სუფთა ჰაერის აქტმა 1.5 მილიარდი ფრინველი გადაარჩინა
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კვლევების თანახმად, ოზონის დაბინძურების შემცირებამ შესაძლოა 1.5 მილიარდი ფრინველი გადაარჩინა აშშ-ში.
ფრინველების სიმრავლესა და ჰაერის დაბინძურებას შორის კავშირის შესასწავლად, ნიუ იორკის კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარები 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ფრინველთა რაოდენობის და ჰაერის ხარისხის ყოველთვიურ ცვლილებებს აშშ-ს თითქმის 3,000 ადმინისტრაციულ ერთეულში.
კვლევის თანახმად, ოზონის დაბინძურება განსაკუთრებით საზიანოა პატარა, გადამფრენი ფრინველებისთვის, როგორიცაა ბეღურები და მთიულასებრნი, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის ყველა ფრინველის სახეობის 86%-ს შეადგენენ.
ოზონი პირდაპირ აზიანებს ფრინველების რესპირატორულ სისტემას, ასევე გარკვეულწილად აზიანებს მათი საკვების წყაროებს.
ჩრდილოეთ ამერიკაში ფრინველთა რაოდენობა 1970 წლის შემდეგ თითქმის 3 მილიარდით შემცირდა. ამ კვლევის მიხედვით, დამატებით 1.5 მილიარდი ფრინველიც შეიძლება დაკარგულიყო, რომ არა ის რეგულაციები და ოზონის დაბინძურების შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც სუფთა ჰაერის აქტს დაედო საფუძვლად.
კვლევის მთავარმა ავტორმა, ივან რუდიკმა განაცხადა: „ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ გარემოს დაცვის მიზნით გატარებული ზომების და რეგულაციების სარგებელი სათანადოდ არ იყო შეფასებული.“
„დაბინძურების შემცირება დადებით გავლენას ახდენს გაუთვალისწინებელ ადგილებზე, ეს კი შედეგად უზრუნველყოფს დამატებითი ბერკეტის შექმნას კონსერვაციის მცდელობებისთვის.“
პროფესორმა ამანდა როდუალდმა ასევე დასძინა: ,,ოზონს შეუძლია მიაყენოს, არა მხოლოდ, პირდაპირი ფიზიკური ზიანი ფრინველებს, არამედ მას შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს მცენარეთა ჯანმრთელობა და შეამციროს მწერების რაოდენობა, რომლითაც ფრინველები იკვებებიან.“
„გასაკვირი არ არის, რომ ფრინველებს, რომლებსაც არა აქვთ მაღალი ხარისხის ჰაბიტატზე ან საკვებ რესურსებზე წვდომა, ნაკლები შანსი აქვთ გადარჩენის ან შეუფერხებელი გამრავლების. ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ გარემოსდაცვითი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა ადამიანის ჯამრთელობის დაცვას, ამავდროულად ფრინველებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა.“
ამასთან დაკავშირებით Air Quality News– მა აღმოაჩინა შემაშფოთებელი კავშირი ჰაერის გარკვეულ დამაბინძურებლებს და ბუნებრივ გარემოს შორის.
კევინ ჰიკსმა, სტოკჰოლმის გარემოს ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა და ამ დარგის ექპერტმა
განაცხადა: „ჰაერის დაბინძურება მთავარი ფაქტორია ბუნებრივი გარემოს შეცვლის თვალსაზრისით. ის ცვლის ეკოსისტემების ძირითად სტრუქტურას და მათ ფუნქციებს.“
სტატიაზე იმუშავა : მაია ბურდული – სალომე აბუაშვილი
წყარო : https://airqualitynews.com