სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
- სუფთა ჰაერი მხოლოდ ფილტვებსა და სასუნთქ ორგანოებზე არ ახდენს გავლენას – ის მხედველობისთვისაც არანკლებ მნიშვნელოვანია.
- „Biobank“-ის კვლევამ, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და რომელშიც 115,000-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ5 და NOx-ის მაღალი ზემოქმედება დაკავშირებულია ბადურის ფენების სისქის შესამჩნევ ცვლილებებთან. ეს ხშირად მოზრდილ ადამიანებში სიბრმავის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია.
- კვლევები ადასტურებს, რომ ჰაერის ხარისხი გავლენას ახდენს მხედველობაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე – ბავშვებში ახლომხედველობის განვითარებიდან მოზრდილებში მხედველობის დაკარგვის რისკამდე.
ბირმინგჰემის უნივერსიტეტის მეცნიერების მონაწილეობით ჩატარებულმა ახალმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ აზოტის დიოქსიდთან (NO₂) და PM2.5 ნაწილაკებთან ნაკლები კონტაქტი დაკავშირებულია ბავშვებში უკეთეს მხედველობასთან.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სუფთა ჰაერი არა მხოლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების მხედველობის დაცვაში, არამედ შესაძლოა ის მხედველობის გაუმჯობესებასაც იწვევდეს.
მათი თქმით, შედეგები მიუთითებს, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირებამ შეიძლება შეანელოს მიოპიის ანუ ახლომხედველობის პროგრესი. ამ მდგომარეობის დროს შორს მყოფი ობიექტები ბუნდოვნად ჩანს. ახლომხედველობა სწრაფად ვრცელდება ბავშვებში მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში.
მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკა და ცხოვრების წესი (მაგალითად, ეკრანებთან გატარებული დრო) მიოპიის გამომწვევ მთავარ ფაქტორებად ითვლება, მკვლევრებმა თანამედროვე მანქანური სწავლების მეთოდებით აჩვენეს, რომ გარემო ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გენეტიკისა და ცხოვრების წესის გათვალისწინების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სუფთა ჰაერის მქონე გარემოში მცხოვრებ ბავშვებს მნიშვნელოვნად უკეთესი მხედველობა ჰქონდათ.
ჰაერის სისუფთავე ყველაზე დიდ გავლენას სკოლის ასაკის ბავშვებში ახდენდა. შედარებით უფროსი ასაკის მოსწავლეები და ძლიერი მიოპიის მქონე ბავშვები ნაკლებად იყვნენ გავლენის ქვეშ, რადგან მათი მხედველობა უფრო მეტად გენეტიკაზე იყო დამოკიდებული.
ბირმინგჰემის უნივერსიტეტის პროფესორმა ზონგბო შიმ, რომელიც კვლევას თანა-ხელმძღვანელობდა, აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკა და ეკრანებთან გატარებული დრო უკვე დიდი ხანია მიიჩნევა ბავშვობის მიოპიის გამომწვევ ფაქტორებად, ეს კვლევა ერთ-ერთი პირველია, რომელიც ჰაერის დაბინძურებას გამოყოფს, როგორც მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს.
„სუფთა ჰაერი მხოლოდ ფილტვებსა და სასუნთქ ორგანოებზე არ ახდენს გავლენას – ის მხედველობისთვისაც არანკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენი შედეგები ცხადყოფს, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეიძლება გახდეს ფასეული სტრატეგიული ჩარევა ბავშვების მხედველობის დასაცავად, განსაკუთრებით მათი განვითარების ყველაზე მგრძნობიარე წლებში.“
ჰაერის დაბინძურება იწვევს თვალის ანთებასა და სტრესს. მზის სინათლის შეზღუდვით (რაც აუცილებელია ჯანმრთელი განვითარებისათვის) და ქიმიური ცვლილებების პროვოცირებით, რომლებიც თვალის ფორმას ამახინჯებს.
მკვლევარები პრაქტიკულ რჩევებსაც გვთავაზობენ. მაგალითად, საკლასო ოთახებსა და ქუჩებში ჰაერის ფილტრების დამონტაჟებას. საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვას კონკრეტულ საათებში, მაგალითად ბავშვების სკოლაში წასვლისა და მოსვლის დროს.
ბირმინგჰემის უნივერსიტეტის დოქტორმა იუკინგ დაიმ დაამატა: „მიოპია მთელ მსოფლიოში მატულობს და მომავალში სერიოზულ თვალის პრობლემებს გამოიწვევს.
ბავშვის გენებს ვერ შევცვლით, მაგრამ გარემოს გაუმჯობესება შეგვიძლია. მიოპიის ადრეულ ეტაპზე, ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებით რეალური განსხვავებისა და პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.
ეს შედეგები, დამატებით საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ ჰაერის დაბინძურება თვალის ჯანმრთელობის სერიოზულ რისკს ქმნის. „Biobank“-ის კვლევამ, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და რომელშიც 115,000-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ PM2.5 და NOx-ის მაღალი ზემოქმედება დაკავშირებულია ბადურის ფენების სისქის შესამჩნევ ცვლილებებთან. ეს ხშირად მოზრდილ ადამიანებში სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ორივე კვლევა ერთად ხაზს უსვამს, რომ ჰაერის ხარისხი გავლენას ახდენს მხედველობაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე – ბავშვებში ახლომხედველობის განვითარებიდან მოზრდილებში მხედველობის დაკარგვის რისკამდე. როგორც პროფესორი აღნიშნავს, გზავნილი ნათელია: „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი სტრატეგია მხედველობის დასაცავად ცხოვრების ყველა ეტაპზე.“
სტატიაზე მუშაობდა : ირაკლი სარჯველაძე