ყვავილობის სხვადასხვა დრომ მცენარეები გადაშენებისგან გადაარჩინა
- უნიკალური კვლევა ჩატარდა ჩინეთისა და ტიბეტის მაღალმთიან რეგიონში, რომელიც სავსეა მოყვავილე როდოდენდრონებით.
- მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამდენი მონათესავე სახეობის მცენარის თანაარსებობა შესაძლებელი გახდა მათი სხვადასხვა დროს ყვავილობის წყალობით.
- სამწუხაროდ, კლიმატის კრიზისი ცვლის ამინდს, რის გამოც ამ უნიკალურ ადგილს, რომელიც „ყვავილების ოკეანეს“ ჰგავს, საფრთხე ემუქრება.
ევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილი არის კონკურენცია – მწირი რესურსების პირობებში, მცენარეებსა და ცხოველებს საკვებისთვის, მეწყვილეებისა და საარსებო არეალისთვის ბრძოლა უწევთ. ჩინეთში, ჰენგდუანის მთებში არსებული, ყვავილებით დაფარული მდელოები ევოლუციური თავსატეხია – იქ ათასობით მონათესავე როდოდენდრონი ჰარმონიულად თანაარსებობს. მიზეზების დასადგენად მეცნიერებმა მთელი ზაფხული იქ გაატარეს და 34 სახეობის როდოდოენდრონის ყავილობის გრაფიკი შეადგინეს, რის შედეგადაც დაადგინეს მათი ჰარმონიული თანაცხოვრების საიდუმლო: მცენარეები სეზონის სხვადასხვა პერიოდებში ყვავის და ამიტომაც დამტვერვაში კონკურენტებთან ბრძოლა არ უწევს.
„ეკოლოგიაში არსებობს ე.წ. „ნიშის“ იდეა, რომლის თანახმადაც სახეობის ცხოვრების წესი, ისევე, როგორც მისი კვება და გარემოში არსებობა, არ შეიძლება განმეორდეს ერთსა და იმავე არეალსა და საზოგადოებაში. თუ ორი სახეობა, მსგავსი ცხოვრების წესით, ერთსა და იმავე არეალში ბინადრობს, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, რის შედეგადაც ერთ-ერთი ან ორთავე გაქრება ან თანაარსებობას მოახერხებენ ისე, რომ არ გადაიკვეთონ“, – ამბობს რიკ რი, ჩიკაგოს საველე მუზეუმის კურატორი და „Journal of Ecology“-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მთავარი ავტორი. „რაკი ამ მთებში ამდენი მონათესავე როდოდენდრონი ხარობს, გვინდოდა გაგვერკვია, თუ როგორ მოახერხეს თანაარსებობა“.
როდოდენდრონი მოყვავილე ბუჩქნარია; დიდი ალბათობით, მათი ზოგიერთი სახეობა ნანახი გექნებათ (მაგ. აზალიები), რადგან ისინი აგრომარკეტებში იყიდება. ჰენგდუანის მთებს, რომლებიც ცინგჰან-ტიბეტის პლატოს ესაზღვრება, ბიოლოგები ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს უწოდებენ: ეს ეკოლოგიურად ფაქიზი ადგილია, სადაც უჩვეულოდ მრავალრიცხოვანი სხვადასხვა სახეობის მცენარეა. „როდოდენდრონები მთების მთელ ფერდობებს ფარავს და ეს ყველაფერი ყვავილების ოკეანეს ჰგავს“, – ამბობს ქინ ლი, საველე მუზეუმის პოსტდოქტორანტი მკვლევარი და ნაშრომის წამყვანი ავტორი.
„როდოდენდრონების ასეთი მრავალფეროვნება ამ ადგილას ნაწილობრივ სახეობების სეპარაციით აიხსნება, როდესაც საერთო წინაპრის მქონე სახეობები განსხვავებულად ვითარდებიან“, – ამბობს რი. „მოსალოდნელია, რომ ასეთ სახეობებს შორის მეტი მსგავსება იქნება, ვიდრე ისეთ ყვავილებს შორის, რომლებიც ბევრად განსხვავებული წინაპრებისგან წარმოიშვა“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰენგდუანის მთებში არსებული მონათესავე როდოდენდრონები კიდევ უფრო სასტიკი კუნკურენტები უნდა ყოფილიყვნენ.
