გაეროს ახალი ანგარიში აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებში ექსპორტირებული მეორადი ავტომობილები გარემოზე
ნაირობი, 2020 წლის 26 ოქტომბერი – ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან განვითარებად ქვეყნებში ექსპორტირებული მილიონობით მეორადი მანქანა, ფურგონი და მიკროავტობუსი სათანადოდ გამართული არ არის, რაც ჰაერის მძიმე დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილებების შემცირებისთვის გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელოვან შეფერხებას იწვევს- ნათქვამია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ახალ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით 2015-2018 წლებში 14 მილიონი მეორადი მსუბუქი ავტომობილი იყო ექსპორტირებული მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგანაც დაახლოებით 80% მოხვდა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, ნახევარზე მეტი კი- აფრიკაში.
„მეორადი მანქანები და გარემო – მეორადი მსუბუქი ავტომობილების გლობალური მიმოხილვა: ნაკადები, მასშტაბი და რეგულაციები“ (https://wedocs.unep.org/bitstream/handle/20.500.11822/34175/ ) ამ საკითხზე შემუშავებული პირველი ანგარიში, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჭიროა ჰარმონიული, მინიმალური ხარისხის სტანდარტებით იმ ვაკუუმის შევსება, რომელსაც რეგულაციების ნაკლებობა იწვევს.
სწრაფად მზარდი ავტოპარკი მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილებების მთავარი გამომწვევი მიზეზია. მსოფლიო მასშტაბით სათბური გაზების გამონაბოლქვის მოცულობაში სატრანსპორტო სექტორის წილი თითქმის მეოთხედს შეადგენს. კერძოდ, ავტომობილების გამონაბოლქვი შეიცავს მცირე ნაწილაკებს (PM2.5) და აზოტის ოქსიდებს (NOx)- ურბანული დაბინძურების მთავარ კომპონენტებს.
UNEP-ის აღმასრულებელი დირექტორის, ინგერ ანდერსენის, თქმით „ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ მსოფლიოში ავტოპარკის ხარისხი გაუმჯობესდეს, რათა გლობალურად და ადგილობრივად ჰაერისა და კლიმატის დაბინძურების მაჩვენებლები შემცირდეს. წლების განმავლობაში, მეორადი ავტომობილების ექსპორტი განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა; გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესები არ რეგულირდება, იგი იქცა დამაბინძურებელი მანქანების ექსპორტად. განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა შეაჩერონ იმ მანქანების ექსპორტი, რომლებიც ვერ გადიან გარემოზე ზემოქმედებისა და უსაფრთხოების შემოწმებას და არ უშვებენ მათ გადაადგილებას თავიანთ ქვეყნებში, ხოლო იმპორტიორმა ქვეყნებმა უნდა შემოიღონ ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტები. ”
ანგარიშში, რომელიც 146 ქვეყნის მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნების ორ მესამედს აქვს „სუსტი“ ან „ძალიან სუსტი“ მეორადი ავტომობილების იმპორტის მარეგულირებელი მექანიზმები. ამასთან, იმ ქვეყნებში, სადაც შემოიღეს მეორადი ავტომობილების იმპორტის რეგულაციები, განსაკუთრებით ასაკისა და ემისიის სტანდარტები, მაღალხარისხიანი მეორადი მანქანები, მათ შორის ჰიბრიდული და ელექტრო მანქანები, უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მაგალითად, მაროკო მხოლოდ 5 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილების იმპორტირების ნებართვას იძლევა, რომლებიც ასევე აკმაყოფილებენ EURO4 ემისიის ევროპულ სტანდარტებს; შედეგად, ევროპიდან შედარებით გაუმჯობესებული და სუფთა, მეორადი მანქანები იგზავნება მაროკოში.
მოხსენების თანახმად, აფრიკის ქვეყნებში ავტომობილების დიდი რაოდენობა იმპორტულია (40%), მას მოსდევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (24%), აზია – წყნარი ოკეანის სანაპირო (15%), ახლო აღმოსავლეთი ( 12%) და ლათინური ამერიკა (9%).
