#არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
ჰაერის დაბინძურება თბილისის ერთ-ერთი მთავარი ეკოლოგიური პრობლემაა. მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დაარსების დღიდან (2018 წელი) იბრძვის ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა წყაროს წინააღმდეგ, იქნება ეს ავტომობილის გამონაბოლქვი, სამშენებლო მტვერი თუ სხვა, ბოლო 6 თვის განმავლობაში კი ინტენსიურად ვმუშაობდით თბილისის მასშტაბით ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების შემთხვევების აღრიცხვასა და შესაბამისი უწყებისთვის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციისთვის.
თავდაპირველად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1525 მუხლი ქვის მშრალი ჭრის აკრძალვას მხოლოდ თბილისის მასშტაბით კრძალავდა, ამჟამად კი ქვის მშრალი წესით დამუშავება საქართველოს მასშტაბითაა კანონდარღვევა. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, ჩვენმა გუნდმა, „ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობის მხარდამჭერების ჩართულობით, გამოავლინა ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების 86 შემთხვევა თბილისის მასშტაბით. აღნიშნული სამართალდარღვევის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანო თბილისის მერიის დაქვემდებარებული სამსახური, თბილისის მუნიციპალური ინსპექციაა.დარღვევის შესახებ აღნიშნულ სამსახურს ინფორმაციას სხვადასხვა გზით ვაწვდიდით – ყოველი შემტხვევის შესახებ ინფორმაცია და დამადასტურებელი ვიდეო/ფოტო მტკიცებულება „ჩემი ქალაქი მკლავს“ ფეისბუქ გვერდზე იდებოდა, ამავდროულად ჩვენი გუნდის წევრები თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დაკავშირებით ვატყობინებდით მუნიციპალურ ინსპექციას დარღვევის ადგილმდებარეობის შესახებ. აგრეთვე, თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის თბილისის მერიის ონლაინ პორტალზე ვტვირთავდით წერილობით განცხადებებს.
ჯამში აღრიცხული 86 შემთხვევიდან პასუხი 33 განცხადებაზე მივიღეთ, 14 შემთხვევაში კანონდამრღვევი სუბიექტი დაჯარიმდა, მათ შორის დაჯარიმებული სუბიექტები არღვევდნენ კანონს შემდეგ ლოკაციებზე: წინამძღვრიშვილის ქუჩა N125, ბელიაშვილის ქუჩა N199, ვეკუას ქუჩა N2, ანტიოქიის ქუჩა N7 (მცხეთის მუნიციპალიტეტი), იალბუზის ქუჩა N17. დაჯარიმების შემთხვევებით ასევე გამოირჩეოდა ქეთევან წამებულის გამზირი, სადაც სამშენებლო კომპანიები ჯამში 5000 ლარით დაჯარიმდნენ კანონდარღვევის განმეორების ფაქტის თაობაზე.
მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ აქტიურად აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობასა და ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების შემთხვევების აღკვეთის მონიტორინგს.
სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე
16 აპრილი 2023 წელი