მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
- მსოფლიო მასშტაბით მტკნარი წყლის დონე ეცემა – მყინვარები დნება, ხოლო მდინარეებში წყლის დონე იკლებს.
- დედამიწის კლიმატი იცვლება, ატმოსფერო უფრო ცხელი და ნოტიო ხდება, წყალი სწრაფად ორთქლდება რაც იწვევს უხვ ნალექსა და მიწის გამოშრობას.
მდინარეების ჩამდინარე წყლის დონე რეკორდულად დაბლა დაეცა. ამას თან სდევდა წყალზე გაზრდილი მოთხოვნილება, რადგან ანომალიურმა სიცხემ მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი წყლის რესურსების არსებობა საფრთხეში ჩააგდო.
WMO-ის გენერალურმა მდივანმა, სელესტა საულომ პრესასთან საუბრისას განაცხადა: „წყალი კლიმატური კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც არ მიგვიღია წყლის რესურსების შესანარჩუნებლად აუცილებელი ზომები.“
ბოლო ხუთი წლის მანძილზე მდინარეების ჩამდინარე წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით ნორმაზე ბევრად დაბლა დაეცა.
WMO-ს პრეს-რელიზში აგრეთვე ნათქვამია, რომ ყველა ქვეყანამ, რომელშიც მყინვარებია, ყინულის დნობა დააფიქსირა. ბოლო 50 წლის მანძილზე დედამიწაზე ყინულის მასა ყველაზე მნიშვნელოვნად შემცირდა.
„ყინული მნიშვნელოვნად შემცირდა ჩრ. ამერიკის კონტინენტსა და ევროპულ ალპებში. შვეიცარიის მყინვარები 10%-ით შემცირდა.“
„როიტერსის“ ცნობით მხოლოდ ერთი წლის მანძილზე მყინვარებმა 600 გიგატონა წყალი დაკარგა. ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელია ბოლო 50 წლის მანძილზე.
WMO-ს ჰიდროლოგიის დირექტორმა, სტეფან ულენბრუკმა, განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში ბევრი მყინვარი შესაძლოა საერთოდ გაქრეს.
ბუნება სულ უფრო მკაცრ გაფრთხილებებს გვიგზავნის გვალვებისა და წყალდიდობების სახით, რომლებიც ეკოსისტემებსა და ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზიანებს. მყინვარების დნობა მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. მაგრამ ჩვენ მაინც არაფერს ვაკეთებს,“ – დასძინა საულომ.
დღესდღეობით დაახ. 3.6 მილიონი ადამიანი უკვე განიცდის წყლის დეფიციტს წელიწადში მინიმუმ 1 თვის მანძილზე. საუკუნის შუა თარიღისათვის კი მათი რაოდენობა 5 მილიარდს გადააჭარბებს. პლანეტა ვერ ასწრებს წყლის რესურსების დაბალანსებას.
„ტემპერატურის მატებამ დააჩქარა ჰიდროლოგიური ციკლი. ის არამდგრადი და არაპროგნოზირებადიც გახდა და ჩვენ სულ უფრო ხშირად ვეჯახებით წყლის ნაკლებობას ან მეტობას. უფრო თბილი ატმოსფერო მეტ ტენს აკავებს, რის შედეგადაც ნალექის რაოდენობა იზრდება. წყლის სწრაფი აორთქლება კი – მიწის გამოშრობასა და გვალვას იწვევს,“ – ნათქვამია საულოს პრეს-რელიზში.
ადრე მდინარეების ჩამდინარე წყლის დონის გასაზომად 14 ქვეყანაში 273 სადგურს იყენებდნენ. ამჟამად ამგვარი სადგურების რაოდენობა 713-მდე ავიდა და ისინი უკვე 33 ქვეყანას აქვს. აგრეთვე გაიზარდა გრუნტის წყლების დონის შემსწავლელი ჭაბურღილების რაოდენობაც. ამის მიუხედავად სამხრეთ ამერიკაზე, აფრიკასა და აზიაზე საკმარისი ინფორმაცია მაინც ვერ გროვდება. აუცილებელია მონიტორინგის გაუმჯობესება, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის ქვეყნებში.
„მსოფლიო მტკნარი წყლის რესურსების ზუსტ მდგომარეობაზე ფრიად ცოტა რამ არის ცნობილი. იმას ვერ ვმართავთ, რისი გაზომვაც არ შეგვიძლია. ჩვენი ანგარიში მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს გააუმჯობესონ წყლის დონის მონიტორინგი, გაცვალონ ინფორმაცია ქვეყნებს შორის და უკეთ ითანამშრომლონ ჰიდროლოგიური პრობლემების საკითხებში. ეს სასწრაფოდ გვესაჭიროება,“ – აღნიშნა საულომ.
სტატიაზე მუშაობდნენ: ლილიან მეტრეველი და Მაკა ხეცურიანი
წყარო : Global River Flows Fell to Record Lows in 2023, WMO Report Says