დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
- გლაზგოს ცენტრში ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა, აზოტის დიოქსიდის (NO₂) დონე დაბალი ემისიის ზონის (LEZ) სრული ამოქმედების შემდეგ 34%-ით შემცირდა.
- NO₂–ის ყველაზე მაღალი დაფიქსირებული მაჩვენებელი კი 25%-ით ნაკლებია დადგენილ ნორმაზე. PM10-ისა და PM2.5-ის დონეები ასევე არ აჭარბებს დასაშვებ ნორმებს მონიტორინგის ყველა ლოკაციაზე.
- “ჰაერის დაბინძურება არაპროპორციულად მოქმედებს ყველაზე ახალგაზრდაზე, ყველაზე ხანდაზმულსა და უკვე არსებული სამედიცინო პრობლემების მქონე პირებზე. შესაბამისად, LEZ ეფექტურად მუშაობს გლაზგოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად და ჯანმრთელობის უთანასწორობის შესამცირებლად”.
2025 წლის ქალაქის ჰაერის ხარისხის ყოველწლიური პროგრესის ანგარიშის თანახმად – ეს პირველი ანგარიშია, რომელიც მოიცავს აღსრულების შემდგომი სრული წლის მონაცემებს – LEZ-ის (დაბალი ემისიის ზონა) ტერიტორიაზე NO₂-ის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე ადრეულ წლებში. ამით ზონის გარეთ მდებარე ტერიტორიებმაც ისარგებლეს, დიფუზიური მილის მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა NO₂-ის 21%-ით შემცირება.
პირველად, 30 წლის შემდეგ, 2024 წელს გლაზგომ ქალაქის მასშტაბით ჰაერის ხარისხის ყველა კანონიერ მაჩვენებელს მიაღწია. მესამე წელია, რაც ავტომატური მონიტორინგის სადგურების მიერ NO₂-ის დონის დადგენილ ზღვრებზე დაბალი მონაცემი დაფიქსირდა. ჰოუპის ქუჩაზე, რომელიც ოდესღაც შოტლანდიაში NO₂-ის ყველაზე მაღალი დონით იყო ცნობილი, ამჟამად კონცენტრაცია კანონით დადგენილ მაჩვენებელზე თითქმის 10%-ით დაბალია.
ქალაქის ცენტრის ძირითადი ადგილები: გორდონის ქუჩა და „ჰიელანმანის ქოლგა“, რომლებიც ადრე აჭარბებდნენ დაბინძურების დასაშვებ ზღვრებს, ახლა სრულად შეესაბამება სტანდარტებს. NO₂-ის ყველაზე მაღალი დაფიქსირებული მაჩვენებელი კი 25%-ით ნაკლებია დადგენილ ნორმაზე. PM10-ისა და PM2.5-ის დონეები ასევე არ აჭარბებს დასაშვებ ნორმებს მონიტორინგის ყველა ლოკაციაზე.
გლაზგომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გამო, ჰაერის ხარისხის მართვის ოთხი ზონიდან (AQMA) სამი გააუქმა. ქალაქის ცენტრის AQMA, რომელიც 2002 წლიდან მოქმედებს, შესაძლოა 2029 წლამდეც კი მოიხსნას, თუ მიმდინარე პროგრესი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
ოფიციალური პირების თქმით, LEZ გადამწყვეტ როლს თამაშობდა ამ მიზნების მიღწევაში, რაც ხელს უწყობდა უფრო სუფთა ჰაერის შექმნას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და გლაზგოს უფრო ფართო გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის პროგრესს.
ტრანსპორტის, კლიმატისა და ქალაქის ცენტრის აღდგენის საკითხებში საბჭოს წევრმა, ანგუს მილარმა, განაცხადა: „ეს ახალი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ გლაზგოს დაბალი ემისიის ზონა წარმატებით უმკლავდება ქალაქის ცენტრში ჰაერის დაბინძურებას. LEZ-ის შემოღების შემდეგ მავნე აზოტის დიოქსიდის დონის ერთი მესამედით შემცირება ყველასთვის უფრო სუფთა ჰაერს ნიშნავს“.
„ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად გლაზგოში ასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზია და ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. LEZ შემოღებულ იქნა დაბინძურების მაღალი დონის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამჟამად, პირველად გლაზგო ყველა აღრიცხულ ადგილას აკმაყოფილებს ჰაერის დაბინძურების კანონით დადგენილ ლიმიტებს.
„ქალაქის ცენტრში ჰაერის ხარისხის ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კრიტიკულ დროს ხდება, ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა იზრდება და ძირითადი ქუჩები „ავენიუს“ პროგრამის ფარგლებში გარდაიქმნება. უფრო სუფთა ჰაერი არა მხოლოდ ამცირებს ჯანმრთელობის რისკებს, არამედ ხელს უწყობს ყველასთვის უფრო სასიამოვნო გარემოს შექმნას.“
ფიონა ჰისლოპმა განაცხადა: „ძალიან მოხარული ვარ, რომ გლაზგოს დაბალი ემისიის ზონა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადგილობრივი ჰაერის ხარისხს. ამ დასკვნებიდან ვხედავთ მკაფიო და პირდაპირ კავშირს დაბალი ემისიის ზონასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შორის. გლაზგო იყო პირველი დაბალი ემისიის ზონა შოტლანდიაში, რომელმაც დაიწყო აღსრულება და პირველი, რომელმაც ეს შეღავათები უზრუნველყო. დროთა განმავლობაში შეგვიძლია ველოდოთ მსგავს შემცირებას აბერდინში, დანდისა და ედინბურგში“.
„ჩვენ ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურება არაპროპორციულად მოქმედებს ყველაზე ახალგაზრდაზე, ყველაზე ხანდაზმულსა და უკვე არსებული სამედიცინო პრობლემების მქონე პირებზე. შესაბამისად, LEZ ეფექტურად მუშაობს გლაზგოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად და ჯანმრთელობის უთანასწორობის შესამცირებლად”.
„ამავდროულად, ნამდვილად იმედისმომცემია, რომ LEZ-იდან მიღებული შემოსავალი ხელახლა ინვესტირდება ადგილობრივი საზოგადოებრივი პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც მუშაობენ კლიმატის დაცვასა და ქალაქში ჰაერის ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებაზე.“
სტატიაზე მუშაობდა : რუსა ციცქიშვილი
წყარო: LOW EMISSION ZONE HAS REDUCED GLASGOW’S AIR POLLUTION BY A THIRD