აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შეთანხმება განახლებადი ენერგიისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ
- აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა ეკონომიკური პარტნიორობა თანამშრომლობის გასაძლიერებლად განახლებადი ენერგიის, ხელოვნური ინტელექტისა (AI) და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალების შესახებ;
- ეს გეგმა აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს საშუალებას მისცემს, გაძლიერდეს მათი მომმარაგებელი ქსელები, დაბანდდეს კაპიტალი ერთმანეთის ინდუსტრიებში და განვითარდეს მომავალი ტექნოლოგიები;
- როიტერსის გადმოცემით, აშშ და გაერთიანებული სამეფო საერთო სტრატეგიას ეძებს ხელოვნური ინტელექტის რეგულაციისა და უსაფრთხოებისთვის.
აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა ეკონომიკური პარტნიორობა, სახელწოდებით „ატლანტიკური დეკლარაცია“, თანამშრომლობის გასაძლიერებლად განახლებადი ენერგიის, ხელოვნური ინტელექტისა (AI) და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალების შესახებ, „რათა უზრუნველვყოთ ჩვენი გამორჩეული კავშირის ადაპტაცია, გაძლიერება და გადააზრება ამჟამად არსებული გამოწვევებისთვის,“ — განაცხადა თეთრმა სახლმა.
როიტერსის (საინფორმაციო სააგენტოს) გადმოცემით, თეთრმა სახლმა დეკლარაცია, რომელიც მართავს ტექნოლოგიურ, კომერციულ, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, მოიხსენია „აქამდე არნახულად“.
ეს გეგმა აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს საშუალებას მისცემს, გაძლიერდეს მათი მომმარაგებელი ქსელები, დაბანდდეს კაპიტალი ერთმანეთის ინდუსტრიებში და განვითარდეს მომავალი ტექნოლოგიები, — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა.
„ატლანტიკური დეკლარაცია და თანდართული მოქმედების გეგმა ქმნის ინოვაციური პარტნიორობის ახალ საფუძვლებს ჩვენი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კომერციული და სავაჭრო ურთიერთობების მთლიან სპექტრში. „ეს არის აქამდე არნახული შეთანხმება, რომლის სრულად განხორციელება მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ხელმძღვანელობასა და ფანტაზიას,“ — განმარტა თეთრმა სახლმა.
აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის თანამშრომლობის ნაწილი, ასევე სამოქალაქო ბირთვული შეთანხმებაც შედგა, რომელიც მოიცავს მომავალში ახალი ინფრასტრუქტურის აშენებასა და რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შეწყვეტას.
„ჩვენი ერთობლივი მოქმედება და ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს და დაეხმარება ბირთვული ტექნოლოგიების უსაფრთხო, დაცულ და მდგრად საერთაშორისო განაწილებას, მათ შორის პატარა მოდულური რეაქტორების ანტიპროლიფერაციას უმაღლეს სტანდარტებთან და გლობალური დათბობის 1.5 გრადუს ცელსიუსიან ზღვართან შესაბამისობაში,“ — ავრცელებს თეთრი სახლი.
როიტერსის გადმოცემით, აშშ გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად საერთო სტრატეგიას ეძებს ხელოვნური ინტელექტის რეგულაციისა და უსაფრთხოებისთვის, —თქვა ბაიდენმა ვაშინგტონის საერთო პრესკონფერენციაზე.
„შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო აცნობიერებს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს, შეცვალოს ჩვენი საზოგადოება და ეკონომიკა. ვიაზრებთ მთავრობის ვალდებულებას, გახსნას შესაძლებლობები და შეამციროს ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო წარმოქმნილი რისკები,“ — განაცხადა თეთრმა სახლმა პრესკონფერენციაზე. „ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას ხელოვნური ინტელექტის საკითხზე უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი ქმედებებით“.
ეს დეკლარაცია ცდილობს, შეამსუბუქოს ინფლაციის შემცირების აქტის გარკვეული ზეგავლენა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაზე. გაერთიანებულ სამეფოს აშშ-ში ექსპორტზე გააქვს ნედლი მასალა ელემენტების საწარმოებლად ელექტრული სატრანსპორტო საშუალებებისთვის, თუმცა არ შეუძლია, მიიღოს წვდომა ინფლაციის შემცირების აქტის საგადასახადო ფასდაკლებაზე სავაჭრო შეთანხმების გარეშე.
„კონგრესის კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ვგეგმავთ, უმალვე დავიწყოთ მოლაპარაკებები კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალების საკითხე, რომელიც ეხება ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებებისთვის ხუთ ყველაზე საჭირო მინერალს: კობალტს, გრაფიტს, ლითიუმს, მარგანეცსა და ნიკელს“.
ატლანტიკური დეკლარაცია ასევე მოიცავს დაპირებას აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მონაცემთა ხიდის შექმნაზე ინფორმაციის თავისუფლად გადაცემის მიზნით. „ბუნებრივია, როდესაც ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ უდიდეს ეკონომიკურ ტრანსფორმაციას ვეჯახებით, ჩვენ ერთმანეთს მივმართავდით უფრო ძლიერი მომავლის ასაშენებლად,“ — განაცხადა სუნაკმა. „ატლანტიკური დეკლარაცია ქმნის თანამშრომლობის ახალ სტანდარტს, რომელიც აჩქარებს ჩვენს ეკონომიკას, რათა შევძლოთ ჩვენი ხალხის დაცვა, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ერთად გავზარდოთ სარგებელი“.
სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი
წყარო: Ecowatch.com
13 დეკემბერი 2023 წელი