ილონ მასკი: მარსზე ხომალდის STARSHIP ეკიპაჟიანი ფრენა 2026 წელს შედგება
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, მარსზე კოსმოსური ხომალდის Starship ეკიპაჟიანი ფრენა 2026 წელს შედგება. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ეს განცხადება გერმანული მედიისთვის Axel Springer SE მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.
SpaceX წითელ პლანეტაზე თავდაპირველად Starship-ის უეკიპაჟოდ გაშვებას გეგმავს, რაც მასკის ვარაუდით, ორ წელიწადშია მოსალოდნელი. იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწასა და მარსს შორის მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პერიოდი ყოველ 26 თვეში ერთხელ დგება, კოსმოსური ხომალდის ფრენისთვის შემდეგი ფანჯარა 2024 წელს გაიხსნება. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, გამართლების შემთხვევაში, აპარატი ციური სხეულისკენ ასტრონავტებს სწორედ ოთხი წლის შემდეგ წაიყვანს, თუმცა დიდი ალბათობით, ეს ექვს წელიწადში მოხდება. მანამდე კი საფრენ აპარატს 2023 წელს მთვარეზე დაგეგმილი ტურისტული მისიის ფარგლებში გამოიყენებენ.
Starship ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი.
სამომავლოდ კომპანია მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. მოცემული დროისთვის ილონ მასკის მთავარი ამოცანა Starship-ის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ხომალდის ორი პროტოტიპი SN5 და SN6 ტესტირების დროს 150 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და ხმელეთზე უსაფრთხოდ დაეშვა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს Starship-ის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.