კანადას ტყის ხანძრების სეზონი ემუქრება
-
კანადის მთელ ტერიტორიაზე ტყის ხანძრები მძვინვარებს. ათასობით ჰექტარი მიწაა დამწვარი და უამრავი ადამიანი – ევაკუირებული
-
სპეციალისტების ცნობით, ამგვარი ანომალიური ტყის ხანძრები წელიწადის ამ დროისათვის კანადაში არასოდეს დაფიქსირებულა
-
კანადის მთავრობა ხანძრებთან საბრძოლველად არმიისა და მეხანძრეების მობილიზებას აპირებს და დასახმარებლად დამატებითი ძალები საფრანგეთიდან ჩამოჰყავს
კანადის მთავრობის პროგნოზით, ქვეყანას ამ ზაფხულში რეკორდულად ბევრი ტყის ხანძარი ემუქრება. სიცხეების გამო ხანძრების საშიშროება აგვისტოს ბოლომდე შენარჩუნდება.
ამასობაში, ცეცხლი კანადის ტყეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოედო. „ტყის ხანძრები უჩვეულო სისწრაფით ერთი სანაპიროდან მეორემდე გავრცელდა. როგორც წესი, წელიწადის ამ დროს ხანძრები ქვეყნის მხოლოდ ერთ ნაწილში, დასავლეთ რეგიონში, ვრცელდება“, – აცხადებს მაიკლ ნორტონი, კანადის ბუნებრივი რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომელი, Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში.
„წინა წლებთან შედარებით დიდი ფართობის მქონე მიწაა გადამწვარი და, თუ ასე გაგრძელდა, წელს ახალ „ანტი-რეკორდს“ დავამყარებთ“.
კვებეკში უამრავი ტყე იწვის. ხანძრები მეხის დაცემამ გამოიწვია. ამ ეტაპზე 27,1139 ჰექტარი ტყეა დამწყვარი. ტელევიზია NBC-ის ცნობით, ტყის ხანძრებმა გამოიწვია ჰაერის ხარისხის გაუარესება აშშ-ის აღმოსავლეთ და შუა აღმოსავლეთ რეგიონებშიც კი.
ტყის ხანძრის დროს ჰაერში გამოყოფილი აირები და ნაწილაკები ხველასა და თავის ტკივილს იწვევს, თუმცა ძლიერი ხანძრების დროს დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება კიდევ უფრო სახიფათოა, ნაწილაკები ფილტვებსა და სისხლში ხვდება, რაც სუნთქვის პრობლემებს, ასთმას, ინსულტსა და გულის შეტევებს იწვევს.
ამჟამად კანადაში ტყის ხანძრების სეზონისთვის დამატებითი რესურსების მობილიზების პროცესი მიმდინარეობს. ტელევიზია CBC-ის ცნობით, კვებეკში ხანძრის 150 კერასთან საბრძოლველად ქვეყანას საფრანგეთიც დაეხმარება და თავის მეხანძრეებს გააგზავნის. კანადის აღნიშნული რეგიონიდან 14,000-მდე ადამიანია ევაკუირებული.
„ტყის ხანძრების ყველაზე მძიმე სეზონის წინაშე ვდგავართ და ეს ზაფხული მარტივი არ იქნება. კანადის მთავრობა კვებეკის დასახმარებლად გაგზავნის სამხედროებს, მეხანძრეებსა და ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვაშიც იქნება ჩართული“, – აცხადებს სტივენ ჟილბო, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, ამ დროისათვის მთელი კანადის მასშტაბით 400-მდე ტყის ხანძარი მძვინვარებს, აქედან 250-მდე კონტროლს აღარ ექვემდებარება. 26,000-მდე ადამიანი ევაკუირებულია სხვადასხვა კერის მიმდებარე ტერიტორიიდან.
„მრავალი ადამიანისთვის ეს საშინელი დროა. ხალხი კარგავს თავის კერძო საკუთრებას და ეს არ არის მხოლოდ ფინანსური დანაკარგი, რადგან ის ადგილი, სადაც ჩვენი მოქალაქეები ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ და შვილებს ზრდიდნენ, მათ თვალწინ ნადგურდება“, – განაცხადა კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ, პრეს-კონფერენციაზე.
კანადის ტყის ხანძრების საინფორმაციო ცენტრი ყველაზე სახიფათო მდგომარეობას ამა წლის ივლისში ელოდება. ქვეყნის ოფიციალური პირები განაგრძობენ სიტუაციაზე დაკვირვებას თანამგზავრ WildFireSat-ის საშუალებით.
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ნინი თოიძე
წყარო: Ecowatch.com
10 დეკემბერი 2023 წელი