სტენფორდის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ თევზის კუჭ-ნაწლავში პლასტმასის მოხვედრა ფართოდ გავრცელებული და მზარდი პრობლემაა
სტენფორდის უნივერსიტეტის ეკოლოგებმა ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე დეტალური და ყოვლისმომცველი ანალიზი ზღვის თევზების კუჭ-ნაწლავში პლასტმასის მოხვედრის თაობაზე და დადგინდა, რომ ეს პროცესი შეუქცევადი ხდება. ნაშრომში, ასევე, ვლინდება განვითარებული ტენდენციები იმის შესახებ, თუ რატომ არიან თევზის გარკვეული სახეობები რისკის ქვეშ.
პლასტმასის მოხმარება ზღვის ბინადართა მიერ უკვე ფართომასშტაბიანი პრობლემაა, რადგან ბუნებაში მოხვედრილი ნარჩენები აღმოჩნდა ძუძუმწოვრების, ფრინველების, კუების და თევზების ორგანიზმებში. ამასთან, სტენფორდის უნივერსიტეტის ჰოპკინსის საზღვაო სადგურის ეკოლოგების და UC დევისის დოქტორანტის ალექსი მაკინტურფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პრობლემა არათანაბრად აისახება სხვადასხვა სახეობებზე, რადგან ზოგიერთი ცხოველისთვის პლასტმასის სადილი უფრო მისაღებია, ვიდრე დანარჩენებისთვის. მთელ მსოფლიოში, მილიარდობით ადამიანისთვის ზღვის პროდუქტები წარმოადგენენ არსებობის და ფინანსური უსაფრთხოების მთავარ წყაროს. ეს კვლევა, რომელიც 9 თებერვალს ჟურნალ Global Change Biology-ში გამოქვეყნდა, გვაფრთხილებს, რომ უფრო და უფრო მეტი სახეობის თევზი – მათ შორის 200-ზე მეტი კომერციული მნიშვნელობის- იკვებება პლასტმასით.
„საზღვაო ეკოსისტემაში პლასტმასით დაბინძურებაზე ინფორმაციის შეგროვებას თევზებზე დაკვირვება განსაკუთრებით აადვილებს- განაცხადა სავოკამ, რომელიც ამ ნაშრომის მთავარი ავტორია. „დღეს უფრო დაზუსტებული ინფორმაცია და ციფრები გვაქვს, ვიდრე ადრე. არცერთ წინა კვლევას არ მოუცავს ეს საკითხები ამ მასშტაბებით.“
სავოკამ და მისმა გუნდმა მოიძიეს ყველა მონაცემი, რაც კი სამეცნიერო ლიტერატურაში მოიპოვებოდა თევზების მიერ პლასტმასის მიღების ფაქტებზე. საერთო ჯამში, მათ განიხილეს 129 ჩატარებული კვლევა ზღვის თევზის 555 სახეობის 171,774 ინდივიდზე. როდესაც მან ეს კვლევა პირველად დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო, ის გააოცა იმ ფაქტმა, თუ რამდენად მწირი მონაცემები იყო ხელმისაწვდომი იმ დროს. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კვლევების რაოდენობა გაიზარდა – განაცხადა მან.
შეგროვებული მონაცემების ბაზაზე სავოკას და მის გუნდს მიეცათ საშუალება სხვა კუთხით შეეხედათ ამ პრობლემისთვის, მაგალითად, თუ სად და რა სახეობის თევზები არიან უფრო მეტად რისკის ქვეშ. პლასტმასით დაბინძურებაზე მონაცემთა ბაზის შექმნის გარდა, მათ მხედველობაში მიიღეს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა: ინფორმაციის შეგროვების მეთოდები, ეკოლოგიური გარემო, სად ბინადრობენ თევზები და რა სახის საკვებს იღებენ.
მკვლევარების მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, რომ თევზების მიერ პლასტმასის მოხმარება ძალიან არის გავრცელებული და უფრო და უფრო მეტად იზრდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პლასტმასის მოხმარების მაჩვენებელი გაორმაგდა და ყოველწლიურად 2.4 პროცენტით იზრდება. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მეცნიერების გაუმჯობესებული შესაძლებლობით, აღმოაჩინონ პლასტმასის უფრო მცირე ნაწილაკები, ვიდრე ადრე.
მონაცემებმა ცხადყვეს ,რომ თევზების სახეობის ორ მესამედზე მეტი მოიხმარს პლასტმასს, დაახლოებით 148 სახეობა კი არა. მონაცემების ანალიზის საფუძველზე, მკვლევარებმა აღმოაჩინეს ტენდეციები, რომლებიც ხსნიან, თუ რატომ არის თევზის ზოგიერთი სახეობა უფრო დაუცველი პლასტმასით დაბინძურებისგან, ვიდრე სხვები. მაგალითად, აღმოსავლეთ აზიის ძლიერ დაბინძურებულ წყლებში თევზებმა აჩვენა პლასტმასის ყველაზე მაღალი შემცველობა. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამ რეგიონის ზღვის პროდუქტებით 2 მილიარდი ადამიანი იკვებება.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ თევზების მიერ საკვების მოპოვების სტრატეგია დაკავშირებული იყო პლასტმასის მიღებასთან, განსაკუთრებით კი ის თევზები აღმოჩნდნენ რისკის ქვეშ, რომლებიც კომერციული მოხმარების სიის თავში არიან. მტაცებელი თევზები პლასტამის მოხმარებისკენ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან.
„მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებულად შეგვძლია ვთქვათ, თევზების მზარდი რაოდენობა იღებს პლასტმასს, არ არსებობს იმის სათანადო მტკიცებულება, რომ ზღვის პროდუქტების მიღება უშუალო საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის – ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არა“- თქვა სავოკამ. მაგალითად, ადამიანები უფრო მეტ პლასტმასს იღებენ მტვრის ნაწილაკებიდან ან კალმის სახურავების ღეჭვით, ვიდრე ზღვის პროდუქტების მოხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ თევზის მიერ მოხმარებული პლასტმასის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მაინც დადებითად უნდა ვიყოთ განწყობილი.
მართალია, ეს კვლევა დღემდე ჩატარებულ კვლევებთან შედარებით ყველაზე სრულყოფილია, მაგრამ ოკეანეების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ შესასწავლია. ეს მოიცავს ოკეანეების ნაკადებს, სადაც უმეტესი პლასტმასის ნარჩენები ხვდება, ასევე პოლარულ რეგიონებს. სავოკას თქმით, ამ ძნელად მისადგომი რეგიონების შესწავლა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ცოდნის ხარვეზების შესავსებად.
სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და სალომე აბუაშვილი