ეროვნულმა მწვანე ტრიბუნალმა გაახანგრძლივა სრული აკრძალვა საახალწლო მაშხალების გაყიდვასა და გამოყენებაზე
კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე ეროვნულმა მწვანე ტრიბუნალმა გამოაცხადა სრული აკრძალვა საახალწლო მაშხალების გაყიდვასა და გამოყენებაზე ინდოეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ასევე ქალაქებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საშუალო ან მაღალია.
ეროვნული მწვანე ტრიბუნალის საბჭომ, რომელსაც სათავეში ადარშ კუმარ გოელი უდგას, განაცხადა, რომ ეკო-მეგობრული მაშხალები, რომლებიც არ შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორებიცაა ლითიუმი და ბარიუმი, დაიშვება ახალ წელსა და შობაზე, ღამის 11:55სთ-12:30სთ-მდე, იმ რეგიონებში, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაფრთხილებულნი არიან, რომ არ დაუშვან მაშხალების გაყიდვა და გამოყენება, ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში კი დააჯარიმონ დამრღვევი პირი.
,,ადგილობრივი თვითმმართველობა საჩივრის ან დარღვევის აღმოჩენის საფუძველზე მიიღებს კომპენსაციას დამრღვევი პირისგან. დაბინძურებული ჰაერით დაზარალებულ პირს კი მკურნალობის გარდა შეუძლია თვითმმართველობისგან მოითხოვოს ზარალის ფინანსური ანაზღაურება, თუ წარადგენს შესაბამის მტკიცებულებას. ის პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ დაზიანებაზე, შესაბამისი სამრთლებრივი ღონისძიებით დაისჯება“-განაცხადა ტრიბუნალმა.
იმისთვის, რომ მოსახლეობას მუდმივად მიეწოდებოდეს ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შესახებ, ტრიბუნალი მინიმუმ ერთ ჰაერის საზომ აპარატს დააყენებს ორგანიზაციის ფილიალების წინ სხვადასხვა რეგიონში.
,,დღესდღეობით ასეთი სისტემა არ არსებობს. აპარატები, რომელთა დაყენებასაც 3 თვეზე მეტი არ დასჭირდება, მექანიკურად იმუშავებს, მათი გამოყენება ძალიან მარტივი და იაფია“-ამბობს ტრიბუნალის საბჭო.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვას უარყოფითად შეხვდნენ მაშხალების მწარმოებლები, საბჭომ კი მათ საპასუხოდ თქვა, რომ ბიზნესის წარმოება არ არის შეუზღუდავი უფლება. არავისთვისაა დაშვებული მოქალაქეების შეწუხება ჰაერისა და ხმაურის დაბინძურებით. ის, რაც კანონითაა აკრძალული, ამავდროულად ვერ იქნება უფლება. ვერავინ წარმართავს ბიზნესს სხვისი ჯანმრთელობის ხარჯზე. ყველა ლიცენზია, რომელიც უკვე გაიცა ან შესაძლოა გაიცეს, გადაიხედება იმის მიხედვით თუ რამდენად აკმაყოფილებს ლიცენზიის მფლობელი გარემოსა და ჯანდაცვის სტანდარტებს.
სტატიაზე იმუშავა : ნინი თოიძე
წყარო : https://www.thehindu.com