რა არის კატალიზური გადამყვანი და რისთვის არის ის საჭირო?
· კატალიზური გადამყვანი იყენებს „კამერას“, რომელსაც ეწოდება კატალიზატორი, რათა ძრავიდან გამოყოფილი მავნე ნაერთები უსაფრთხო აირებად გარდაქმნას
- 2021 წელს მოპარული კატალიზატორების რაოდენობა გაიზარდა სხვადასხვა ძვირფას მეტალზე ფასების ზრდის გამო. კონვერტერი, როგორც წესი, შეიცავს პლატინას, პალადიუმსა და როდიუმს, რომელთა გაყიდვაც შესაძლებელია
- კატალიზური კონვერტერის ქურდობები ხშირად ხდება განსაკუთრებით იმ ავტომობილებზე, რომლებსაც მაღალი კლირენსი აქვთ, რადგან უფრო მარტივია ნაწილებზე წვდომა
რას აკეთებს კატალიზური გადამყვანი?
კატალიზური გადამყვანი იყენებს „კამერას“, რომელსაც ეწოდება კატალიზატორი, რათა ძრავიდან გამოყოფილი მავნე ნაერთები უსაფრთხო აირებად გარდაქმნას (მაგ: ორთქლი). ის მუშაობს, რათა გაყოს მანქანის მიერ გამოყოფილ აირებში არსებული ჯანმრთელობისთვის საზიანო მოლეკულები, სანამ ისინი ჰაერში მოხვდებიან.
კატალიზატორი განთავსებულია ავტომობილის ქვედა მხარეს და ჰგავს მეტალის დიდ ყუთს, საიდანაც ორი მილი გამოდის. ამ მილებსა და კატალიზატორს კატალიზური გადამყვანი აირების უსაფრთხო გამოდევნის პროცესში იყენებს. აირები შემოდის „შესასვლელი“ მილიდან, რომელიც ავტომობილის ძრავთანაა მიერთებული, ხდება ქიმიური რეაქცია და შლის დამაბინძურებლებს. ნაკლებად მავნე აირები გადიან მეორე ან „გამოსასვლელი“ მილიდან, რომელიც ავტომობილის გამოსაფრქვევ მილთანაა მიერთებული.
კატალიზური გადამყვანის შიგთავსი
რისგან არის კატალიზური გადამყვანი დამზადებული? კატალიზური გადამყვანის შიგთავსი, როგორც წესი, მზადდება პლატინისგან ან ანალოგიური მეტალისგან, როგორიცაა პალადიუმი. აირები გადის კერამიკული ფიჭური სტრუქტურის გავლით. ის მოპირკეთებულია მეტალებით, რომელთაც ემიისის შემცირებაში სპეციფიკური როლი აკისრიათ. არსებობს ორი ტიპის მთავარი კატალიზატორი, რომელიც შეიძლება იყოს განთავსებული მანქანაში:
- სამმხრივი კატალიზური კონვერტერი (აღმდგენი კატალიზატორები): ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის დაბინძურების შემცირებას ჟანგბადის მოცილებით. აზოტის ოქსიდები იყოფა აზოტისა და ჟანგბადის აირებად, რომლებიც თავისთავად უვნებელია.
- ჟანგვითი კატალიზატორები: გამოიყენება ნახშირბადის მონოქსიდის ჟანგბადის დამატებით ნახშირორჟანგად გადაქცევისთვის.
ასევე კატალიზატორთან ახლოს არის ჟანგბადის სენსორი, რომელიც ატყობინებს ავტომობილის მართვის ელექტრონულ ბლოკს, თუ რა რაოდენობის ჟანგბადია გამონაბოლქვ აირებში. ეს ეხმარება ავტომობილს, იმუშაოს ჰაერის/საწვავის უფრო ეფექტური თანაფარდობით, რაც საშუალებას აძლევს ძრავს, უზრუნველყოს კონვერტერი საკმარისი ჟანგბადით ჟანგვითი პროცესის დასასრულებლად.
კატალიზური გადამყვანის ტიპები
როგორც მანამდე აღინიშნა, არსებობს ორი ძირითადი კატალიზატორი – სამმხრივი (აღმდგენი) და ჟანგვითი – რომელიც შეიძლება, იქნეს გამოყენებული გამონაბოლქვ სისტემაში განსაზღვრული აირების დასამუშავებლად. ავტომობილის გამოშვების თარიღისა და კატალიზური გადამყვანის ტიპიდან გამომდინარე შესაძლოა, ავტომობილს აღმდგენი კატალიზური კონვერტერი არ ჰქონდეს. არსებობს კატალიზატორის ორი ძირითადი ტიპი:
- ორმხრივი: ორმხრივი კატალიზური კონვერტერი ავტომობილებს აშშ–ში 1981 წლამდე ჰქონდათ. ისინი იყენებდნენ მხოლოდ ჟანგვით კატალიზატორებს, რომლებიც ნახშირბადის მონოქსიდებს ნახშირორჟანგად გადაქცევაში ეხმარებოდა. ნახშირწყალბადები (უწვადი და ნაწილობრივ წვადი საწვავი) გადაიქცევა ნახშირორჟანგად და წყლად.
- სამმხრივი: 1981 წლიდან კი სამმხრივი კატალიზური გადამყვანი შემოდის. როგორც უკვე აღინიშნა, ის აზოტის ოქსიდების აზოტად და ჟანგბადის აირებად გადასაქცევად გამოიყენება.
