ფოთოლი
რა ჯობს კოცონის დანთებას, თბილად და მყუდროდ საუბარს, ბოლის სუნით გაჟღენთილ გემრიელობებს. თუმცა, ფოთლებისა და სხვადასხვა ნარჩენების დაწვისას გამოყოფილი ბოლი სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს, მათი დაწვა კანონითაც აკრძალულია და 400 ლარამადე ჯარიმას ითვალისწინებს. დაწვის ნაცვლად, შესაძლებელია ფოთლების მულჩისა და კომპოსტისთვის გამოყენება, არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაბარება ან ბუნკერში გადაყრა.
ზოგადი ინფორმაცია
ფოთლების, თივის, პლასტმასას და სხვადასხვა შეფუთვის, რეზინის, შეღებილი ფიცრებისა და სხვა ნარჩენების დაწვის დროს ჰაერში გამოიყოფა მომწამვლელი აირები. ისინი ვრცელდება ასობით მეტრის მანძილზე, ამიტომ ერთი კოცონის ბოლმაც კი შეიძლება რამდენიმე ადამიანი მოწამლოს.
ნარჩენების წვის რამდენიმე კერის მიერ ჰაერის დაბინძურდება ზოგჯერ უტოლდება ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეულ ზიანს. ბოლი ბავშვებისთვის 6-ჯერ უფრო უფრო საზიანოა, ვიდრე უფროსებისთვის. ის განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის, სხვადასხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის და მოხუცებისთვის.
ფოთლებისა და ნარჩენების წვის ბოლი საზიანოა გარემოსთვის, აბინძურებს ჰაერს, აზიანებს ნიადაგს, იწვევს მიკროორგანიზმების, მწერებისა და ცხოველების სიკვდილს. ამიტომ ფოთლების, თივის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვისთვის ჯარიმა 200 ლარია, პლასტმასას და სხვა არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების წვისთვის – 400 ლარი.
ზიანი ჯანმრთელობისთვის
მიკრონაწილები, რომლებიც წვისას გამოიყოფა, ღრმად აღწევს ფილტვებში და დიდხანს, ზოგჯერ წლობით რჩება. ამის გამო ადამიანმა შესაძლოა ნაკლები რაოდენობის ჰაერის ჩასუნთქვა შეძლოს.
ისინი ასევე იწვევს ხველას, ტკივილს გულ-მკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობას, სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებებს, განსაკუთრებით მოქმედებს ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანებზე, მოხუცებზე და ბავშვებზე. ბოლი ბავშვებისთვის 6-ჯერ უფრო უფრო საზიანოა, ვიდრე უფროსებისთვის.
შედარებით ნედლი ფოთლების წვისას გამოიყოფა ნახშირწყალბადები, რომლებიც იწვევს თვალების, ცხვირის ღრუს, ყელისა და ფილტვების გაღიზიანებას. ზოგიერთი მათგანი კანცეროგენულია, ანუ იწვევს კიბოს.
ფოთლების წვისას ასევე გამოიყოფა ნახშირბადის მონოოქსიდი. შესუნთქვისას ის ხვდება სისხლში და იწვევს მასში ჟანგბადის რაოდენობის შემცირებას. ამის შედეგი შეიძლება იყოს ხველა, ხრიალი, და სასუნთქი გზების პრობლემები, რომლებიც შესაძლოა ქრონიკულ დაავადებებადაც კი იქცეს. ნახშირბადის მონოოქსიდით მოწამვლის სიმპტომებს შორისაა გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
ფოთლები ბუნებისთვის
ფოთლების დაწვისას თავიდან ვიშორებთ იმ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ხეს სჭირდება. შედეგად – ნიადაგი იფიტება, ხეებს უჩნდება დაავადებები, ირღვევა ადგილობრივი ეკოსისტემა. თუ ფოთლების ხესთან დატოვებას დავიწყებთ, 2-3 წლის შემდეგ ეკოლოგიური ბალანსი შედარებით აღდგება.
ფოთლების დაწვისას გამოყოფილი ბოლი შეიცავს ისეთ აირებსაც, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას.
ფოთლები იცავს მიწას გაყინვისგან, თანდათან იშლება და ანოყიერებს მას. გავრცელებული მითების მიუხედავად, ფოთლების ნაცარი სინამდვილეში მიწას არ ანოყიერებს. ფოთლებისა და ნარჩენების მიწის ზედაპირზე წვისას ზიანდება ნიადაგის ზედა ფენა, ნადგურდება სასარგებლო მიკროორგანიზმები.
დაწვის ალტერნატივები
დაწვა ნარჩენებთან გამკლავების ყველაზე საზიანო მეთოდია. რა თქმა უნდა, ბუნებაში დაყრილი ნარჩენების ნახვა არასასიამოვნოა და გარემოსაც აზიანებს, თუმცა უბრალოდ დაყრისას ეკოლოგიური ნაფეხური დაწვაზე უფრო მცირეა.
ეკოლოგიური ნაფეხური არის პირობითი ერთეული, რომლითაც სპეციალისტები ზომავენ, რამდენად დიდ ზიანს აყენებს რომელიმე ქმედება გარემოს. მაგალითად, შესაძლოა ბუნებაში დაგდებულმა პოლიეთილენის პაკეტმა ცხოველს, ფრინველს და მცენარეს ავნოს, მაგრამ იგივე პაკეტის დაწვით გამოწვეული ზიანი უფრო დიდი იქნება.
შესაძლებელია პლასტმასას, რიზინის ნაწარმი, ქაღალდის, შუშის და სხვა არასაყოფაცოვრებო ნაწარმის გადასამუშავებლად ჩაბარება. სხვადასხვა საწარმოები ნარჩენების სანაცვლოდ ადამიანებს მცირე თანხასაც უხდიან.
სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ. „ხელახლა გამოყენება“ (“Reuse”). ძველი შეფუთვისგან, გამოყენებული ყუთებისგან თუ ბოთლებისგან დიზაინერები და ჩხირკედლაობის მოყვარულები ახალ ნივთებს ამზადებენ, ზოგჯერ კი ხელოვნების ნიმუშებსაც კი ქმნიან.
ფოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან მზადდება კომპოსტი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასანოყიერებლად და იყიდება კიდეც. ფოთლებით მზადდება მულჩიც, რომელიც აქტიურად გამოიყენება ბაღსა და ბოსტანში. შესაძლებელია ორგანული ნარჩენებისა და ფოთლების უბრალოდ მიწაზე დატოვებაც.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ნებისმიერი მეთოდი – გადამუშავება თუ უბრალოდ, ბუნკერში გადაყრა – ბევრად უკეთესია გარემოსა და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ნარჩენების დაწვა.
სტატიაზე იმუშავა : ქეთი დავითაშვილი