ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
- მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მტვრის წვრილი ნაწილაკების (PM2.5) ხანგრძლივი ზემოქმედება არღვევს ორგანიზმის მეტაბოლიზმს.
- აღმოაჩინეს, რომ დაბინძურება თაგვების დნმ–ში იწვევდა ქიმიურ ცვლილებებს — არა მუტაციებს, არამედ ე.წ. ეპიგენეტიკურ ცვლილებებს.
ახალი საერთაშორისო კვლევის მიხედვით, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ციურიხის უნივერსიტეტისა (UZH) და ქეის ვესტერნ რეზერვის უნივერსიტეტის მეცნიერები, ჰაერის დაბინძურება ადამიანებში შეიძლება ზრდიდეს სიმსუქნისა და დიაბეტის განვითარების რისკს.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მტვრის წვრილი ნაწილაკების (PM2.5) ხანგრძლივი ზემოქმედება არღვევს ორგანიზმის მეტაბოლიზმს.
კვლევის დროს თაგვები სუნთქავდნენ ან სუფთა ჰაერს, ან გაფილტრულ ჰაერს, ან ისეთ ჰაერს, რომელიც შეიცავდა კონცენტრირებულ PM2.5 ნაწილაკებს — დღეში ექვსი საათის განმავლობაში, კვირაში ხუთი დღე, თითქმის ექვსი თვის განმავლობაში. ეს ექსპოზიცია შეესაბამებოდა დიდი ქალაქების დაბინძურების დონეს.
კვლევის დასრულებისას, დაბინძურებულ ჰაერზე მყოფ თაგვებში აშკარად გამოვლინდა მეტაბოლური პრობლემები: მათი ორგანიზმი ვერ აკონტროლებდა სისხლში შაქრის დონეს და იწყებდა ცხიმის დაგროვებას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავისფერი ცხიმი — რომელიც ჩვეულებრივ კალორიებს წვავს და სხეულის ტემპერატურას არეგულირებს — სათანადოდ აღარ ფუნქციონირებდა.
კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, პროფესორმა ფრანჩესკო პანენიმ, აღნიშნა:
„აღმოვაჩინეთ, რომ ყავისფერი ცხიმოვანი ქსოვილის იმ გენის ექსპრესია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სითბოს გამომუშავებაზე, ლიპიდების დამუშავებასა და ოქსიდაციური სტრესის კონტროლზე, იყო დარღვეული. ამ ცვლილებებს თან ახლდა ცხიმის დაგროვების გაზრდა და ქსოვილში დაზიანებისა და ფიბროზის ნიშნები.“
მკვლევრებმა კიდევ უფრო ღრმად შეისწავლეს მექანიზმი და აღმოაჩინეს, რომ დაბინძურება თაგვების დნმ-ში იწვევდა ქიმიურ ცვლილებებს — არა მუტაციებს, არამედ ე.წ. ეპიგენეტიკურ ცვლილებებს.
ორი ფერმენტი — HDAC9 და KDM2B — ამ პროცესში ცენტრალურ როლს ასრულებდნენ, რადგან ისინი ცვლიდნენ დნმ-ის სტრუქტურას და აჩერებდნენ მნიშვნელოვან მეტაბოლურ გენებს. როცა ეს ფერმენტები დაბლოკეს, ყავისფერმა ცხიმმა კვლავ ნორმალურად დაიწყო მუშაობა.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ჰაერის დაბინძურებაზე ხანგრძლივი ზემოქმედება შეიძლება პირდაპირ უწყობდეს ხელს ინსულინის რეზისტენტობისა და მეტაბოლური დარღვევების, მათ შორის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას.
პანენიმ დაამატა: „ჩვენი აღმოჩენები ხსნის, თუ როგორ უწყობენ ხელს გარემოს დამაბინძურებლები, როგორიცაა PM2.5, ინსულინის რეზისტენტობისა და მეტაბოლური დაავადებების განვითარებას.
წყარო : Air pollution tied to obesity and diabetes
სტატიაზე მუშაობდნენ : ირაკლი სარჯველაძე, რუსა ციცქიშვილი და თამთა კიკვაძე