დიზელის ძრავებში იყენებენ ორმხრივ კატალიზატორებს. ასევე სპეციალურადაა შექმნილი კონვერტერები დიზელის გამონაბოლქვთან სამუშაოდ. ასეთი ტიპის ძრავებისთვის შექმნილი კონვერტერები მიმართულია ისეთი მცირე ნაწილაკებისკენ, როგორებიცაა ხსნადი ორგანული ფრაქციები. ისინი შექმნილია ნახშირწყალბადებისგან, რომლებიც ნამწვთანაა დაკავშირებული.
როგორ ავიცილოთ თავიდან კატალიზატორის ქურდობა
კატალიზატორები ხშირად ქურდობის სამიზნე ხდება, რადგან მისი გარკვეული ნაწილი ღირებულ, ძვირფას მეტალებს შეიცავს. კატალიზური კონვერტერის ქურდობები ხშირად ხდება განსაკუთრებით იმ ავტომობილებზე, რომლებსაც მაღალი კლირენსი აქვთ, რადგან უფრო მარტივია ნაწილებზე წვდომა.
მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ავტომობილი გყავთ, არსებობს რამდენიმე გზა, რათა კატალიზატორის ქურდობა თავიდან აიცილოთ:
- შეადუღეთ კატალიზატორი ავტომობილის ჩარჩოს, ეს გაართულებს მის ამოღებას;
- შეგიძლიათ, შეიძინოთ ლითონის გალიის მსგავსი დამატებითი ნაწილი, რომლითაც შეიძლება, დაიფაროს კატალიზატორი;
- დაამონტაჟეთ მანქანის სიგნალიზაცია ვიბრაციის გამაფრთხილებელი სენსორით;
- კონვერტერზე ამოტვიფრეთ თქვენი ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი, რაც გაართულებს ნაწილის გაყიდვას.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ იპარავენ კატალიზატორებს?
2021 წელს მოპარული კატალიზატორების რაოდენობა გაიზარდა ნაწილობრივ სხვადასხვა ძვირფას მეტალზე ფასების ზრდის გამო. კონვერტერი, როგორც წესი, შეიცავს პლატინას, პალადიუმსა და როდიუმს, რომელთა გაყიდვაც შესაძლებელია.
რა რაოდენობის პლატინა, პალადიუმი და როდიუმია კატალიზატორში?
როგორც წესი, სტანდარტულ კატალიზურ გადამყვანში 3-დან 7 გრამამდე პლატინა, 2-დან 7 გრამამდე პალადიუმი და დაახლოებით 2 გრამი როდიუმია.
კატალიზატორის პრობლემების ნიშნები
რა ხდება მაშინ, როცა კატალიზატორი გამოდის მწყობრიდან? იმის გათვალისწინებით თუ რა როლს თამაშობს კატალიზატორი ავტომობილის გამონაბოლქვ სისტემაში, ცვეთის დაწყებისას მთელი რიგი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს.
რამდენიმე მაგალითი, რომელთაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება:
- საწვავის ეფექტურობის შემცირება: თუ კატალიზატორი დაბინძურდა, ამან შეიძლება, შეამციროს ძრავში ჰაერის ნაკადი. დასაკომპენსირებლად ძრავმა შეიძლება, დაიწყოს ჩვეულებრივზე მეტი საწვავის გამოყენება, რაც გამოიწვევს საწვავის ეფექტურობის შესამჩნევ ვარდნას.
- გამაფრთხილებელი ნათურა: ძრავის შემმოწმებელი ნათურა შეიძლება, მიუთითებდეს რამდენიმე პრობლემაზე. თუმცა, 1996 წლის შემდეგ გამოშვებულ მანქანებზე არის დიაგნოსტიკური სისტემა, რომელიც კატალიზატორს ამოწმებს. თუ კონვერტერი გაუმართავია, ჰაერ-საწვავის თანაფარდობის სენსორებმა შეიძლება გამაფრთხლებელი ნათურის გადაწვა გამოიწვიოს.
- კატალიზურ გადამყვანში შეიძლება, მოხდეს შიდა დაზიანება, რაც გამონაბოლქვი აირის გარდაქმნას ართულებს. შედეგად შეიძლება, გაჩნდეს გოგირდის „დამპალი კვერცხის“ სუნი.
- ძრავის დაქოქვის პრობლემები: ავტომობილიდან გამონაბოლქვი აირები უნდა გამოთავისუფლდეს. გაჭედილ კატალიზატორსაც შეუძლია ამის ეფექტურად თავიდან აცილება. ამან შეიძლება გამონაბოლქვი აირების გაზრდილი წნევა და ძრავის ხმაური ან საეროდაც გაჩერება გამოიწვიოს.
- ცუდი აჩქარება: გამონაბოლქვი აირები აუცილებლად უნდა გამოთავისუფლდეს. გაჭედილი კატალიზატორის დაგროვილმა გამონაბოლქვმა და გაზრდილმა წნევამ შეიძლება, გამოიწვიოს პრობლემები ავტომობილის აჩქარებისას. თქვენ შეიძლება, შეამჩნიოთ რყევითი მოძრაობები და შეჩერებები.
- წარუმატებელი გამონაბოლქვის ტესტი: ბევრ შტატში ითხოვენ ავტომობილებზე ემისიების რეგულარულ შემოწმებას და თუ ავტომობილი აღნიშნულ ტესტირებას ვერ გაივლის, ამაში შეიძლება, თქვენი კატალიზატორი იყოს დამნაშავე.
სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესქირი
წყარო : www.uti.edu