ახალი გამოწვევა: ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ კანონის გამოყენება სასამართლოებში ჯანსაღი ჰაერისთვის ბრძოლაში
ირმინა კოტიუკი, უფროსი იურისტი და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სპეციალისტი, გარემოსდაცვითი სამართლის საქველმოქმედო ორგანიზაცია ClientEarth-ში სუფთა ჰაერის პროგრამაში განმარტავს, თუ როგორ შეიძლება ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ კანონის გამოყენება სუფთა ჰაერისთვის ბრძოლაში.
ამ დროისთვის არსებობს უამრავი სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურება დამღუპველ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. თუმცა სასამართლოები მხოლოდ ახლა იწყებენ აღიარონ კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოში ჰაერის დაბინძურების დონეს შორის. სიცოცხლის უფლებისა და ჯანმრთელობის უფლების ცნებები კარგად დამკვიდრებული ადამიანის უფლებების ცნებებია და ჩვენ ვემზადებით, რომ ისინი უფრო და უფრო მეტად იყვნენ გამოყენებული ჰაერის დაბინძურების საქმეებზე.
სასამართლო ნელ-ნელა აღიარებს ჰაერის დაბინძურების გავლენას ადამიანებზე
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ზიანი ადამიანების ჯანმრთელობაზე ცალსახაა. ჰაერის დაბინძურება ყოველდღიურად მოქმედებს მთელ მსოფლიოში ადამიანების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ახალი მონაცემები ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედების შესახებ სასწრაფო პასუხს ითხოვდა და შედეგად, მათი მითითებები უფრო მკაცრი გახადა 2021 წლის სექტემბერში.
არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა აუცილებელია არა მხოლოდ კეთილდღეობისთვის, არამედ მას ეკონომიკური სარგებელიც აქვს. ბრიტანეთის მრეწველობის კონფედერაციის მიერ ჩატარებული ანალიზის დასკვნით, დაბინძურებული ჰაერის მიზეზით სამუშაოს გაცდენა ბრიტანეთს ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონი ფუნტი უჯდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შესახებ მტკიცებულებათა ბაზა ძლიერია, მოსამართლეები არ ჩქარობდნენ მათ აღიარებას. ბოლო ორი შემთხვევა ცვლის ამას – ჰაერის დაბინძურების საშიშროების სტატისტიკიდან უშუალოდ პიროვნულ დონემდე მიყვანით.
2020 წელს საფრანგეთის სასამართლომ გააუქმა საფრანგეთში მცხოვრები ბანგლადეშელი ემიგრანტის გაძევების ბრძანება, რადგან მის მშობლიურ ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების ძალიან მაღალი დონეა, რაც საზიანო იქნებოდა მისი ასთმისთვის. სასამართლომ აღიარა კავშირი მამაკაცის ასთმასა და ბანგლადეშში ჰაერის დაბინძურებას შორის. მან აღიარა, რომ მისი ასთმა იქ გამწვავდებოდა და ბანგლადეშის ჯანდაცვის სტანდარტთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდიდა მისი სიკვდილის რისკს.
დიდი ბრიტანეთის მკითხველი იცნობს ელა ადო-კისი-დებრას შემთხვევას, რომელმაც სიცოცხლე დაკარგა 2013 წელს ასთმის შეტევის შედეგად. დედის შეუპოვრობის შედეგად, ლონდონის სასამართლომ 2020 წელს აღიარა, რომ 9 წლის ბავშვი „ასთმის გამომწვევი ჰაერის გადაჭარბებული დაბინძურების ზემოქმედებით“ გარდაიცვალა. სასამართლო ექსპერტის ცალსახა დასკვნა ელას შესახებ პირველი აღიარებაა, იმის შესახებ, თუ რა როლი ითამაშა ჰაერის დაბინძურებამ ინდივიდის სიკვდილში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმეები ტექნიკურად არ ქმნის პრეცედენტს, სასამართლოში ჰაერის დაბინძურებასა და ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაცვას შორის კავშირის დამყარების შესაძლებლობა დიდი პროგრესია.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებების არგუმენტების ჩართვის შესაძლებლობა შეიძლება დაეხმაროს ჰაერის დაბინძურების მსხვერპლს, კიდევ უფრო ძლიერი საჩივრების შექმნაში.
