მეცნიერებმა ნახშირორჟანგი საავიაციო საწვავად გარდაქმნეს
დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ნახშირწყალბადის აღდგენის შედეგად ნახშირორჟანგი საავიაციო საწვავად გარდაქმნეს. მათი მიზანი ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით გარემოზე ავიაინდუსტრიის უარყოფითი ზემოქმედების თავიდან არიდებაა, რაც CO2-ის შემცველი გამონაბოლქვის შემცირებას ითვალისწინებს. მკვლევართა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
“კლიმატის ცვლილების პროცესი უფრო და უფრო ჩქარდება, ატმოსფეროში კი ნახშირორჟანგის კონცენტრაცია საკმაოდ დიდია. ნახშირწყალბადის საწვავის წარმოების ტექნოლოგია უკვე არსებობს. ამან შესაძლოა ზემოხსენებული პრობლემის განმუხტვასა და ნახშირბადზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარებისთვის გამოყენებას შეუწყოს ხელი”, – აცხადებს ნაშრომის თანაავტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ტიანქუნ შაო.

წიაღისეული საწვავების, ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის წვის შედეგად მათში შემავალი ორგანული ნაერთი ნახშირწყალბადი ნახშირორჟანგად გარდაიქმნება, რის შემდეგაც წყალი და ენერგია გამოიყოფა. ახალი ექსპერიმენტი კი პროცესს პირიქით წარმართავს და ორგანული წვის მეთოდის გამოყენებით CO2-ს კვლავ საწვავად აქცევს. ამისთვის 350°C ტემპერატურზე ლიმონმჟავის, წყალბადის, რკინის კატალიზატორის, მანგანუმისა და კალიუმის ნახშირორჟანგთან ურთიერთქმედებაა საჭირო. აღნიშნული ქიმიური რეაქციის გამოყენებით მეცნიერებმა შეძლეს ხელახლა წარმოექმნათ ნახშირწყალბადის მოლეკულები, რომელსაც საავიაციო საწვავი შეიცავს.
მკვლევართა განცხადებით, რეაქტიული ძრავებისთვის განკუთვნილი საწვავის წარმოების სხვა, მათ შორის წყალბადისა და წყლის გარდაქმნის, იგივე ჰიდროგენიზაციის მეთოდთან შედარებით, ახლად შემუშავებული ტექნოლოგია უფრო მცირე ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. ეს, პირველ რიგში, პროცესის წარმართვისთვის ბევრად ნაკლები ელექტროენერგიის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. მეცნიერთა თქმით, მსგავსი გარდამქმნელი სისტემა ისეთ ქარხნებში უნდა დამონტაჟდეს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფენ.