NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
- 2024 წელს NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო, ერთობლივი მისიის ფარგლებში, დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრს გაუშვებენ
- მაღალტექნოლოგიური კამერებით აღჭურვილი თანამგზავრი გაზომავს ჰაერის დამაბინძურებელი მყარი ნაწილაკების გავლენას ადამიანების ჯანმრთელობაზე
- დაკვირვების ობიექტებად შეარჩიეს დედამიწის 11 უდიდესი ქალაქი, მათ შორის დელი, პეკინი და ადის-აბება
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო (ASI) კოსმოსში ერთად გაუშვებენ თანამგზავრს, რომელიც პლანეტის 11 უდიდეს ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონეს გააკონტროლებს.
თანამგზავრი Multi-Angle Imager for Aerosols (MAIA), რომლის კოსმოსში გაშვება 2024 წლისთვის იგეგმება, შეისწავლის, თუ რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს NASA-ს ჯანდაცვასთან დაკავშირებული პირველი მისია იქნება. ასევე, ისტორიაში პირველად, კოსმოსური თანამგზავრის საკვლევ სამუშაოებში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევრები.
MAIA-ს კამერები გაზომავს სინათლის ოდენობას, რომელსაც მყარი ნაწილაკები ირეკლავს, რაც მეცნიერებს დაეხმარება დედამიწის ატმოსფეროში არსებული ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკების ზომების, რაოდენობისა და ოპტიკური თავისებურებების დადგენაში.
საკვლევ ობიექტებად შერჩეული თერთმეტივე ქალაქი შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევა: მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, მცირე ღრუბლიანობა, ხელმისაწვდომი სამედიცინო დოკუმენტები და მიწაზე არსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემათა მონაცემები. ამ ქალაქების რიცხვშია დელი, პეკინი და ადის-აბება.
მისიის მიზანია სამ კითხვაზე პასუხის გაცემა:
- ჰაერში არსებული რა ტიპის ნაწილაკებია საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში (რამდენიმე დღე/კვირა)?
- რა ტიპის ნაწილაკებია საშიში ორსულთათვის?
- რა ტიპის ნაწილაკებია საშიში გრძელვადიან პერსპექტივაში (რამდენიმე წლის განმავლობაში)?
დედამიწის სამეთვალყურეო ცენტრისა და ASI-ს ექსპლუატაციის ხელმძღვანელმა ფრანჩესკო ლონგომ განაცხადა: „MAIA NASA-სა და ASI-ს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს განასახიერებს. ეს საუკეთესოა, რისი გაკეთებაც ჩვენს სააგენტოებს თავიანთი ცოდნის, გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით შეუძლიათ. ამ საერთო მისიის წყალობით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც კაცობრიობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გამოადგება“.
სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესქირი და ლილიან მეტრეველი
წყარო : airqualitynews.com
18 სექტემბერი 2023 წელი.