კლიმატის ცვლილება გამოქვაბულის უძველეს მოხატულობებს ანადგურებს
- კლიმატის ცვლილება შეუქცევად გავლენას ახდენს უძველესი გამოქვაბულების ხელოვნებაზე. მხატვრობა, რომელის არსებობაც ათასობით წელს ითვლის, სამყაროში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების გამო ნადგურდება.
- ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატური ცვლილებების გამო სწრაფად ქრება მკვიდრი მოსახლეობის ხელოვნება არა მხოლოდ ავსტრალიაში, არამედ ზოგადად, მთელს მსოფლიოში.
- კლიმატის ცვლილებები წყლის დონის მატებასაც მოიაზრებს, რამაც შესაძლოა ეროზია გამოიწვიოს – გაიზარდოს ნალექები, დაიწყოს გაუდაბნოება, ისეთი კატასტროფული მოვლენები, როგორებიცაა – ხანძრები, წყალდიდობები თუ ციკლონები.
- ტროპიკული ციკლონები ყველაზე დამანგრეველი სტიქიური მოვლენაა, რაც ავსტრალიის სანაპიროზე დიდ გავლენას ახდენს; არანაკლები ზიანის მომტანია შტორმის შედეგად წარმოქმნილი ტალღები, რომლებიც სანაპირო ზოლზე არსებულ არქეოლოგიურ ძეგლებს აზიანებს.
ავსტრალიაში, ადელაიდაში, ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება შეუქცევად გავლენას ახდენს უძველესი გამოქვაბულების ხელოვნებაზე. მხატვრობა, რომელის არსებობაც ათასობით წელს ითვლის, სამყაროში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების გამო ნადგურდება.
სიმპოზიუმზე, სახელწოდებით „არქეოლოგიის, ისტორიის, უძველესი ერებისა და მემკვიდრეობის პასუხი IPCC-ს (კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი) მეექვსე შეფასებით მოხსენებასა და კლიმატის კვლევა-ადაპტაციის დღის წესრიგზე“ ექსპერტები გვაფრთხილებენ, თუ რამდენად სწრაფად ქრება მკვიდრი მოსახლეობის ხელოვნება არა მხოლოდ ავსტრალიაში, არამედ ზოგადად, მთელს მსოფლიოში.
„ადამიანები ათასწლეულების მანძილზე უმკლავდებოდნენ ეკოლოგიური პრობლემებს, ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენებსა და სტიქიურ უბედურებებს“ – განაცხადა არქეოლოგიის ლექტორმა და სიმპოზიუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ანია კოტარბამ (Ania Kotarba). “იმ დროს, როდესაც, პრობლემის სერიოზულობა და ცვლილების სიჩქარე მეტად აქტუალურია, არქეოლოგიურ თუ ისტორიულ კვლევებს შეუძლიათ, მეტიც, ვალდებულნი არიან საზოგადოების ის მაგალითები გამოავლინონ, რომლებიც სწრაფ ცვლილებებთან მარტივად, მდგრადად ახდენენ ადაპტირებას, ამასთანავე კი სამომავლო იდეები შემოგვთავაზონ.“
მოცემული ღონისძიება არის პასუხი კლიმატის ცვლილებების მთავრობათაშორისი პანელის (Intergovernmental Panel on Climate Change, IPCC) მეექვსე და უახლეს მოხსენებაზე, რომელიც კლიმატის სწრაფ, მზარდ, გაძლიერებულ და სავარაუდოდ, შეუქცევად პროცესებზე გვაფრთხილებს. IPCC-ს მონაცემების მიხედვით, დათბობის 2°C-მდე შეზღუდვის მცირე შანსი არსებობს, რომ აღარაფერი ვთქვათ 1.5°C-მდე დაყვანაზე, თუ მყისიერი და ფართო ზომები არ იქნება მიღებული.
„კლიმატის ცვლილება პლანეტის ყველა რეგიონზე სხვადასხვა სახის გავლენას ახდენს“ – განაცხადა IPCC-ის პირველი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, პანმაო ჟაიმ (Panmao Zhai), უახლეს ანგარიშებზე საუბრისას. „ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ განვიცდით, დამატებით, დათბობის მეშვეობით გაუარესდება.“
კლიმატის ცვლილებები წყლის დონის მატებასაც მოიაზრებს, რამაც შესაძლოა ეროზია გამოიწვიოს – გაიზარდოს ნალექები, დაიწყოს გაუდაბნოება, ისეთი კატასტროფული მოვლენები, როგორებიცაა – ხანძრები, წყალდიდობები თუ ციკლონები.
„ტროპიკული ციკლონები ყველაზე დამანგრეველი სტიქიური მოვლენაა, რაც ავსტრალიის სანაპიროზე დიდ გავლენას ახდენს; არანაკლები ზიანის მომტანია შტორმის შედეგად წარმოქმნილი ტალღები, რომლებიც სანაპირო ზოლზე არსებულ არქეოლოგიურ ძეგლებს აზიანებს“ – განაცხადა ფლინდერსის უნივერსიტეტის არქეოლოგმა – პიტერ როსმა (Peter Ross).
აღსანიშნია, რომ უძველესი ხელოვნების ნიმუშები უმეტესად ქვიშაქვაზეა შესრულებული; The Guardian-ის განმარტებით ამ ტიპის ქვისთვის წყლის შეწოვაა დამახასიათებელი, თუმცა ხანძრის შემთხვევაში წყალი ფართოვდება, რაც კლდის აფეთქებასა და ძეგლი განადგურებას იწვევს. მსგავსი შედეგი ტემპერატურის ცვლილებისას მარილის კრისტალების შეკუმშვა-გაფართოებისას შედეგად მიიღება. ისტორიკოსები თუ არქეოლოგები ხელოვნების შენარჩუნების მეთოდებსა და მის კლიმატთან ადაპტაციის ხერხებზე მუშაობენ, თუმცა კი ამ უკანასკნელის შენარჩუნება დიდწილად გლობალურ მოძრაობასა და დაუყოვნებლივ ქმედებებზეა დამოკიდებული. სიმპოზიუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ისტორიკოს-ეკოლოგმა ალესანდრო ანტონელომ (Alessandro Antonello) განაცხადა – „ამასობაში, კაცობრიობამ უნდა შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი, რათა ჩვენი ცხოვრება სწრაფად ცვალებად გარემოებებს მოერგოს.“
სტატიაზე მუშაობდა : ლიზი უგულავა
წყარო : www.ecowatch.com