ჰაერში ტყვიის მომატებული რაოდენობა ჩვილთა სიკვდილიანობას იწვევს
- პლანეტაზე ყოველი მესამე ბავშვის ორგანიზმში დასაშვებზე მაღალი ტყვიის რაოდენობაა.
- ორგანიზმში ტყვიის დაბალმა მაჩვენებელმაც შესაძლოა, მოზარდში კოგნიტიური უნარების დაქვეითებაც გამოიწვიოს.
კარნეგი–მელონის უნივერსიტეტის, ბოსტონის კოლეჯისა და ჰუნანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს კავშირი ჩვილთა სიკვდილიანობასა და ჰაერში ტყვიის კონცენტრაციას შორის.
გარემოში ტყვიის შემცველობის შესამცირებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმამ, როგორიც იყო ბენზინიდან ტყვიის ამოღება, რეალური სურათი დიდად არ შეცვალა. გლობალურად ტყვიის კონცენტრაცია კვლავ მაღალი რჩება. მთავარი მიზეზი სამრეწველო ემისიებია, ზოგიერთ ქვეყანაში, მრეწველობის ზრდასთან ერთად, ემისიები კიდევ უფრო იზრდება.
იუნისეფის ცნობით, პლანეტის ყოველი სამი ბავშვიდან ერთს სისხლში ტყვიის დონე 5 µg/dL-ზე (მიკროგრამი დეცილიტრზე) მაღალი აქვს, რაც ტყვიით ძლიერი დაბინძურების საზღვრულ ნიშნულად მიიჩნევა.
თუმცა, WHO ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სისხლში ტყვიის უსაფრთხო კონცენტრაცია არ არსებობს; მაშინაც კი თუ ეს დონე იქნება ისეთი დაბალი როგორიცაა 3.5 µg/Dl, რომელიც ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ბავშვებში ქცევით სირთულეებსა და სწავლის პრობლემებთან.
მკვლევრებმა გამოიყენეს მონაცემები რეესტრიდან (TRI), აშშ–ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მონიტორინგის სისტემიდან და კონფიდენციალური ეროვნული სასიცოცხლო სტატისტიკის მონაცემთა ბაზიდან, რათა შეეფასებინათ ჰაერში ტყვიის ზემოქმედება ჩვილთა სიკვდილიანობაზე აშშ–ში.
აღმოჩნდა, რომ ჰაერში ტყვიის გაზრდილი დონე ჩვილთა სიკვდილიანობის ზრდას იწვევს როგორც დაბადების შემდეგ პირველ თვეში, ისე პირველ წელს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ორივე მათგანი – მუცლადყოფნის პერიოდიცა და გარემოს გავლენაც – მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ასევე, აღმოაჩინეს კავშირი ტყვიის მაღალი კონცენტრაციისა და ჩვილთა უეცარი, აუხსნელი, სიკვდილიანობის (SUID), სასუნთქი და ნერვული სისტემის დაავადებების შედეგად გარდაცვალების, ასევე დაბალ სამშობიარო წონის ზრდას შორის.
კვლევის ავტორმა, კარნეგი-მელონის ჰაინცის კოლეჯის ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორმა, კარენ კლეიმ განაცხადა: „ბევრმა კვლევამ შეისწავლა ტყვიის მავნე გავლენა ბავშვების კოგნიტიურ და ქცევით შედეგებზე, თუმცა, ცოტამ გაანალიზა ტყვიის ზემოქმედება ჩვილების ჯანმრთელობაზე. ჩვენ ცოტა რამ ვიცით ჰაერში ტყვიის ზემოქმედების შედეგად ჩვილების ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის მასშტაბის შესახებ“.
თანაავტორების, ბოსტონის კოლეჯის ეკონომიკის ასოცირებული პროფესორის ედსონ სევერნინისა და ჰუნანის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ვაჭრობის ასისტენტ-პროფესორის შაო ვანგის თქმით, უხეში გამოთვლით, ჰაერში ტყვიის გამოფრქვევის წინააღმდეგ უკვე მიღებულმა ღონისძიებებმა ჩვილთა სიკვდილიანობა წელიწადში 59_დან 34_მდე შეამცირა, რამაც ბიუჯეტს წლიურად 380 მილიონიდან 760 მილიონამდე სარგებელი მოუტანა. ამის მიუხედავად, აშშ-ში სამრეწველო ფირმებისა და ავიაციის ინდუსტრიის მიერ ატმოსფეროში კვლავ ვრცელდება ასობით ათასი ფუნტი ტყვია. ეს კვლავ საგანგაშო მაჩვენებელია და გვაიძულებს დავფიქრდეთ გარემოში ტყვიის მოხვედრის შემცირებაზე.
სტატიაზე მუშაობდნენ: თაკო ჩუმაშვილი, ანა ახალაძე, თამთა კიკვაძე
წყარო: Airqualitynews.com
25 მაისი, 2025