ნიდერლანდები საკუთარი პორტების წყალობით მეორადი ავტომობილების ერთ-ერთი ექსპორტიორი ქვეყანაა. იქ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ავტომობილების უმრავლესობას არ გააჩნდა მოქმედი ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მაშინ, როდესაც მათი ექსპორტი განხორციელდა. ავტომობილების საშუალო ასაკი 16-დან 20 წლამდე მერყეობდა და უმეტესობა ვერ აკმაყოფილებდა EURO4 გამონაბოლქვის ევროპულ სტანდარტებს. მაგალითისთვის, გამბიაში ექსპორტირებული მეორადი ავტომობილების საშუალო ასაკი იყო დაახლოებით 19 წელი, ხოლო ნიგერიაში ექსპორტირებულის – თითქმის 20 წელი.
„შედეგები აშკარად ცხადყოფს, რომ საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება ევროპიდან ექსპორტირებული მეორადი ავტომობილების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ნიდერლანდები მარტო ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს. საჭიროა, ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი და კოორდინირებული მიდგომა და ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ევროპისა და აფრიკის მთავრობებს შორის, რათა ევროპიდან საექსპორტოდ გაეშვას ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აკმაყოფილებს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს და სტანდარტებს.“ განაცხადა ნიდერლანდების გარემოს დაცვის მინისტრმა, სტიენტიე ვან ველდჰოვენმა.
დაბალი ხარისხის მეორადი ავტომობილები ასევე იწვევენ მეტ ავტოსაგზაო შემთხვევას. ანგარიშის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც „სუსტი“ ან „ძალიან სუსტი“ მეორადი სატრანსპორტო საშუალებების მარეგულირებელი მექანიზმები აქვთ, მათ შორის მალავი, ნიგერია, ზიმბაბვე და ბურუნდი, ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. შედარებით ნაკლები შემთხვევა და ნაკლები სიკვდილიანობის მაჩვენებელია იმ ქვეყნებში, სადაც მეორადი მანქანების იმპორტის მარეგულირებელი ზომები მიიღეს.
UNEP არის ახალი ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერენ გაეროს საგზაო უსაფრთხოების სამეურვეო ფონდი და სხვადასხვა ორგანიზაცია. ინიციატივა ითვალისწინებს მეორადი სატრანსპორტო საშუალებების მინიმალური სტანდარტების შემოღებას. ეს ინიციატივა, პირველ ეტაპზე, მთავარ აქცენტს გააკეთებს აფრიკის კონტინენტზე. აფრიკის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე შეიმუშავა ხარისხის მინიმალური სტანდარტები, მაგალითად, მაროკო, ალჟირი, კოტ-დე’ვუარი, განა და მავრიკი, ბევრმა ქვეყანამ კი გამოთქვა ამ ინიციატივაში ჩართვის სურვილი.
”მოძველებული, დამაბინძურებელი მანქანების ნეგატიური გავლენა აშკარაა. ჰაერის ხარისხის ანალიზმა აკრაში აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ქალაქებში მოძრავი გაუმართავი ავტოტრანსპორტია. სწორედ ამიტომ ეკოლოგიურად სუფთა საწვავი და სატრანსპორტო საშუალებების სტანდარტების შეცვლა მთავარ პრიორიტეტად იქცა განისთვის. განა იყო პირველი ქვეყანა დასავლეთ აფრიკის რეგიონში, რომელიც გადავიდა გოგირდის საწვავზე და აკრძალა 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი“ – განაცხადა პროფესორმა კვაბენა ფრიმპონგ-ბოატენგმა, განის მინისტრმა გარემოს დაცვის, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების საკითხებში.
გასულ თვეში დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ECOWAS) 2021 წლის იანვრიდან ეკოლოგიურად უფრო სუფთა საწვავისა და ავტომობილების სტანდარტების შემოღება გადაწყვიტა. ECOWAS– ის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს მეორადი მანქანების ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებასაც.
ანგარიშის საბოლოო დასკვნის მიხედვით, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება სრული წარმოდგენის შესაქმნელად, თუ რა გავლენას ახდენს მეორადი ავტომობილებით ვაჭრობა გარემოზე, დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით.
სტატიაზე იმუშავა : მაია ბურდულმა