ინგლისის პირველი საერთო მზის პარკი დევონში აშენდება
- დღეიდან ბრიტანეთში ოჯახებს შეეძლებათ, შეიძინონ და საკუთრებაში ჰქონდეთ დევონში მდებარე ნოვატორული პროექტის, Derril Water Solar Park-ის ნაწილი
- Derril Water Solar Park-ის თანამფლობელობა მის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი სახლები ადგილობრივი, მწვანე ელექტროენერგიით მოამარაგონ, შეამცირონ ენერგიის გადასახადები და ნახშირორჟანგის კვალი ატმოსფეროში.
- ლუსი უიტფორდმა, RES-ის მმართველმა დირექტორმა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, განაცხადა: „Ripple-ის ჩართვა Derril Water-ში მომხმარებლებს ახალ გზას სთავაზობს, გაიზიარონ განახლებადი ენერგიის შეღავათები და მონაწილეობა მიიღონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში…”
დღეიდან დევონსა და მთელ ბრიტანეთში ოჯახებს შეეძლებათ, შეიძინონ და საკუთრებაში ჰქონდეთ დევონში მდებარე ნოვატორული პროექტის, Derril Water Solar Park-ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს სოფელ პიუორთიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში.
განახლებადი ენერგიის კომპანია Ripple Energy-ის მიერ შემუშავებული პროექტი ბრიტანეთის მზის პარკების სამართავად საკუთრების ალტერნატიულ მოდელს შემოგვთავაზებს.
Ripple-ის გადაწყვეტილებით, Derril Water Solar Park-ის საკუთრების 10% ექსკლუზიურად გამოყოფილი იქნება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და მოუწოდებს ადგილობრივ შინამეურნეობებსა და საწარმოებს, გამოხატონ დაინტერესება. ადგილობრივებს ორი კვირის განმავლობაში ექნებათ ექსკლუზიური წვდომა მათთვის განკუთვნილი აქციების შესაძენად.
აქციონერები შეძლებენ, დაზოგონ ელექტროენერგიის გადასახადი იმის მიხედვით, თუ რამდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს მზის პარკის მათი წილი. Derril Water Solar Park-ის თანამფლობელობა მის წევრებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი სახლები ადგილობრივი, მწვანე ელექტროენერგიით მოამარაგონ, შეამცირონ ენერგიის გადასახადები და ნახშირორჟანგის კვალი ატმოსფეროში. მზის პარკის დარჩენილი 90% ხელმისაწვდომი იქნება ბრიტანეთის ყველა მცხოვრებისთვის.
Ripple-ს უკვე აქვს მომხმარებელთა საკუთრებაში არსებული ქარის ორი ელექტროსადგური უელსსა და შოტლანდიაში, თუმცა Derril Water Solar Park იქნება მათი ყველაზე ამბიციური პროექტი.
Ripple შეინრჩუნებს პროექტში ჩართულობას, განახორციელებს რა მშენებლობას და უზრუნველყოფს საექსპლუატაციო სერვისების მიწოდებას მას შემდეგ, რაც მზის პარკი დაიწყებს სუფთა ენერგიის გამომუშავებას.
სარა მერიკმა, Ripple Energy-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა: „მომხმარებლისთვის საკუთრების უფლების შეთავაზებით Derril Water Solar Park გახდება სრულიად განსხვავებული ტიპის მზის პარკი, მიკუთვნებული იმ ადამიანებს, რომელთაც ის იაფ მწვანე ენერგიას აწვდის. ჩვენ გვინდა, რომ Derril Water გახდეს მომხმარებელთა საკუთრებაში არსებული მზის პარკების მოდელი მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვინდა, შევქმნათ მწვანე ენერგიის მფლობელობის ტალღა, რომელიც საშუალებას მისცემს ხალხს, რეალური გავლენა მოახდინოს კლიმატზე და, ასევე, დაასტაბილუროს თავისი ელექტროენერგიის გადასახადები. მოსახლეობა ბრიტანეთის ყველა კუთხიდან შეძლებს Derril Water Solar Park-ის თანაფლობას და ვიმედოვნებთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდება ამ ნოვატორული პროექტის ნაწილი.“
ლუსი უიტფორდმა, RES-ის მმართველმა დირექტორმა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, განაცხადა: „Ripple-ის ჩართვა Derril Water-ში მომხმარებლებს სთავაზობს ახალ გზას, გაიზიარონ განახლებადი ენერგიის შეღავათები და მონაწილეობა მიიღონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. ადგილობრივი შინამეურნეობებისა და საწარმოების ჩართულობის შესაძლებლობა საზოგადოებას პირდაპირ აკავშირებს პროექტთან. Ripple-ის მოდელი Derril Water-ში პირდაპირ საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შეამცირონ ენერგიის ხარჯები ასეთ კრიტიკულ დროს.“
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ოზბეტელაშვილი და მარიამ ტატუაშვილი
წყარო : airqualitynews.com
11 ივნისი 2023 წელი