აშშ ვეღარ მოახერხებს ტროპიკული ციკლონებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის დაფარვას, თუ დათბობა გაგრძელდება
- პოტსდამის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ გლობალური დათბობის მატება უფრო ძლიერ და დამანგრეველ ციკლონებს გამოიწვევს აშშ-ის ტერიტორიაზე.
- ამ ზესახელმწიფოს ეკონომიკა გარკვეულ ეტაპზე ვეღარ შეძლებს სტიქიური უბედურებებით მიყენებული ზარალთან დამოუკიდებლად გამკლავებას და მოუწევს, დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართოს.
- მეცნიერებმა გააანალიზეს ქარიშხალ „ჰარვის“ მიერ მიყენებული ზარალი და კომპიუტერული სიმულაციების შედეგად ივარაუდეს, რომ მომავალში სტიქია მომარაგების ქსელებს დაარღვევს და აშშ-ს უდიდეს ეკონომიკურ ზარალს მიუტანს.
10/17/2022 – ტროპიკული ციკლონებით მიყენებული ეკონომიკური ზარალი შეიძლება გაიზარდოს, თუკი წიაღისეული საწვავის წვის შედეგად სათბურის აირების გამოყოფით გამოწვეული გლობალური დათბობა მოიმატებს. აშშ-ის რეგიონული ეკონომიკური სექტორებისა და მომარაგების ქსელების კომპიუტერული სიმულაციები აჩვენებს, რომ შეუნელებელი დათბობის ფონზე, გარკვეულ მომენტში, ეროვნულ დონეზე ვეღარ მოხერხდება შედეგად მიღებული ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება. თუკი ციკლონების დარტყმის გამო ძალიან ბევრი საწარმო შეწყვეტს ფუნქციონირებას, პროდუქტების მიწოდების უზრუნველსაყოფად სხვა ქვეყნების ჩარევა გახდება საჭირო, თვლიან კვლევის ავტორი მეცნიერები. ამრიგად, მზარდი გლობალური დათბობის ფონზე, არსებული ციკლონების ზემოქმედების შედეგად, აშშ ეკონომიკურად ძალზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„ტროპიკული ციკლონები ენერგიას ოკეანის ზედაპირიდან იკრებს. უფრო თბილ ჰაერს მეტი წყლის შესრუტვა შეუძლია, რომელიც შემდეგ, ციკლონის ხმელეთზე გადმოსვლისას, კოკისპირული წვიმებისა და წყალდიდობების სახით გამოიყოფა,“ – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი რობერტ მიდელანისი, პოტსდამის კლიმატის გავლენის კვლევითი ინსტიტუტიდან (PIK) და პოტსდამის უნივერსიტეტიდან. „რახანია ცნობილია, რომ ტროპიკული ციკლონებისგან მიყენებული ზარალი გაიზრდება, თუკი გავაგრძელებთ დედამიწის სისტემის გახურებას“. მომავალში შესაძლოა არ გაიზარდოს ციკლონების რიცხვი, მაგრამ მათ შორის უმძლავრესი შეიძლება უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს.
„ამჟამად, ერთ-ერთი მთავარი კითხვაა: გავუძლებთ თუ არა ამას ეკონომიკურად? პასუხი: ასეთი სახით – ვერა,“ – ამბობს მიდელანისი. „ჩვენი გამოთვლები გვიჩვენებს, რომ ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ერთ-ერთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა – აშშ – დიდი ალბათობით, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს საკუთარი მომარაგების ქსელებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. სტიქიით მიყენებული ზარალის ზრდა საბოლოოდ გადააჭარბებს ამ ეკონომიკური ზესახელმწიფოს შესაძლებლობებს“.
