კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწის მთავარ კულტურებს ემუქრება
მოსალოდნელია, რომ მომდევნო ათწლეულებში გლობალური საშუალო ტემპერატურა ზრდას განაგრძობს, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს სოფლის მეურნეობას მთელს მსოფლიოში, შეამცირებს მოსავლიანობას და შეაფერხებს საკვების წარმოებას. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ დათბობა მნიშვნელოვნად დააზიანებს დედამიწის მთავარ სასოფლო–სამეურნეო კულტურებს და შეამცირებს გლობალურ აგრობიომრავალფეროვნებას.
კვლევამ, რომელიც ჩაატარეს ფინეთის აალტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა და გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Food, შეისწავლა მსოფლიოს 30 უმნიშვნელოვანესი სასოფლო–სამეურნეო კულტურა. შეიქმნა მოდელი, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს კლიმატის ცვლილებამ უსაფრთხო კლიმატურ ზონაზე სხვადასხვა გლობალური დათბობის სცენარში.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეკვატორის მახლობლად გაშენებული კულტურები ყველაზე მეტად დაზარალდებიან, რადგან ამ რეგიონებში ტემპერატურა იზრდება და კლიმატი უფრო მშრალი ხდება.
მსოფლიოს სასოფლო–სამეურნეო მრავალფეროვნების შესახებ საუბრისას, კვლევის წამყვანი ავტორი მატტი კუმუ ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად აგრობიომრავალფეროვნება შემცირდება.
“თუ დათბობა ორ გრადუსს გადააჭარბებს, ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს როგორც კულტურების მრავალფეროვნებაზე, ისე მათ ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით ტროპიკებსა და ეკვატორულ რეგიონებში, სადაც კლიმატური პირობები უკვე ძალიან მყიფეა“, — აღნიშნა კუმუმ EcoWatch–თან საუბრისას.
კვლევის მთავარი ავტორი სარა ჰეიკონენი პრესრელიზში აცხადებს:
“ბიომრავალფეროვნების შემცირება ნიშნავს, რომ გარკვეულ რეგიონებში სასოფლო–სამეურნეო კულტურები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს კი გავლენას მოახდენს სურსათის უსაფრთხოებაზე.”
მკვლევრებმა 30 კულტურისთვის განსაზღვრეს მათი “უსაფრთხო კლიმატური სივრცე” — ეს არის იდეალური კლიმატური პირობების ზონა, რომელიც ეფუძნება ნალექის საშუალო რაოდენობას, სიმშრალესა და ტემპერატურას. განიხილეს ოთხი სხვადასხვა დათბობის სცენარი: 1.5, 2, 3 და 4 გრადუსით დათბობის შემთხვევაში, პრეინდუსტრიულ საშუალო ტემპერატურასთან შედარებით.
კვლევის მიხედვით, გლობალური დათბობის ზრდასთან ერთად, სასოფლო–სამეურნეო კულტურებისთვის უსაფრთხო კლიმატური ზონა თანდათან უფრო შორს გადაინაცვლებს ეკვატორიდან.
ამ აღმოჩენებმა ეკოლოგიური სამართლიანობის საკითხებიც წამოსწია. ვინაიდან ეკვატორული ქვეყნები, როგორც წესი, შედარებით ღარიბია, კლიმატის ცვლილების ყველაზე დიდი შედეგები ყველაზე ნაკლებად პასუხისმგებელ ქვეყნებსა და მოსახლეობას დაატყდება, რომლებსაც ადაპტაციისთვის ნაკლები რესურსი აქვთ.
“უარყოფითი გავლენა ძირითადად ეკვატორულ რეგიონზე ვრცელდება” — ამბობს ჰეიკონენი, სადაც ტემპერატურა უკვე 1.5-2 გრადუსით არის გაზრდილი. “რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია რეგიონზე, მაგრამ გარკვეულ ადგილებში არსებული წარმოების 25%-იც კი შესაძლოა უკვე რისკის ქვეშ იყოს, მაშინ როცა ჩრდილოეთ და სამხრეთ განედებზე ასეთი ძლიერი ეფექტი არ შეინიშნება.”
“სუბ–საჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ეს საკვების უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხეა, რადგან ამ რეგიონებში მოსახლეობა კვლავ სწრაფად იზრდება, ხოლო საკვების მიწოდება უკვე არ არის საკმარისი ზოგიერთ ადგილას,” — დაამატა ჰეიკონენმა.
მკვლევრები მიმართავენ ფართომასშტაბიან ზომებს, რათა თავიდან აიცილონ სურსათის სისტემებზე ყველაზე მძიმე შედეგები.
“მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილებასთან შეგუება რთული იქნება, აუცილებელია მისი შეჩერებისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმა. თუმცა არსებობს გზებიც, რომლებიც დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ რეგიონებს,” — ამბობს ჰეიკონენი.
“მაგალითად, შესაძლებელია მეტი ყურადღება დაეთმოს ადგილობრივ, ტრადიციულ და ნაკლებად გამოყენებულ კულტურებს, რომლებიც შესაძლოა უფრო გამძლე იყოს კლიმატის ცვლილების მიმართ. ასევე, შესაძლებელია ახალი მცენარეული ჯიშების გამოყვანა, სასოფლო–სამეურნეო პრაქტიკის გაუმჯობესება, როგორიცაა სარწყავი სისტემებისა და განაყოფიერების მეთოდების გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია რეგენერაციული სოფლის მეურნეობის მეთოდების დანერგვაც”.
სტატიაზე მუშაობდნენ: ირაკლი სარჯველაძე, რუსუდან ციცქიშვილი, თამთა კიკვაძე
წყარო: Ecowatch.com
2 ივლისი, 2025