ჰოლანდიაში ველოსიპედისტები ჰაერის ხარისხს ზომავენ
ჰაერის ხარისხის მონიტორინგში რევოლუციური ცვლილებები ხდება. ჰაერის ხარისხის სულ უფრო ხელმისაწვდომი სენსორებით მირიამ გრადელი იკვლევს, თუ როგორ არის შესაძლებელი საზოგადოების ჩართულობის გაზრდით მოხდეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ათასობით ლოკაციაზე.
სუფთა ჰაერის (ადამიანის უფლებების) კანონპროექტი მალე კანონის სავალდებულო აქტად გარდაიქმნება, ამიტომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება იძულებულია, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. 2022 წლის ნოემბერში, ლორდთა პალატაში გამოსვლისას, ყოფილმა ლეიბორისტმა დეპუტატმა, ბარონესა სუ ჰეიმანმა, შემდეგნაირად უპასუხა შეთავაზებული აქტის კრიტიკოსებს, რომლებმაც ის არასაჭიროდ ცნეს გარემოსდაცვითი აქტის არსებული ჩარჩოს გამო: „რა სასარგებლოა ჩარჩო, თუ არ გაქვთ ყოვლისმომცველი მიზნები, რომლებიც საჭიროა ცვლილებების განსახორციელებლად?“ საკმარისია, ოდნავ განვავითაროთ ეს მოსაზრება და კითხვა შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: – რა სარგებლობა მოაქვს მიზნებს მათი მონიტორინგის გარეშე?
ჰაერის მონიტორინგის მონაცემების ხარვეზები რჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიდერლანდებშიც „ბევრ ადამიანს ეშინია ქვეყნის შიდა მონაცემთა ხარვეზების“, – ამბობს ტომ დე ნუი, მონაცემთა მართვის ჰოლანდიური კომპანიის, Civity-ის, ანგარიშების მენეჯერი. მაგრამ, ინოვაციებისადმი განსხვავებული მიდგომით, ნიდერლანდები იკვლევს ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათივე ჩართულობით.
2018 წელს უტრეხტის რეგიონმა, Civity and Internet of Things (IoT), დეველოპერ SODAQ-თან ერთად, წამოიწყო საჯარო და კერძო პარტნიორობა “Snifferbike”. პროექტის მიზანი იყო, ქვეყნის ველოსიპედისტების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, ეფექტური ველოსიპედის შემუშავება, რომელიც დამატებით გახდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მოწყობილობა. როდესაც ბევრი მოქალაქე იყენებს ერთსა და იმავე მარშრუტს 30 წლის მანძილზე, „ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემები უდავოდ პოზიტიურად იმოქმედებს მათ სიცოცხლესა და მის ხანგრძლივობაზე“, – ამბობს დე ნუი.
როგორც IoT-ის გამოყენების ექსპერტი ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სათვალთვალო მოწყობილობების შესაქმნელად, SODAQ ჩაერთო, რათა უზრუნველეყო შეგროვებული მონაცემების ხარისხის შესაბამისობა ჰაერის საზომი სადგურების სტანდარტებთან. „თუ გსურთ ჰიპერლოკალიზებული მონაცემების შეგროვება, თქვენ ასევე უნდა იცოდეთ, სად იმყოფებით გაზომვისას“, – ამბობს ოლი სმენკი, SODAQ-ის თანააღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე. საბოლოო სენსორის პროტოტიპსა და საცნობარო კლასის სენსორებს შორის პირდაპირი შედარებისას, მონაცემების ხარისხი დაამტკიცა ჰოლანდიის ჰაერის ხარისხის ქსელმა. „ახლა ხელისუფლება ხელს უწყობს, ჰოლანდიაში ჰაერის ხარისხის ყველა მონიტორინგისას გამოიყენოს ეს კონკრეტული სენსორი”, – ამბობს სმენკი.
მას შემდეგ, რაც Snifferbike პროექტი დაიწყო, გაუმჯობესდა ერთიანობა ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაში. ახლა ნიდერლანდების ფარგლებს გარეთ სხვა რეგიონებიც ერთვებიან და იყენებენ Snifferbike ტექნოლოგიას, რათა დაეხმარონ ჰაერის ხარისხის გლობალური მონაცემების რუკის შექმნაში. დე ნუის თქმით, „ახალი მონაცემების შეყვანა ასევე ხელს უწყობს უფრო მკაფიო სურათის შექმნას, თუ როგორ მოძრაობენ ველოსიპედისტები“, რაც უფრო მეტ კომუნიკაციას ქმნის სახელმწიფო სტრუქტურათა შორის ინფრასტრუქტურისა და გარემოს საკითხებში. ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესებასთან ერთად, წარმოიშვა მოსაზრებები ველოსიპედისტების ახალი მარშრუტების შექმნისთვის, აგრეთვე გაჩნდა უფრო მეტი მტკიცებულებები, ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებრივი რჩევების მხარდასაჭერად.
