ახალი კანონების თანახმად წყლის ხარისხის სფეროში გამჭვირვალობა და ანგარიშგება სავალდებულო ხდება
- აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში ახალი კანონები შემოიღეს სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის გასაუმჯობესებლად
- შტატის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ტყვიის სანტექნიკა და მოძველებული წყალმომარაგების ინფრასტრუკტურა იყო. ფედერალური და შიდა დაფინანსებით მთელი ნიუ-ჯერსის მასშტაბით ძველი წყლის მილების გამოცვლა მოხდება ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალისგან დამზადებულ მილებზე
- შტატის მაცხოვრებლებს უფლება ექნებათ წყალმომმარაგებელ კომპანიას მოსთხოვონ სასმელი წყლის ტესტირება მასში ტყვიის და სპილენძის შემცველობაზე
- ნებისმიერი ბროკერი ვალდებული იქნება გაასაჯაროვოს ინფორმაცია გასაყიდ უძრავი ქონების ობიექტში წყალმომარაგების სისტემის ნებისმიერი დეფექტისა და ტყვიისგან დამზადებული სანტექნიკის არსებობის შესახებ
TRENTON, NJ – კანონების ახალი კრებულია, რომლების ავტორებია სენატორები ლინდა გრინშტეინი და ტროი სინგლტონი. ეს კანონები ამყარებს წყლის ხარისხის მაღალ სტანდარტებს და ამავდროულად უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, ანგარიშგებას და ინფორმაციის გასაჯაროვებას საცხოვრებელ სახლებში ტყვიისგან დამზადებული წყლის მილების არსებობის შესახებ.
პირველი კანონი ამ ახალი კრებულიდან ითვალისწინებს „წყლის ხარისხის ანგარიშგების შესახებ აქტის“ (WQAA) აქტივების მართვისა და გამჭვირვალობისადმი მოთხოვნების განახლებას და მოუწოდებს გარემოს დაცვის დეპარტამენტს (DEP) მიიღოს ზომები მისი რეალიზაციისთვის. კანონი ითვალისწინებს წყლის მომმარაგებელი კომპანიებისგან წყალსადენის განახლების ახლებური, 150-წლიანი ან უფრო მოკლევადიანი პროგრამის შემუშავებას, რომელიც ჩაანაცვლებს ძველ კანონს, როდესაც მილების გამოცვლა მხოლოდ 150 წელიწადში ერთხელ დეტალური საინჟინრო ანალიზის საფუძველზე ხდებოდა.
„ჩვენი წყალმომარაგების სისტემა მოძველდა და ეს მიუღებელია“, – განაცხადა გრინშტეინმა (D-Mercer/Middlesex). „ფედერალური და შტატის შიდა დაფინანსების წყალობით მთელი შტატის მასშტაბით გამოვცვლით ძველ ტყვიის მილებს. გარდა ამისა ვიზრუნებთ რომ ახალი წყლის მილები ისეთი მასალისგან იყოს დამზადებული რომ დიდხანს გაძლონ და ადამიანების სიცოცხლისათვის ზიანი არ მოჰქონდეთ.“
კომუნალური სერვისები ვალდებულები იქნებიან ნებისმიერი სამუშაოების შესახებ, რომლებიც გულისხმობს ცვლილებებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს სამუშაოების დაწყებამდე 180 დღით ადრე შეატყობინონ.
„წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ყველა ნიუ-ჯერსის შტატის მაცხოვრებელს ეხება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ ტყვიის მაღალი შემცველობა ჩვენი საერთო პრობლემა გახდა,“ – განაცხადა სინგლტონმა (D-Burlington). მან აგრეთვე მხარი დაუჭირა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ყველა ტყვიის შემცველი წყლის მილის ინვენტარიზაციასა და გამოცვლას გულისხმობს. „ეს ორი ახალი კანონი საფუძველს შექმნის ნიუ-ჯერსის შტატის წყალმომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურის ფორმირებისთვის და შტატის ყველა მაცხოვრებლის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობისთვის.“
ცვლილებები კანონში „სასმელი წყლის უსაფრთხოების შესახებ“ მოსახლეობას უფლებას მისცემს წყალმომმარაგებელ კომპანიას სასმელი წყლის უფასო ტესტირება მოსთხოვონ ტყვიის და სპილენძის შემცველობაზე, თუ ეჭვი არსებობს რომ მათი შემცველობა ნორმას აღემატება. გარდა ამისა წყლის მომმარაგებელმა კომპანიამ კლიენტები უნდა გააფრთხილოს მოსალოდნელი წყლის ტესტირების ჩატარების შესახებ.
ამიერიდან ნიუ-ჯერსის შტატში ნებისმიერი ბროკერი, თუ უძრავი ქონების გამყიდველი ვალდებული იქნება გაასაჯაროვოს ინფორმაცია საცხოვრებელ სახლში, თუ ბინაში არსებული წყლის მომმარაგებელი სისტემის ნებისმიერი დეფექტის და ტყვიის მილების არსებობის შესახებ. ნიუ-იორკი, დელავერი, პენსილვანია და კონეკტიკუტი ანალოგიურ კანონებს ითხოვენ, რათა გასაჯაროვდეს ინფრომაცია საცხოვრებელ სახლებში ტყვიის სანტექნიკის არსებობის შესახებ.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო : www.tapinto.net