად ხვდება ეროვნული კლიმატური გეგმების სამიზნეებში, მაგრამ თავად ტროპოსფერული ოზონის შემცირება მხოლოდ როგორც არაპირდაპირი შედეგი ჩნდება. პასუხისმგებლობა კი ხშირად ქალაქების ჰაერის ხარისხის სტრატეგიების შემქმნელებს აკისრია.
ამ ფრაგმენტულ მიდგომას შედეგი არ მოაქვს. მაღალი ტემპერატურა ზრდის ოზონის დონეს, ასე რომ, გლობალური დათბობის პარალელურად, პროგნოზირებულია ტროპოსფერული ოზონის დონის ზრდა ყველა სცენარით, თუ არ მივიღებთ მყისიერ ზომებს. თუ არ დავიწყებთ მოქმედებას ახლა, ეს სუპერდამაბინძურებელი ჩუმად დაანგრევს კლიმატის დაცვის, საკვების უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ძალისხმევას.
გვაქვს ყველა ინსტრუმენტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად
„სუფთა ჰაერის ფონდმა“ გამოქვეყნა ახალი რუკა, რომელიც ტროპოსფერული ოზონის დაძლევის სამი ძირითადი პრინციპით ხელმძღვანელობს:
მრავალდამაბინძურებელი მიდგომა – ერთ კონკრეტულ დამაბინძურებელზე კონცენტრირების ნაცვლად, საჭიროა კოორდინირებული სტრატეგიები, რომლებიც რეალურ გარემოში გამონაბოლქვების ურთიერთქმედებას ითვალისწინებს. მაგალითად, მეთანის შემცირებამ — რომელიც გლობალურ დათბობაზე დიდ გავლენას ახდენს — შესაძლოა ოზონის დონე შეამციროს, მაგრამ გარკვეულ პირობებში პირიქით, გაზარდოს. მრავალდამაბინძურებელი მიდგომა უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხზე, სუპერდამაბინძურებლებზე და სათბურ აირებზე მოქმედებების ურთიერთგამაძლიერებელ ეფექტს.
მრავალდონიანი მმართველობა – ადგილობრივი ჰაერის ხარისხის გეგმებიდან გლობალურ კლიმატურ შეთანხმებებამდე, ოზონის საწინააღმდეგო ქმედებები ყველა პოლიტიკურ დონეზე ინტეგრირებული უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი მონიტორინგი უნდა შეესაბამებოდეს გამონაბოლქვის ეროვნულ მიზნებსა და გლობალურ სტრატეგიებს.
სექტორებს შორის კოორდინაცია – ოზონის წინამორბედები წარმოიქმნება მრავალ სფეროში: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ნარჩენები, ინდუსტრია. ოზონის დაძლევა მოითხოვს ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სექტორებში და არსებული პოლიტიკის ერთმანეთთან შეჯერებას.
მომდევნო ხუთ წელიწადში საჭიროა გამონაბოლქვების შემცირება ნახევრამდე, რათა გლობალური დათბობა 1.5°C-ზე დაბლა შევინარჩუნოთ. ეს ნიშნავს სწრაფ მოქმედებას არა მხოლოდ CO2-ზე, არამედ მოკლეხნიანი კლიმატური დამაბინძურებლების, მათ შორის ტროპოსფერული ოზონისა და შავი ნახშირბადის მიმართ. ტროპოსფერული ოზონისა და მეთანის შემცირებით 2050 წლამდე შეიძლება თავიდან ავიცილოთ 0.30°C დათბობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია მცირე დროის პერიოდში.
რაც ახლა გვჭირდება, ეს არ არის ახალი კამპანია ან ინსტიტუტის შექმნა, არამედ უკეთესი ინტეგრაცია და კოორდინაცია. ტროპოსფერული ოზონის საწინააღმდეგო ქმედებები უნდა გახდეს კლიმატური გეგმების, ჰაერის ხარისხის სტრატეგიების, სოფლის მეურნეობისა და ეკოსისტემის მდგრადობის ინიციატივების ნაწილი. აუცილებელია ამ პრობლემის გამჭვირვალე წარმოჩენა, როგორც სერიოზული განვითარების რისკისა და არა როგორც ტექნიკური შენიშვნა.
ქვეყნებმა, რომლებიც წელს განაახლებენ თავიანთ ეროვნულ კლიმატურ სამოქმედო გეგმებს – ე.წ. ეროვნული განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტებს – უნდა წარადგინონ ტროპოსფერული ოზონისა და სხვა სუპერდამაბინძურებლების შემცირებისთვის განსაზღვრული მიზნები. კლიმატისა და სუფთა ჰაერის კოალიცია გვთავაზობს დეტალურ მითითებებს ამ პროცესისთვის.
როდესაც ბევრ რეგიონში ტროპოსფერული ოზონის დონე კვლავ იზრდება — მაშინაც კი, როცა ტრადიციული ჰაერის დამაბინძურებლები იკლებს — „მეორე ოზონის“ პრობლემა იგნორირებას ვეღარ დაექვემდებარება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეგვიძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა მიზანმიმართული და შეთანხმებული თანამშრომლობით, რათა თავიდან ავიცილოთ უარყოფითი შედეგები და მივიღოთ სარგებელი ადამიანებისა და პლანეტისათვის.
სტატიაზე მუშაობდნენ: ირაკლი სარჯველაძე, რუსა ციცქიშვილი და თამთა კიკვაძე
წყარო : How to tackle tropospheric ozone: A new plan for an overlooked pollutant