დიდ ბრიტანეთშიც, ადგილობრივი ორგანიზაციების და მოქალაქეების ჩართულობა ხელს უწყობს პოლიტიკოსების ინფორმირებას ჰაერის დაბინძურების გაზომვების შესახებ. თუმცა, როგორც დოქტორი თეო დამულასი, მონაცემთა მეცნიერების და მანქანათმცოდნეობის პროფესორი უორვიკის უნივერსიტეტში, განმარტავს, – „მონაცემები არ არის სუფთა ინფორმაცია.“ 2017 წლიდან დოქტორი დამულასი მუშაობს ალან ტურინგის ინსტიტუტის ლონდონის ჰაერის ხარისხის პროგრამაში, რომლის მიზანი არის ჰაერის ხარისხის ეროვნულ რუკაში სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემებისა და ჰაერის დაბინძურების გაზომვების ინტეგრირება.
„ჰაერის დაბინძურება მეტაპრობლემაა. ამის გასაგებად, ჯერ უნდა გავზომოთ ჰაერი, მაგრამ, ისიც უნდა ვიცოდეთ, თუ რამდენად კარგად ვზომავთ მას“, – ამბობს დოქტორი დამულასი და დასძენს, რომ – „მონაცემები არ არის დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისია.“ ცვლადების აღრიცხვისას, რომლებიც გავლენას ახდენენ გაზომვებზე, როგორიცაა გარემო, სიხშირე და სენსორების დეგრადაცია დროთა განმავლობაში, პროექტი ცდილობს შექმნას ეფექტური მოდელები მონაცემებში უზუსტობების მოსაშორებლად. პროექტის შემდეგი ეტაპია მანქანური სწავლისა და ხელოვნური ინტელექტის გაერთიანება გადაწყვეტილების მიმღებთა პროგნოზების გენერირებისთვის, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის ჯანმრთელობის, შემოსავლისა და მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით.
დოქტორ დამულასის თქმით, მოქალაქეების ინფორმირება მეცნიერების შესახებ და აგრეთვე ის, თუ როგორ ეხმარება მონაცემები პოლიტიკოსების ინფორმირებას, – ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაზომვების ხარისხის უზრუნველყოფა. „ადამიანების ინფორმირება და ჩართვა ყველაფერში, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს მათი ცხოვრების წესზე, არის დემოკრატიის საფუძველი და აუმჯობესებს მოქალაქეთა ჩართულობას”, – ამბობს დოქტორი დამულასი, – „ეს, უბრალოდ, უნდა გაკეთდეს სწორად.“
სწორი გზა, SODAQ-ის მიხედვით, უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს მოქალაქეთა ჩართულობას. ღია წყაროს პრინციპებით შთაგონებული, კომპანია გაერთიანდა თავის მომხმარებლებთან, რათა სენსორი გადაექცია ველოსიპედის დაბალფასიან და ენერგოეფექტურ დანამატად, რომელიც ცნობილია როგორც SODAQ Air. დიზაინისა და წარმოების ყველა ფაილი თავისუფლად არის ხელმისაწვდომი, რაც ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელს გახდის მოწყობილობის შეკეთებას თუ მის ოპტიმიზაციას. მათი თქმით, „გავლენის შექმნა უფრო მიღწევადია, თუ ადამიანებს შეუძლიათ სწავლა და მისი შედეგების გამოყენება, ვიდრე ველოსიპედის ხელახლა გამოგონება“. საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს შეიძლება ძალიან მოულოდნელად დაებადოს კარგი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენოს სენსორი და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მონაცემებს.’
ამჟამად Air მხოლოდ მყარ ნაწილაკებს აკონტროლებს. ღია თანამშრომლობის გაგრძელებით, Smeenk იმედოვნებს, რომ მალე შეძლებს მოწყობილობის მოდერნიზებას, რათა გაზომოს NO2 და NOX. Snifferbike ყურადღებას ამახვილებს სამომხმარებლო გამოცდილებაზე. ფიტნეს ტრეკერის დამატებით დე ნუი იმედოვნებს, რომ უფრო მეტ მოქალაქეს მიეცემა საშუალება, აირჩიოს ნულოვანი ემისიის ვარიანტები. როგორც დე ნუი ამბობს, – რადგან ჰაერის დაბინძურება რჩება მნიშვნელოვან ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემად, და თუ ადამიანებს წაახალისებენ თავიანთი ველოსიპედის უფრო აქტიურად გამოყენებაში (ჰაერის ხარისხის გაზრდილი მონაცემებით და უკეთესი ინფრასტრუქტურით), ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება კლიმატური ნეიტრალურობისკენ.
წყარო : airqualitynews.com
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და მარიამ ტატუაშვილი
15 აგვისტო 2023 წელი.