ეს ცხრა ქვეყანა მალე დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვას აპირებს
თუკი თქვენ დიზელზე მომუშავე მანქანის ამაყი მფლობელი ხართ, ცოტათი შეშფოთებული უნდა იყოთ მსოფლიოში მოსალოდნელი აკრძალვების შესახებ. როგორც ირკვევა, მათი უმეტესობა ახლადშეძენილ მანქანებს ეხება, ასე რომ პანიკა ჯერ ადრეა.
თუმცა, ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ასეთი აკრძალვები, ცოტა არ იყოს და წინდაუხედაობაა.
რომელი ქვეყნები კრძალავენ დიზელზე მომუშავე მანქანებს?
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები აპირებენ დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვას რაც შეიძლება მალე. მაგრამ ყველა ქვეყანაში ამ ღონისძიების გატარებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.
- გაერთიანებულ სამეფოს სურს, 2040 წლისთვის ქვეყანაში დიზელზე მომუშავე მანქანა აღარ დარჩეს.
გაერთიანებულ სამეფოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 2040 წლისთვის აკრძალოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების გაყიდვა. უფრო მეტიც, იგი გეგმავს, რომ 2050 წლისთვის ჰყავდეს მხოლოდ გამონაბოლქვის გარეშე მოძრავი მანქანები.
2016 წელს დარეგისტრირებული 2.7 მილიონამდე ახალი მანქანით თუ ვიმსჯელებთ, ეს გეგმა დროთა განმავლობაში დიდ გავლენას მოახდენს მანქანების შიდა გაყიდვაზე. ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ ქვეყანაშიც გაიწმინდოს ჰაერი და გლობალურ დაბინძურებაშიც შემცირდეს მისი შეტანილი „წვლილი“.
- საფრანგეთიც მიჰყვება მის კვალს.
საფრანგეთის მთავრობა არავის ჩამორჩება და აცხადებს, რომ 2040 წლამდე მიჰყვება გაერთიანებული სამეფოს გეგმას შიდა წვის ძრავით მომუშავე მანქანებზე. ეს, მათი სიტყვით, „კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად“ კეთდება.
2040 წლის შემდეგ მანქანათმშენებლებს მხოლოდ ელექტრონული მანქანების ან სხვა ალტერნატიული სუფთა სატრანსპორტო საშუალების გაყიდვის უფლება ექნებათ. დაიშვება ჰიბრიდებიც.
საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ნიკოლას ჰულომ, გადადგომამდე თქვა, რომ ეს მიზანი დაეხმარება მათ ავტომწარმოებლებს, „გახდნენ ინოვაციურები და ბაზრის ლიდერები“. დღესდღეობით ქვეყნის ავტოტრანსპორტში ელექტრონული, ჰიბრიდული და ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების წილი მცირეა, დაახლოებით 4%.
- გერმანიაც იწყებს დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვას.
გერმანიამაც დაიწყო ქმედება ახლო მომავალში დიზელზე მომუშავე მანქანების გზებიდან მოსაშორებლად. ზოგ გერმანულ ქალაქში უკვე დაიწყო მოძველებული, ჰაერის მეტად დამაბინძურებელი მანქანების აკრძალვა.
ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც 2017 წელს ანგელა მერკელმა თავის განაცხადებაში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ძრავები ახსენა.
„მე არ შემიძლია ახლა ზუსტად ვთქვა წელი, მაგრამ მიდგომა სწორია, რადგან თუკი ჩვენ სწრაფად ჩავდებთ ინვესტიციას დასატენ ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიაში ელექტრონული მანქანებისთვის, გენერალური ცვლილება სტრუქტურულად შესაძლებელი იქნება,“ – უთხრა მან ყოველკვირეულ გამოცემას, „სუპერ ილუს“.
რა თქმა უნდა, გერმანიამ, რომლის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მანქანების წარმოებაა, ყოველი ნაბიჯი კარგად უნდა გათვალოს.
- ინდოეთი წინ გაიჭრა დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვაში.
ინდოეთი გეგმავს დიზელზე მომუშავე ყველა მანქანის მოცილებას 2030 წლისთვის. ისინი, ძირითადად, ელექტრონული ალტერნატიული ტრანსპორტით ჩანაცვლდება.
მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი ქალაქებიდან ბევრი ინდოეთშია და აქ ჰაერი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ გეგმავენ კანონმდებლები, შეცვალონ მდგომარეობა.
რაც უფრო წარმატებული ხდება ინდური ოჯახი, უფრო მოსალოდნელია, რომ მისმა თითოეულმა წევრმა მოინდომოს საკუთარი მანქანა. ინდოეთის მთავრობა ახორციელებს ქმედებებს, რომ ელექტრონული მანქანები საწვავზე მომუშავეებზე წინ წამოწიოს.
- ნორვეგია კარგა ხანია წინაა.
ნორვეგიაც იმედოვნებს, რომ საწვავზე მომუშავე მანქანებს შეძლებისდაგვარად მალე გააქრობს. მისი გეგმები სხვებისაზე ცოტათი უფრო ამბიციურია, იგი აპირებს, 2025 წლისთვის ყველა ახალი მანქანა გამონაბოლქვის გარეშე იყოს.
და იგი წინ მიდის. უხეში გამოთვლით, 2016 წელს გაყიდული მანქანების 40% იყო ელექტრონული ან ჰიბრიდი.
2018 წელს კი, roadtraffic-technology.com-ის მიხედვით, „ქვეყანაში 135 000-ზე მეტი ელექტრომანქანაა დარეგისტრირებული. ამ მიმართულებით ზრდა რომ გაგრძელდეს, ქვეყნის ელექტრომანქანების ასოციაცია 2020 წლისთვის ბატარეაზე მომუშავე 400 000 მანქანის ყოლას უმიზნებს“.