ადამიანის უფლებების ჩართვა ჰაერის დაბინძურების შესახებ დავებში
მსოფლიო ქვეყნების მესამედს არ გააჩნია ჰაერის დაბინძურების შესახებ იურიდიულად სავალდებულო სტანდარტები. მაშინაც კი, როცა ასეთი კანონები არსებობს, სტანდარტები ხშირად არ ემთხვევა იმას, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მეცნიერები გვირჩევენ. შემაშფოთებელია, როდესაც ასეთი კანონები მოქმედებს, ზოგიერთი მთავრობა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ღიად არღვევს ამ წესებს.
სწორედ ამიტომ, ClientEarth, გარდა იმისა, რომ აგრძელებს მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეროვნული მთავრობები პატივს სცემდნენ საკუთარ კანონებს ჰაერის დაბინძურების შესახებ, ასევე იკვლევს საშუალებებს, რათა დარწმუნდეს, რომ ადამიანები ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც ჯანსაღი ჰაერი ნორმაა.
როგორც ადამიანის უფლებათა იურისტი, ჰაერის დაბინძურების საკითხს ფუნდამენტური უფლებების პერსპექტივიდან მივუდგები. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანი და სიცოცხლისათვის საშიში საფრთხეები ბუნებრივად ვრცელდება სიცოცხლის უფლებისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის საკითხებზე, რომლებიც კარგად დამკვიდრებული ცნებებია ადამიანის უფლებათა საკანონმდებლო ჩარჩოში.
ცხოვრების უფლება
სამართლებრივი საფუძველი განსაკუთრებით ძლიერია, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლის უფლებას. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მკაფიო: სიცოცხლის დაცვის მოვალეობა გულისხმობს, რომ სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები გარემოს დეგრადაციის მოსაგვარებლად, რადგან ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და სერიოზულ საფრთხეს დღევანდელი და მომავალი თაობების ცხოვრებისთვის.
იგივე ეხება ევროპასაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) აღიარა ეკოლოგიური კატასტროფებით გამოწვეული რისკი რომელიც შეიძლება სიცოცხლეს მიადგეს. თავის ერთ-ერთ საქმეში, ECtHR-მა დაასკვნა, რომ წყალდიდობამ შეუქმნა საფრთხე ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს- მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი დაზიანება არ მიუღიათ.
არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ეს დამოკიდებულება არ უნდა გავრცელდეს ჰაერის დაბინძურებაზე. ადამიანებს, რომლებიც ექვემდებარებიან ჰაერის დაბინძურებას, ემუქრებათ საფრთხე – მაშინაც კი, თუ ეს საფრთხე ჯერ არ განხორციელებულა. ჩვენ აუცილებლად დავინახავთ უფრო მეტ სასამართლო საქმეებს მომავალში, სადაც მოსარჩელეები გამოიყენებენ მათ სიცოცხლის უფლებას, როდესაც სახელმწიფოები ვერ ამცირებენ და ვერ აკონტროლებენ ჰაერის დაბინძურებას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე.
ჯანმრთელობის უფლება
კიდევ ერთი უფლება რომელიც დაკავშირებულია ჰაერის დაბიძურების პრობლემასთან არის ჯანმრთელობის უფლება
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საქმეები ECtHR-ის წინაშე წარდგენილია ძირითადად მე-8 მუხლის მიხედვით – პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. პირადი ცხოვრების ცნება ინტერპრეტირებულია, რათა ფარავდეს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მთლიანობას ჯანმრთელობის ჩათვლით. ჰაერის დაბინძურების კონტექსტში, ECtHR-მა ნათლად განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურება პოტენციურად საზიანოა ჯანმრთელობისთვის და ადამიანებს უფრო დაუცველს ხდის სხვა დაავადებების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევა. ECtHR-მა ასევე განაცხადა, რომ ჭვარტლსა და სუნთქვად მტვრის ნაწილაკებს შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, სადაც გადატვირთულია მოძრაობა.
ეს შესაძლებლობებს აძლებს სუფთა ჰაერის დამცველებს. თუ სახელმწიფოები არღვევენ ჰაერის დაბინძურების შესახებ კანონებს და ლიმიტებს, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობით ან ჯანმო-ს სახელმძღვანელო პრინციპებით, ეს შეიძლება მე-8 მუხლის დარღვევად ჩაითალოს.
გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ძლიერდება, რადგან მთავრობები აღიარებენ გარემოსდაცვითი საფრთხის სიმძიმეს, რაც დღეს საზოგადოების წინაშე დგას. მაგრამ როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ადამიანის უფლებათა კანონები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰაერის დაბინძურების მსხვერპლთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად და მთავრობების მოქმედების იძულებისთვის.
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ლედი ბოჟაძე
წყარო : airqualitynews.com