საჰარას უდაბნოდან მონაბერმა ქარმა ესპანეთის ცა მოწითანო-ნარინჯისფერი მტვრით დაფარა და ჰაერის ხარისხი გააუარესა
- ესპანეთში მტვრის ქარიშხალი მოხდა – დილით მადრიდისა და მრავალი სხვა რეგიონის მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს რომ მათი მანქანები და ტერასები მტვრითაა დაფარული, ხოლო მადრიდის ცა – ნარინჯისფერია
- ჰაერის ხარისხი მადრიდში, გრანადასა და ლეონში იმდენად დაბლა დაეცა რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გარეთ პირბადეებით იარონ
- მეტეოროლოგების თქმით ეს მტვერი საქარას უდაბნოდან მონაბერმა ქარმა მოიტანა, თუმცა ასეთი მტვრის ქარიშხალი ევროპის ამ რეგიონში უჩვეულოა
- მეცნიერები თავს იკავებენ კონკრეტული დასკვნებისგან იმის თაობაზე, არის ეს ქარიშხალი კავშირში გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან, თუ არა, მაგრამ აღნიშნავენ რომ საქარას უდაბნოს ფართობის გაზრდას უნდა ემოქმედა ქარიშხლების სიხშირესა და სიძლიერეზე
ცხელმა ქარმა საქარას უდაბნოდან ხმელთაშუა ზღვამდე მიაღწია და ესპანეთის ცა მოწითანო-ნარინჯისფერი მტვრით დაფარა. ამის გამო სამშაბათს მთავრობამ მადრიდისა და სხვა რამდენიმე დიდი რეგიონის მოსახლეობა ოფიციალურად გააფრთხილა ჰაერის ხარისხის გაფუჭების შესახებ. ჰაერის ხარისხის ეროვნული ინდექსის მიხედვით ქვეყნის დედაქალაქისა და მთელი სამხრეთ-დასავლეთი რეგიონების ჰაერი „ფრიად არახელსაყრელის“ სტატუსი მიენიჭა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ჰაერის ხარისხის ესპანურ შკალაში.
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა საქარადან მონაბერ მტვრის ქარიშხალს „უჩვეულო და ფრიად ძლიერი“ უწოდა. მეტეოროლოგებმა ჯერ არ იციან არის ეს ქარიშხალი ყველაზე ძლიერი ქვეყნის ისტორიაში, თუ არა.
ესპანელი მეტეოროლოგების თანახმად მტვერი განაგრძობს ჰაერში კონცენტრაციას და ოთხშაბათისთვის გერმანიასა და ნიდერლანდებამდე მიაღწევს.
სამშაბათს მტვრის ქარიშხალი მეზობელ პორტუგალიაშიც ატყდა.
დილით მრავალმა ესპანელმა აღმოაჩინა რომ მათი მანქანები და სახლების ტერასები მტვრითაა დაფარული, ხოლო მადრიდის ცა ნარინჯისფერი იყო.
ხილვადობა მადრიდში, გრანადასა და ლეონში 4 კმ.-დე შემცირდა. სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქ. მალაგაში კი მტვერი წვიმის წყალს შეერია. „ეს ტალახის წვიმას გავდა“ – განაცხადა მალაგას უნივერსიტეტის სტუდენტმა, ალვარო ლოპესმა. „დღეს დილით მანქანით მივდიოდი და ციდან ტალახი იღვრებოდა“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზოგიერთი ქალაქების მაცხოვრებლებს მოუწოდებდა პირპადეებით ევლოთ, რომლებსაც პანდემიის დაწყებიდან მრავალი ესპანელი ჯერკიდევ ხმარობს და თავი შეეკავებინათ გარეთ ფიზიკური აქტივობებისგან.
ცხელი ჰაერის მასებმა ასევე ნეგატიური გავლენა მოახდინეს ჰაერის ხარისხზე რეგიონებში მადრიდის ჩრდილოეთით, კანარის კუნძულების დასავლეთით ატლანტიკის ოკეანეში და ბალეარის კუნძულებზე ხმელთაშუა ზღვაში. თუმცა იქ მსგავსი მოვლენები უფრო ხშირად ხდება.
მეტეოროლოგების დასკვნით ცხელი ჰაერის მასებმა, რომლებიც აფრიკიდან მონაბერმა ქარმა მოიტანა, გვალვით დატანჯულ ესპანეთს არამხოლოდ ნანატრი წვიმები მიუტანეს, არამედ ტემპერატურის 20C-ით გაზრდაც გამოიწვიეს.
ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენელმა, რუბენ დელ კამპომ, განაცხადა რომ ჯერკიდევ უცნობია, არის ეს ეპიზოდი კავშირში კლიმატის ცვლილებებთან, თუ არა. თუმცა მისივე თქმით საქარას უდაბნოს ფართობის გაზრდამ ბოლო საუკუნის მანძილზე შესაძლებელი გახადა უფრი ძლიერი მტვრის ქარიშხლები ევროპაში. დელ კამპომ აგრეთვე დასძინა რომ კლიმატის შეცვლით გამოწვეულმა ამინდის უეცარმა ცვლილებებმა შეიძლება თავისი როლი ითამაშოს ამ ყველაფერში.
„ვშიშობ რომ ჩვენი ვარაუდები მტვტის ქარიშხლების გახშირების თაობაზე ესპანეთში, რაც კლიმატის გლობალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, გამართლდება“ – თქვა რუბენ დელ კამპომ.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო : www.9news.com.au