„SAMHE“ ბრიტანეთის 1000-მდე სკოლაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს დაიწყებს
-
ბრიტანეთის სკოლებში ახალი პროექტი სახელწოდებით SAMHE ამუშავდა
-
მისი მიზანია სკოლის შენობებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მაღალტექნოლოგიური მონიტორებით
-
ასევე შემუშავებულია მობილური აპლიკაცია, რომელიც შეგროვებულ მონაცემებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს რეალური დროის რეჟიმში აწვდის
„SAMHE“ (იკითხება როგორც „სემმი“) აბრევიატურაა, რომელიც ნიშნავს სკოლებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ჯანდაცვისა და განათლების მიზნით (SAMHE – Schools’ Air quality Monitoring for Health and Education). ეს გულისხმობს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მეცნიერების თანამშრომლობას ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის შესაქმნელად სკოლებში, ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე. მისი მიზანია მონაცემების დიდი რაოდენობის მოგროვება, რომელიც მეცნიერებს სკოლების შენობებში ჰაერის ხარისხის დონის უკეთ გაგებაში დაეხმარება.
ამ ეტაპზე სკოლების ადმინისტრაციას პროექტში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ამაზე 1000-2000 სკოლა დათანხმდება.
სკოლები ჰაერის ხარისხის კონტროლისთვის მაღალტექნოლოგიურ მონიტორებს მიიღებენ, რომლებიც გაზომავენ CO2-ის, აირების ორგანული ნაერთებისა (VOC) და მყარი ნაწილაკების დონეს, სინესტესა და ჰაერის ტემპერატურას. მოსწავლეები და მასწავლებლები სპეციალური აპლიკაციით შეძლებენ მონაცემების ნახვას და გადამოწმებას, თუ როგორ იცვლება მათი სკოლის შენობაში ჰაერის ხარისხი საათების, დღეებისა და თვეების განმავლობაში.
„სემმი“ ხუთი ბრიტანული უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს დაწესებულებებია: კემბრიჯის, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი, იორკის (სტოკჰოლმის გარემოს დაცვის უნივერსიტეტის იორკის ფილიალი), სურეისა და ლიდსის უნივერსიტეტები და ასევე ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოც (UK Health Security Agency).
პროექტის შემუშავება ერთი წლის წინ, მეცნიერების იდეაზე მსჯელობით დაიწყო. დაფინანსება მიიღეს ჯანდაცვის სამინისტროსა და საინჟინრო და ფიზიკური მეცნიერებების კვლევის საბჭოსგან (EPSRC). შემდეგი ეტაპი იყო სკოლებთან მუშაობა, რათა პროექტისთვის საბოლოო სახე მიეცათ. გასული წლის ნოემბერში „სემმი“-მა პროექტის ტესტირება 120 სკოლაში დაიწყო, აპლიკაციის გაუმჯობესების მიზნით.
ელანჯენის სკოლამ, რომელმაც „პიონერი სკოლების“ პროექტში მიიღო მონაწილეობა, თავისი გამოცდილება გაგვიზიარა: „SAMHE“-ის აპლიკაციამ და მონიტორმა ჩვენი მეცნიერების ჯგუფს მონაცემების უზარმაზარი რაოდენობა მისცა შესასწავლად და გასაანალიზებლად. ბავშვების ენთუზიაზმი გადამდები იყო. მათ უხაროდათ, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემებზე სახლიდანაც ჰქონდათ წვდომა!“
სტოკჰოლმის გარემოს დაცვის უნივერსიტეტის იორკის ფილიალში მოღვაწე დოქტორმა, სარა ვეთმა, რომელიც სკოლების „SAMHE“-ის პროექტში მოზიდვაზე აგებდა პასუხს, განაცხადა: „მოსწავლეებისა და მასწავლებლების წვლილი გადამწყვეტი აღმოჩნდა „SAMHE“-ის პროექტის შემუშავებაში, რათა ის წარმატებული ყოფილიყო, შესაბამებოდა სკოლების მოთხოვნებსა და ინტერესებს და ასევე ბავშვებისთვის სახალისოც ყოფილიყო“.
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, მარიამ ტატუაშვილი
წყარო : airqualitynews.com
14 ნოემბერი 2023 წელი