კონურენციის პირობებში მცენარეებს ადაპტაციის მრავალი გზა აქვს, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მათი თანარსებობა. „ისინი შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ნიადაგის, სინათლისა და ტენიანობის მიხედვით, რომლებიც საკვანძო ფაქტორებია მცენარის არსებობისთვის. ასევე, მას ევოლუციური განვითარებაც შეუძლია, რათა თავი აარიდოს ჯვარედინ დამტვერვას ან დამმტვერავ მწერებთან კონკურენციას. ეს შეიძლება ყვავილის ფორმებში, ზომებსა და შეფერილობაში გამოვლინდეს, თუმცა ასევე ყვავილობის პერიოდებშიც, როდესაც ყვავილი დამტვერვისთვის მზადაა“, – ამბობს რი. „ყვავილობის განსხვავებული პერიოდების წყალობით ის ამცირებს საკუთარი ყვავილების მტვერის და რესურსების დახარჯვის შანსს, რომელიც რეპროდუქციაში მიდის“.
ყველა ეს ევოლუციური სტრატეგია გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ არ გაქრა იქაური როდოდენდრონი. იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რომელ ევოლუციურ მექანიზმთან გვქონდა საქმე, ლი ჩინეთში მდებარე გონგას მთის ორთვიან ექსპედიციას ჩაუდგა სათავეში. ეს ადგილი კვლევის რეგიონად აირჩიეს მას შემდეგ, რაც როდოდენდრონების ოთხთვიანი კვლევითი ექსპედიცია ჰქონდათ უფრო ვრცელ ჰენგდუანის მთებში.
„ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში საველე კვლევებში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა, თუმცა სიჩუანის პროვინციაში ჩემს მშობლიურ ქალაქთან საკმაოდ ახლოს ვიყავით“, – ამბობს ლი. „ჩემს ასისტენთან და თანაავტორთან, ჯი ვანგთან ერთად, სიჩუანის უნივერსიტეტიდან, ორ თვეზე მეტი გავატარე 100-ზე მეტ ადგილას და, მთელი სეზონის განმავლობაში, 4-ჯერ ვესტუმრეთ ამ ადგილებს“. რამდენიმე თვის განმავლობაში მეცნიერები აგროვებდნენ მცენარეების ისეთ ეკოლოგიურ მახასიათებლებს, როგორებიცაა ფოთლებისა და ყვავილების ზომა და ფორმა, ისევე როგორც მცენარეების ყვავილობის თარიღები. ამის საფუძველზე ლიმ და მისმა კოლეგებმა, ტენდენციების დასადგენად, მოპოვებული მასალა სტატისტიკური ფორმულების გამოყენებით გააანალიზეს. მათ დაადგინეს, რომ მცენარეების თანაარსებობის საკვანძო ფაქტორი მათი სხვადასხვა დროს ყვავილობაა.
„როდესაც აქ მოვდიოდით, ვეჭვობდით, რომ ყვავილობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ ამაში ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით“, – ამბობს რი. „ჰიმალაის რეგიონში ხანგრძლივი ყვავილობის სეზონია – ზოგი მცენარე თოვლიან მდელოზე ყვავის, ზოგი კი ზაფხულის დასასრულს. ჩვენი მონაცემთა ანალიზი ადასტურებს პირვანდელ ვარაუდს“.
ეს კვლევა შუქს ჰფენს მრავალთაგან კიდევ ერთ გზას, რომლის მეშვეობითაც მცენარეებს ერთმანეთის განადგურების გარეშე დივერსიფიკაცია შეუძლიათ. თუმცა იმის დადასტურება, რომ გონგას მთის როდოდენდრონების მრავალფეროვნებაში ყვავილობის დრო საკვანძო როლს თამაშობს, აგრეთვე ცხადყოფს, თუ რაოდენ საშიშია კლიმატის კრიზისი ამ რეგიონისთვის.
„არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ კლიმატის ცვლილების ტემპი აფერხებს მცენარეების ყვავილობის პერიოდებს, რაც პოპულაციების შემცირებას და სრულ გადაშენებას იწვევს“, – ამბობს რი. „საკითხავია, როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ბოტანიკურ საზოგადოებებს მსოფლიოს მასშტაბით? ამინდი გავლენას ახდენს ყვავილობაზე და რადგანაც კლიმატის ცვლილება ამინდზე მოქმედებს, სავარაუდოდ, ეს შეცვლის ამ კონკურენტულ ლანდშაფტს“. როდესაც გარემო იცვლება, სახეობებს სამი არჩევანი აქვთ: გადაადგილება, ადაპტაცია ან გადაშენება. კლიმატის ცვლილება ამ დინამიკას აჩქარებს“.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ლედი ბოჟაძე
წყარო : www.fieldmuseum.org
6 დეკემბერი 2022 წელი.