„ესტრადა ცუდ მდგომარეობაშია“ – კალაძე საახალწლო კონცერტში 0.5 მილიონის დახარჯვაზე
“გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ?”, – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც წინასაახალწლო კონცერტის ჩასატარებლად 0.5 მლნ ლარის დახარჯვას შეეხებოდა.
საქმე იმაშია, რომ 31 დეკემბერს, თემატურად დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი, მაყურებლის გარეშე პირდაპირი ეთერის საშუალებით გაიმართება, რომლის ღირებულება 491 ათასი ლარი იქნება და მას მერია ქვეყანაში არსებული “ლოქდაუნის” მიუხედავად გამართავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, მერია ამ მომსახურების შესყიდვას გამარტივებული გზით გეგმავს. შესყიდვის განაცხადში მითითებულია, რომ კონცერტმა მოქალაქეებს საახალწლო განწყობა უნდა შეუქმნას.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც პანდემიის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა, არის კულტურის სფერო. მე ამ ადამიანებს არ დავტოვებ პრობლემების პირისპირ. მათ მაქსიმალურად ექნებათ ჩვენგან ხელშეწყობა, მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა; როდესაც სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ამ რთულ ვითარებაში ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით.
მომღერლები, ესტრადის წარმომადგენლები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, რომ მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა. კიდევ უფრო მეტი დაიხარჯება. ეს არ არის ერთი კონცერტი. იქნება ასევე კონცერტები შობას და ძველით ახალ წელს. ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათი ანაზღაურება, რათა ამ რთულ ვითარებაში რაღაცნაირად იყოს ჩვენი მხრიდან თანადგომა და ხელშეწყობა”, – განაცხადა კალაძემ და იქვე დასძინა, რომ 2021 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 350 მილიონი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. “ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც გაუჭირდა ამ რთულ ვითარებაში“, – დასძინა თბილისის მერმა.
წყარო : BM.GE