Global Energy Monitor: ქვანახშირის ელექტროსადგურები არასაკმარისად სწრაფად იხურება
- Global Energy Monitor-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ექსპლუატაციიდან გამოყვანა ნელა მიმდინარეობს
- 2022 წელს მომხდარმა გაზის კრიზისმა ევროპას აიძულა, ქვანახშირის ელექტროსადგურების ნაწილი ექსპლუატაციაში დაეტოვებინა
- ჩინეთსა და ინდოეთში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებისა და გემების რაოდენობა იზრდება
Global Energy Monitor[1]-მა მსოფლიო მასშტაბით ექსპლუატაციაში მყოფი ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მეცხრე საერთაშორისო მონიტორინგი დაასრულა. ამ კვლევამ ცხადყო, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მსგავსი სადგურების დახურვის პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად გარემოსთვის აუცილებელია მათი ექსპლუატაციიდან გაყვანის პროცესის დაჩქარება.
ჩინეთის ქვანახშირზე მომუშავე სადგურებში ელექტროენერგიის წარმოების მასშტაბების ზრდა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, რამაც შეიძლება გააქარწყლოს მსოფლიოს მიღწევები მათი დახურვის კუთხით.
GEM-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს მსოფლიოს მასშტაბით ქვანახშირის ელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი 26 გიგავატით შემცირდა, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 25 გიგავატს მიაღწევს. განვითარებად ქვეყნებში 23 გიგავატით შემცირდა ამავე ტიპის ელექტროსადგურებიდან ენერგიის გამომუშავება, თუმცა ჩინეთში პირიქით მოხდა და მაჩვენებელი 126 გიგავატით გაიზარდა.
შესაბამისად, ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ მსოფლიო მასშტაბით მინიმუმ 4-ჯერ უნდა დაჩქარდეს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების დახურვის პროცესი. ასეთ შემთხვევაში, 2030 წლისთვის განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი ტიპის სადგურები აღარ იარსებებს, ხოლო 2040 წლისთვის ისინი არც განვითარებად ქვეყნებში დარჩებიან. რასაკვირველია, იგულისხმება, რომ ქვანახშირზე მომუშავე ახალი ელექტროსადგურები აღარსად გაიხსნება.
კვლევის მთავარი დასკვნებია:
- 2022 წელს მსოფლიო მასშტაბით ქვანახშირზე მომუშავე გემების პარკი მხოლოდ 19.5 გიგავატით, ანუ 1%-ზე ნაკლებით, გაიზარდა. აქედან ნახევარზე მეტი გემი (59%) ჩინეთში შეიყვანეს ექსპლუატაციაში. გარდა ამისა, ახალი ქვანახშირზე მომუშავე გემები მხოლოდ 14 ქვეყანაში შექმნეს. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ქვანახშირზე მომუშავე გემების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით უფრო ნელა, მაგრამ მაინც მცირდებოდა.
- 2019 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში საკმაოდ ცოტა ქვანახშირზე მომუშავე ახალი ელექტროსადგურების გახსნა იგეგმება. ეს ციფრი 2014 წელს მომხდარი კოლაფსის შემდეგ მცირდებოდა. 2021 წელს რეკორდი მოიხსნა და ქვანახშირზე მომუშავე სადგურებმა მხოლოდ 479 გიგავატი ენერგია გამოიმუშავა, თუმცა 2022 წლისთვის მაჩვენებელი 537 გიგავატამდე, ანუ 12%-ით, გაიზარდა.
- 2021 წელს ევროკავშირში რეკორდულად ბევრი – 14.6 გიგავატ ელექტროენერგიის გამომმუშავებელი, ქვანახშირის ელექტროსადგური, დახურეს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და გაზის კრიზისმა აიძულა ევროპა, შეენელებინა ქვანახშირის სადგურების დახურვის პროცესი. გასულ წელს ექსპლუატაციიდან მხოლოდ 2.2 გიგავატი სიმძლავრის ელექტროსადგური გამოიყვანეს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში ევროპაში აღარ ამოქმედდება ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები და მათი მუშაობის ვადები არ გახანგრძლივდება. მართალია, შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ თითქოს გასულ წელს ევროპაში ქვანახშირზე მომუშავე საწამოების რეკორდულმა ზრდამ იფეთქა, თუმცა მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობამ მხოლოდ 1% შეჰმატა სხვა წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას. შესაბამისად, აუცილებელია დაჩქარდეს ქვანახშირის საწარმოების დახურვის პროცესები.
- ინდოეთში წინააღმდეგობრივი სიტუაციაა ქვანახშირზე უარის თქმის თვალსაზრისით. ქვეყანაში დაგეგმილია 28.5 გიგავატ სიმძლავრის გამომმუშავებელი სადგურების მშენებლობა. ეს 2.6 გიგავატი მეტია 2022 წლის მონაცემებთან შედარებით. ბოლო მონაცემებით მშენებლობის სტადიაში მყოფი ქვანახშირის საწარმოების რაოდენობა იქ 32 გიგავატითაა გაზრდილი.
ფლორა შამპენუა, Global Energy Monitor-ის ანგარიშის მთავარი ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი, აცხადებს: „რაც მეტი ახალი ქვანახშირზე მომუშავე საწარმოები გაიხსნება, მით უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს მათი რაოდენობის შესამცირებლად მომავალში“. ამჟამინდელი ტემპით ქვანახშირზე მომუშავე საწარმოებს საკმარისად სწრაფად ვერ დავხურავთ, რათა კლიმატური ქაოსი თავიდან ავიცილოთ. „კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფმა“ (The Intergovernmental Panel on Climate Change; IPCC) და გაერომ გაიზიარა მოწოდება ინდუსტრიაში ქვანახშირზე უარის თქმის შესახებ. ეს შეიძლება ჩვენი უკანასკნელი შანსი იყოს გლობალური დათბობით გამოწვეული პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის თავიდან ასარიდებლად.“
ლური მილივირტამ, „სუფთა ჰაერისა და ენერგეტიკის კვლევის ცენტრის“ (Centre for Research on Energy and Clean Air) წამყვანმა ანალიტიკოსმა, დასძინა: „2022 წელს მომხდარი გაზის კრიზისის მიუხედავად, რომელმაც მსოფლიო შეძრა, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში მანუგეშებელ ტენდენციას ვხედავთ ინდუსტრიაში ქვანახშირზე უარის თქმის კუთხით. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ენერგოკრიზისის საპასუხოდ იმატა ინვესტიციებმა სუფთა ენერგიის პროექტებში. ჩინეთი კი საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა და გაზარდა ინვესტიციების რაოდენობა ქვანახშირის ენერგეტიკაში. ეს მოწმობს, რომ აუცილებელია უფრო ეფექტური ზომების მიღება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავებისთვისა და ქვანახშირზე მომუშავე ახალი საწარმოების გახსნის შეზღუდვისთვის.“
[1] Global Energy Monitor (GEM) – ქ. სან-ფრანცისკოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეკოლოგიური საწვავისა და განახლებადი ენერგიის შესახებ პროექტებს მსოფლიო მასშტაბით კურირებს (რედ. შენიშვნა).
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და იამზე მარკოიძე
წყარო : airqualitynews.com
1 ნოემბერი 2023 წელი