ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
-
ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა პირობა დადო, რომ ის მოაგვარებს ლონდონში ბარჟებითა და ვიწრო ნავებით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებას. იგი აცდახებს: „ისეთივე პროგრესს მივაღწევთ მდინარეების გაწმენდასთან დაკავშირებით, როგორიც გზების გასუფთავებისას მივიღეთ“.
მერი მონაწილეობას იღებდა თავის რეგულარულ კითხვა-პასუხის გადაცემაში LBC რადიოში, რომელსაც წამყვანი ჯეიმს ო’ბრაიენი უძღვებოდა, როდესაც ერთ-ერთმა მაყურებელმა დარეკა და ჰკითხა, აპირებდა თუ არა იგი დედაქალაქის არხების ირგვლივ გამონაბოლქვთან გამკლავებას.
„მე ვცხოვრობ საბინაო ასოციაციაში“ – თქვა ჯონმა, – „30 წელია იქ ვარ და სახლში სუნი შემოდის. ამ წლების განმავლობაში 40 მარათონი ვირბინე არხების გასწვრივ [მაგრამ] აღარ დავრბივარ, რადგან ჰაერი ძალიან დაბინძურებულია“.
მან კითხვა დასვა: „გეგმავთ მის გაწმენდას?“
მერმა უპასუხა: “გმადლობთ, რომ წამოსწიეთ მართლაც მნიშვნელოვანი საკითხი და უბრალოდ შეახსენეთ მსმენელს მიზეზი, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ამ ტოქსიკური ნივთიერებების ჩასუნთქვა იწვევს ასთმას, დემენციას, კიბოს, გულის დაავადებას და ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას…”
წამყვანი ო’ბრაიენი ჩაეკითხა: „თქვენ მონაწილეობთ ამაში? იცით, რომ არხები განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს?“
ხანმა უპასუხა: „ეს არ არის მხოლოდ არხები, ეს არის ტემზაც“.
„ასე რომ, პოლ“ – განაგრძო მან, „ჩვენ ვიცით ამის შესახებ, უბრალოდ არის ლონდონის გარკვეული უბნები, სადაც მერს ძალიან მცირე ძალაუფლება აქვს. არხები ერთ-ერთი პრობლემათაგანია და ტემზა მეორე. თქვენ რეალურად გამოავლინეთ იგივე ფაქტორები, რაც ჩვენ. ეს არის დიზელის საწვავი ბარჟები, ვიწრო ნავები და ა.შ. ჩვენ ვატარებთ რიგ ღონისძიებებს იმ პირებთან ერთად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არხებსა და მდინარე ტემზაზე“.
„ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია განათლებასთან. ბევრმა, ვინც ბარჟებს და ვიწრო ნავებს ფლობს, არ იცის, რომ ამ ნივთიერებებს სუნთქავს“.
„ახლა ჩვენ გვაქვს ჰაერის ხარისხის მონიტორები, რომლებიც აფასებენ რამდენად კარგი ან ცუდია ჰაერი. ის ცუდია არხებისა და ტემზას გასწვრივ, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა მდინარეებისა და არხების გაწმენდის თაობაზე“.
სადიქ ხანმა თავის მხრივ დაამატა: „ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ შეშა არ იყოს ნედლი, დარწმუნდით, რომ ის, რაც გამოიყენება ღუმელების გასათბობად, არ იყოს სახიფათო. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საწვავი, რომელიც გამოიყენება ვიწრო ნავებისთვის“.
„პოლ, უბრალოდ მინდა დაგამშვიდოთ, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება აქ, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ვშიშობ, თქვენი გამოცდილება არ არის უნიკალური. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შეზღუდული პირდაპირი უფლებამოსილებები, მომავალ წელს, ამ დროს, როდესაც ვისაუბრებთ ისევ, წარმოგიდგენთ ჩვენს გეგმებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამას გპირდებით.
„მობრძანდით ერთ წელიწადში პოლ, მე სერიოზულად ვარ განწყობილი ამ საკითხის მიმართ და ვიზრუნებ მასზე“.
სტატიაზე მუშაობდა: რუსა ციცქიშვილი
წყარო: Airqualitynews.com
21 მაისი, 2025