სოფელ ჯიღაურას უკანონო ცემენტის ქარხანა
სამოქალაქო მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ყოველთვის ზრუნავს ჰაერის სისუფთავეზე, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან.
მოგეხსენებათ, ამა წლის 4 აპრილს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ჩატარდა აქცია მცხეთის რაიონ, სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ აშენებულ ცემენტის ქარხანასთან დაკავშირებით. სოფლის მოსახლეობამ მიმართა „ჩემი ქალაქი მკლავს“-ს და რა თქმა უნდა მოძრაობა მაშინვე მათ გვერდით დადგა. აქციას შედეგად მოჰყვა შეხვედრა გარემოს დაცვის ზედამხედველობის უფროსთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან. მათი თქმით აქტიურ თანამშრომლობას ექნებოდა ადგილი, თუმცა დღეს, 12 აპრილს სულ სხვა შედეგი მივიღეთ სახეზე.
კერძოდ, 2023 წლის 12 აპრილს მცხეთის რაიონულ სასამართლოს უნდა განეხილა საქმე სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ აშენებულ ქარხანასთან დაკავშირებით, თუმცა განხილვა გადაიდო და საქმე გადაეცა სააპელაციო სასამართლოს, რაც ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან საქმე პირველმა ინსტანციამ უნდა განიხილოს ჯერ. სასამართლოს ამ ქმედებამ მოსახლეობის ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი ნაწილი და მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“-ის წარმომადგენლები მივიდნენ მცხეთის მერიაში, სადაც მოითხოვეს მცხეთის მერთან შეხვედრა. შედეგად კი მოძრაობის წარმომადგენლები იურისტებთან ერთად შეხვდნენ მცხეთის მერიის წარმომადგენლებს და აიღეს გონივრული ვადა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც წამლავს მოსახლეობას და რომლის დემონტაჟიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, ეს არის უკანონოდ აშენებული ქარხანა.
აღსანიშნავია მოსახლეობის ერთსულოვნება და მტკიცე ხასიათიც. ისინი უდრეკად დგანან და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიცვან სუფთა ჰაერის უფლება, რაც მათი უფლებაა. ქარხანა წამლავს და აბინძურებს ჰაერს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება კი დაცულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, არამედ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ონვენციითაც“.
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ყვავაძე
13 აპრილი 2023 წელი.