ნორვეგია აცხადებს, რომ მარტში შეძენილი ახალი ავტომობილების 87% ელექტრო იყო
- არის მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ელექტროავტომობილების გაყიდვები 90%-იან ნიშნულს გასცდება
- ნორვეგია მსოფლიო ლიდერია სრულად ელექტროავტომობილების დანერგვის კუთხით და ყველაზე დიდი ელექტროავტომობილების ავტოპარკით ერთ სულ მოსახლეზე
- გასული წლის ივლისში გამოცხადდა, რომ 2022 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში ყველაზე გაყიდვადი მანქანების პირველ ათეულში ყველა სრულად ელექტროავტომობილი იყო
მარტის თვეში ნორვეგიაში გაყიდული 19 366 ახალი ავტომობილიდან 16 811 ელექტროავტომობილი იყო. ეს არის მთლიანი გაყიდვების 86.8%, ხოლო თუ არ ჩავთვლით ჰიბრიდულ ავტომობილებს, დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილებმა ერთად გაყიდვების მხოლოდ 2.7 % შეადგინა.
ეს მაჩვენებელი გასული წლის მარტთან შედარებით ელექტრომობილების გაყიდვების 19.3%-იან ზრდას ასახავს.
არის მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ელექტროავტომობილების გაყიდვები 90%-იან ნიშნულს გასცდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა 2025 წლის დასასრულისათვის თავისუფლად შეძლებს დადგენილი 100%-იანი მიზნის მიღწევას.
გასაოცარი რამ მოცემულ ციფრებში არის ის, რომ წლის პირველ სამ თვეში გაყიდული ავტომობილების ზუსტად მესამედი იყო Tesla-ის, ხოლო Tesla Model Y მარტში გაყიდული მანქანების 44.3%-ს შეადგენდა.
იმის წყალობით, რომ ელექტროავტომობილები ნორვეგიაში დიდი ხანია, ნაცნობი სანახაობაა, მეორეული პროდუქციის ბაზარი აქ ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მეპატრონე 14%-ით მეტმა ელექტროავტომობილმა შეიცვალა. იზრდება ელექტროფურგონების გაყიდვების რაოდენობაც.
ნორვეგია მსოფლიო ლიდერია სრულად ელექტროავტომობილების დანერგვის კუთხით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტროავტომობილების ავტოპარკით ერთ სულ მოსახლეზე. გასულ წელს გზაზე ელექტროავტომობილების რაოდენობამ მთლიანი რაოდენობის 25%-ს მიაღწია. აღნიშნულ ცვლილებას ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკამ, რომელიც გულისხმობდა 25% დღგ-ის დაწესებას შიდაწვის ძრავის მანქანებზე და მთელ რიგ შეღავათებს სრულად ელექტროავტომობილების მფლობელთათვის (საგზაო მოსაკრებლის, პარკირების საფასურისა და გზით სარგებლობისთვის დაწესებული გადასახადებისგან გათავისუფლება; ასევე ავტობუსის ზოლების გამოყენების შესაძლებლობა). ეს კი ნიშნავდა, რომ სრულად ელექტროავტომობილის შეძენა და ექსპლუატაცია უკვე აღარ იყო შიდაწვისძრავიან ავტომობილზე უფრო ძვირი. ეს წახალისებები იმ დროს სერიოზულ დავის საგნად იქცა და მას შემდეგ ეტაპობრივად გაუქმდა.
გასული წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში ყველაზე გაყიდვადი მანქანების ტოპ ათეულში ყველა სრულად ელექტროავტომობილი იყო – პერიოდი, როდესაც დამუხტვადი (Plug-in) ჰიბრიდების გაყიდვა 70.2%-ით შემცირდა.
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ოზბეტელაშვილი და ანუკი კვეკვესქირი
წყარო : airqualitynews.com
1 ნოემბერი 2023 წელი.