ჰაერის დაბინძურება თბილისის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვა სიმწვავით ზემოქმედებს
- თბილისის გეოგრაფიული მახასიათებლების გამო დაბინძურების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში;
- ჰაერის დაბინძურება ზრდის რესპირატორული და მენტალური დაავადებების რისკს თბილისის მოსახლეობისთვის. PM2.5 მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის 1მკგ/მ3-ით ზრდა იწვევს რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 2.2%-ით, ხოლო მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დაავადებების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 4.4%-ით ზრდას;
-
სოციოეკონომიკური ზეგავლენის გათვალისწინება, გამონაბოლქვის გამოყოფის შემცირების სტრატეგიის შემუშავება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება არის ის ძირითადი ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია თბილისში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საერთაშორისო სტანდარტებს მკვეთრად აღემატება. დაბინძურების მაღალი დონით საქართველოს დედაქალაქი მოწინავეა რეგიონში. მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა ცხადყოფს, თუ როგორ მოქმედებს ჰაერის დაბინძურება თბილისის მოსახლეების ჯანმრთელობაზე, შრომით პროდუქტიულობასა და ეკონომიკურ აქტივობაზე. კვლევა ადასტურებს, რომ ჰაერის დაბინძურება სხვადასხვა სოციალურ ფენაზე სხვადასხვა სიმძიმით მოქმედებს, დაბალშემოსავლიანი და განათლების შედარებით დაბალი დონის მქონე ადამიანებს ჰაერის დაბინძურებასთან ადაპტაცია უფრო მეტად უჭირთ. კვლევის ძირითადი მიგნებები ხაზს უსვამს, თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ სოციოეკონომიკური გარემოებები ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის პოლიტიკის შემუშავებისას. მსოფლიო ბანკი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ დაბინძურებული გარემოს ზეგავლენის შესახებ ინფორმირებულობა, ჰაერის დაბინძურების საზომ ხელსაწყოებზე ხელმისაწვდომობა და თავდაცვითი ზომების მიღება საუკეთესო სტრატეგიაა მოკლევადიანი პერიოდისთვის თბილისში მცხოვრები ათასობით ადამიანის გადასარჩენად, საშუალოვადიანი პერიოდისთვის კი პრიორიტეტებს შორისაა სატრანსპორტო სექტორის გამონაბოლქვის შემცირება და სამშენებლო სექტორის რეგულირება.
მონაცემთა შეგროვება ინოვაციური მეთოდების გამოყენებით
მსოფლიო ბანკმა აღრიცხა და შეაგროვა მონაცემები თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ დედაქალაქში სტრატეგიულ პუნქტებში განთავსებული საზომი აპარატების მეშვეობით. დამატებით წყაროდ გამოყენებული იყო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამთავრობო სისტემა და სატელიტური მონაცემები. ამავდროულად, მსოფლიო ბანკმა შეაგროვა ინფორმაცია თბილისში ჰაერის შიდა დაბინძურების შესახებ შემთხვევითი პრინციპით განაწილებული 145 საზომი აპარატის მეშვეობით.
მონაცემების ანალიზისთვის კვლევაში გამოყენებულია ინოვაციური მეთოდიკა, რათა მკაფიოდ გამოიყოს ჰაერის დაბინძურების ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და უძრავი ქონების ფასებზე. ამავდროულად, მკვლევრებმა გამოსცადეს 3 განსხვავებული მეთოდი, თუ როგორ უნდა მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ: საინფორმაციო ფლაერების გავრცელება, ტექსტური შეტყობინება დაბინძურებული ჰაერის შესახებ და ჰაერის შიდა დაბინძურების საზომი მონიტორის განთავსება.
ძირითადი მიგნებები:
-
თბილისის გეოგრაფიული მახასიათებლების გამო დაბინძურების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში. დაბინძურების მაღალ მაჩვენებლებზე გავლენას ახდენს კლიმატური პირობები, საავტომობილო საცობი და საწარმოო გამონაბოლქვი;
-
ჰაერის დაბინძურება ზრდის რესპირატორული და მენტალური დაავადებების რისკს თბილისის მოსახლეობისთვის. PM2.5 მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის 1მკგ/მ3-ით ზრდა იწვევს რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 2.2%-ით, ხოლო მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დაავადებების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 4.4%-ით ზრდას;
-
უძრავი ქონების ფასებზე ჰაერის დაბინძურებას უარყოფითი ზეგავლენა აქვს. PM2.5 მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის 1მკგ/მ3-ით ზრდა უძრავი ქონების ფასის ერთპროცენტიან შემცირებას იწვევს. სუფთა ჰაერი საცხოვრებელი ადგილის შერჩევის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.
-
ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების კუთხით არსებობს სოციოეკონომიკური უთანასწორობა. დაბალშემოსავლიანი და განათლებიის დაბალი დონის მქონე ინდივიდები და ოჯახები უფრო მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ და დაბინძურებასთან ადაპტაციაც უფრო რთულდება. მაღალშემოსავლიანი და განათლების შედარებით მაღალი დონის მქონე ოჯახებზე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება უფრო სუსტია, ეს ჯგუფი უფრო მეტად ინფორმირებულია, შესაბამისად დგამს ნაბიჯებს ჰაერის დაბინძურების თავიდან ასარიდებლად.
-
შენობის იზოლაციის პირობების, მოწევისა და გაზქურის გამოყენების გამო ჰაერის შიდა დაბინძურების მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების.
პოლიტიკის შემუშავება:
-
წინა ფლანგზე უნდა იყოს წამოწეული ქალაქის ცენტრში საავტომობილო საცობებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება. საცობი მკვეთრად ზრდის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს, შესაბამისად ეს საკითხი უნდა იყოს პოლიტიკის შემუშავების პრიორიტეტებს შორის;
-
საჭიროა საწარმოო სექტორის რეგულირება და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობა. საწარმოო პუნქტებს, განსაკუთრებით ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საკმაოდ დიდი უარყოფითი ზეგავლენა აქვს ჰაერის ხარისხზე;
-
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ჰაერის დაბინძურების საფრთხეებისა და თავდაცვითი საშუალებების შესახებ. საჭიროა მიზნობრივი კამპანიების განხორციელება, მაგალითად, ჰაერის გამწმენდი დანადგარების შესახებ.
შემდგომი ნაბიჯები:
მსოფლიო ბანკის კვლევის ერთ-ერთი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. 2023 წლის ივნისის ბოლოს მკვლევრებს ექნებათ ინფორმაცია, თუ როგორ იმუშავა საზოგადოებისთვის ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სამმა სხვადასხვა მეთოდმა (საინფორმაციო ფლაერების გავრცელება, ტექსტური შეტყობინება დაბინძურებული ჰაერის შესახებ და შიდა ჰაერის დაბინძურების საზომი მონიტორის განთავსება), შედეგად მათ შეეძლებათ დანახარჯი-სარგებლის ანალიზის ჩატარება თითოეული მეთოდისთვის.
სოციოეკონომიკური ზეგავლენის გათვალისწინება, გამონაბოლქვის გამოყოფის შემცირების სტრატეგიის შემუშავება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება არის ის ძირითადი ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია თბილისში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
*ეს პუბლიკაცია ან ვიდეო შექმნილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი და ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
სტატიაზე მუშაობდა: ნინი თოიძე
წყარო: Blogs.worldbank.org
21 იანვარი 2024 წელი