ადგილობრივი საწარმოო დანაკარგები მომარაგების მთელ ქსელზე გავრცელდება
მეცნიერებმა განიხილეს ქარიშხალი „ჰარვი“, რომელიც 2017 წელს თავს დაატყდა ტეხასსა და ლუიზიანას და მაშინათვე, მისგან მიყენებულმა პირდაპირმა ზარალმა რეკორდული 125 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეცნიერებმა კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით გამოთვალეს, თუ როგორი იქნებოდა მისი შედეგები დათბობის სხვადასხვა დონის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადგილობრივი საწარმოების მუშაობაში არსებული ხარვეზები უარყოფით გავლენას ახდენს ეროვნული და გლობალური მომარაგების ქსელებზე, რაც დამატებით არაპირდაპირ ეკონომიკურ ეფექტებს იწვევს. მეცნიერებმა შექმნეს 7000-ზე მეტი რეგიონული ეკონომიკის სექტორების ზარალის მოდელი და დაადგინეს, რომ კლიმატური ცვლილებების გაგრძელების შემთხვევაში, აშშ-ის ეროვნული ეკონომიკური მომარაგების ქსელები ვეღარ შეძლებს მომავალში მოსალოდნელი, ციკლონებით მიყენებული ადგილობრივი წარმოებების ზარალის ანაზღაურებას.
„ჩვენ გამოვიკვლიეთ, თუ რა მოხდება გლობალური დათბობის დონის 5°C-ით გზრდის შემთხვევაში, რაც, საუბედუროდ, შეიძლება რეალურად მოხდეს ჩვენი საუკუნის ბოლოს, თუკი კლიმატური პოლიტიკა დაგვაღალატებს,“ – ამბობს ანდრეს ლევერმანი, PIK-ის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერი და კვლევის თანაავტორი. „არ ვაპირებთ ტემპერატურის ზუსტი ზღვრის დასახელებას, რომლის მიღმაც აშშ-ის ეკონომიკა და მომარაგების სისტემები ადაპტაციას ვეღარ მოახერხებს, რადგან ამ სფეროში ბევრი გაურკვევლობაა. თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ გარკვეულ მომენტში, აშშ-ის ეკონომიკის მომარაგების ქსელის შესაძლებლობები, როგორიც ამჟამადაა, საკმარისი აღარ იქნება, თუ გლობალური დათბობა გაგრძელდება. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აშშ-ის ეკონომიკა ჩამოიშლება, თუმცა ზუსტად არ ვიცით, სად გადის ის“.
„ცუდია ხალხისთვის“
ბედის ირონიით, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად, ყველაზე მეტად ტეხასის ნავთობისა და გაზის გამომუშავებელი საწარმოები დაზარალდა, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გლობალური დათბობის პროცესს ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფით. წიაღისეული საწვავის მომპოვებელი სექტორი, აშშ-ის ამ რეგიონში, ეკონომიკის წამყვანი სექტორია, რომელიც ყველაზე მოწყვლადია ციკლონებით მიყენებული ზარალისას. კომპიუტერული სიმულაციები აჩვენებს, რომ საწვავის მომპოვებელი სექტორის დანაკარგების ანაზღაურებაში აშშ ყველაზე მეტად ისეთ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული, როგორებიცაა კანადა, ნორვეგია, ვენესუელა და ინდონეზია.
„როდესაც რაღაც ფუჭდება და ადგილობრივი წარმოება მუშაობას წყვეტს, მსოფლიოში ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც სიხარულით იშოვის ფულს ჩამანაცვლებელი საქონლის მოყიდვით,“ – ამბობს ლევერმანი. „აბა, რაღაზე ვდარდობთ? მაშ, წარმოების შემცირება ფასების ზრდას ნიშნავს და მაშინაც კი, როცა ეს კარგია ზოგიერთი ეკონომიკისთვის, ეს ზოგადად ცუდია მომხმარებლებისთვის – ხალხისთვის“. აგრეთვე, გლობალური ეკონომიკის გადმოსახედიდან, მომარაგების ქსელების მოშლა ნიშნავს ნაკლებად კვალიფიციური მწარმოებლების წინა ფლანგზე გამოსვლას. აქედან პრაგმატული და მარტივი დასკვნა – გვჭირდება, თავიდან ავიცილოთ სათბურის აირების გამოყოფის ზრდა, რაც განავრცობს მსგავს რღვევებს“.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და მეგი რუსია
წყარო : www.pik-potsdam.de
3 დეკემბერი 2022 წელი.