- ჩინეთიც აპირებს დიზელის აკრძალვას.
ჩინეთმა 2017 წელს გამოაცხადა, რომ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანებს აკრძალავს, მაგრამ კონკრეტული თარიღი დღემდე არ გამოუცხადებია.
თუმცა, ზოგი რეგიონი ამ საკითხში წინ მიდის. ჩინეთის პროვინცია ჰაინანმა უკვე განაცხადა, რომ შიდა წვის ძრავები აღარ გაიყიდება.
„ჰაინანი, რომლის მოსახლეობა 9 მილიონზე მეტია, აპირებს, სრულად ამოიღოს შიდა წვის ძრავები 2030 წლისთვის და სწრაფად აყენებს ელექტრომანქანებისთვის დასატენ მოწყობილობებს“, – thefuturescentre.org.
- ტაივანსაც უნდა დიზელის აკრძალვა
ტაივანი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც გეგმავს გზებიდან დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მანქანების მოცილებას. იგი იმედოვნებს, რომ 2035 წლისთვის სრულიად შეჩერდება დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მოტოციკლების გაყიდვა, ხოლო 2040 წლისათვის – ოთხსაბურავიანი ტრანსპორტისა.
„2018 წელს მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ აკრძალვა შეეხება არა წიაღისეულ საწვავზე მომუშავე უკვე არსებულ მანქანებს, არამედ – ახალ მანქანებსა და მოტოციკლებს. ვარაუდობენ, რომ მოტოციკლები და სკუტერები ქვეყანაში რეგისტრირებული გადაადგილების საშუალებების ორ მესამედს წარმოადგენს, რაც 20 მილიონზე მეტია,“ – roadrtaffic-technology.com.
- ბრიუსელში (ბელგია) დიზელზე მომუშავე მანქანები აიკრძალება.
ბელგიას, როგორც ქვეყანას, ჯერ არ აუკრძალავს დიზელზე მომუშავე მანქანები, მაგრამ მისმა ზოგმა ქალაქმა ეს უკვე გააკეთა. ბრიუსელმა, მაგალითად, გამოაცხადა, რომ 2030 წლისთვის დიზელზე მომუშავე ყველა მანქანას აკრძალავს.
ბრიუსელი უკვე გამოცხადებულია მცირეგამონაბოლქვიან ზონად, სადაც კანონის დარღვევისთვის 350 ევროა ჯარიმა. გავრცელდება თუ არა ეს წესები მთელ ქვეყანაში, ამას მომავალი გვიჩვენებს.
- იაპონია თანამშრომლობს თავის მანქანათმშენებლებთან, რომ დიზელზე მომუშავე მანქანები აკრძალოს.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც დიზელზე მომუშავე ძრავების აკრძალვას გეგმავს, იაპონიაა. გასული წლის ივლისში მისმა მთავრობამ ისეთ დიდ კომპანიებთან ერთად, როგორებიცაა ტოიოტა, ჰონდა და ნისანი, გამოაცხადა, რომ იგეგმება, 2050 წლისთვის ყველა ახალი მანქანა იყოს ელექტრონული ან ჰიბრიდი.
ეს სამუშაო ჯგუფი, METI, ამავე წლისთვის გეგმავს, 2010 წელთან შედარებით, 90%-ით შეამციროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ გამოყოფილი სასათბურე აირები.
რომელ ქვეყნებში აიკრძალა წიაღისეული საწვავი?
წარმოგიდგენიათ ისეთი გამბედავი ერი, რომელიც ერთიანად აკრძალავს ყველა წიაღისეულ საწვავს? როგორც ირკვევა, ასეთი ქვეყანა არსებობს და ეს კოსტა-რიკაა.
მისმა ახალმა პრეზიდენტმა, კარლოს ალვარედომ, სწორედ ამისი პირობა დადო ინაუგურაციაზე 2018 წელს.
„თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის თებერვალში, ალვარედომ ხელი მოაწერა დეკრეტს, რომელიც 2050 წლისთვის ქვეყნის სრულ დეკარბონიზაციას ითვალისწინებს, და არ უხსენებია ის ამბიციური მიზანი, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ნახშირბადნეიტრალური უნდა გამხდარიყო 2021 წელს. მიუხედავად ამისა, მიზანი მაინც მისასალმებელია და თუ მას მიაღწიეს, ეს პირველი ასეთი ქვეყანა გახდება მსოფლიოში,“ – mnn.com.
მიაღწევს თუ არა მიზანს კოსტა-რიკა, ამას დრო გვიჩვენებს.
აიკრძალება მოტოციკლეტები 2040 წლისთვის?
ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ. როგორც უკვე ვნახეთ, ბევრი ქვეყანა აპირებს, აკრძალოს დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მანქანები 2040 წლამდე ან მის მერე.
ეს ასევე გულისხმობს მოტოციკლებსაც. მაგრამ, მაგალითად, ტაივანი, მათ აკრძალვას აპირებს არაუადრეს 2035 წლისა. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ აკრძალვების უმეტესობა შეეხება ახალი მანქანების გაყიდვას და არა – უკვე არსებულებს.
სავარაუდოდ, მფლობელებს შეღავათიან პირობებს შესთავაზებენ ახალ, უფრო სუფთა ალტერნატივაზე გადასასვლელად.
საფიქრებელია, რომ მთავრობები მუდამ მზარდ ჯარიმებს კი არ დანიშნავენ ამ კუთხით, არამედ მოქალაქეების მამოტივირებელ ნაბიჯებს გადადგამენ.