ქალი, რომელიც ხულოში 3500 ვარდს უვლის
„მთელ დღეს ვარდების ბაღში ვატარებ, ჩემი სული და გული სულ მათთანაა. ვდგავარ ვარდებში, თითო ფურცლის გაშლას, ნამის გაშრობას ველოდები, რომ ღამდება, სახლში შესვლა არ მინდა“, – ეს 40 წლის მაია სურმანიძის სიტყვებია, რომელმაც ყვავილებისადმი სიყვარული ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ აქცია. მაია ხულოში, სოფელ წაბლანაში ცხოვრობს.
„მახსოვს, ხშირად ვკრეფდი პატარ-პატარა თეთრ გვირილებს და სახლში მიმქონდა. ყველა ჭიქაში ჩემი დაკრეფილი ყვავილები ეწყო, გამხმარი ყვავილების გადაყრის საშუალებას არ ვაძლევდი მშობლებს, იმდენად შეყვარებული ვიყავი ბავშვობიდანვე ყვავილებზე“ – იხსენებს მაია.
„ბათუმელებთან“ საუბრისას მაია ჰყვება მხარდაჭერაზე, რამაც მისცა სტიმული მოეშენებინა ვარდები. „მე ამ ქალბატონის სახელსა და გვარს არ გავთქვამ, რადგან მას არ სურს, ისიც ამ ბიზნესითაა დაკავებული და 18 000 ძირ ვარდს უვლის,“ – გვითხრა მაიამ. იგი „კეთილ ქალბატონს“ უწოდებს ქალს, რომელმაც მას ვარდების მოვლა ასწავლა და ის კონკრეტული დღეც კი ახსოვს, როცა ეს ყველაფერი დაიწყო და „მესენჯერში“ შეტყობინება მიიღო.
„გამოგიგზავნით ვიდეოგაკვეთილებს, თუ როგორ ვმუშაობ ბაღში, როგორ ვუვლი და ვამრავლებ ყვავილებს“ – სწერდა მაიას „კეთილი ქალბატონი“. მისი ყურადღება მაიამ ფეისბუქგვერდზე აქტიურობით მიიქცია, სადაც ქალი მის მოვლილ ვარდებზე პერიოდულად აქვეყნებდა სიახლეებს.
მაია სურმანიძემ ვიდეოგაკვეთილების ყურება დაიწყო, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა, თუ როგორ უნდა მოევლო ვარდებისთვის. „კეთილმა ქალბატონმა“ დააკავშირა ადამიანებთან, რომლებიც კარგი ვარდის ნერგებს ჰყიდდნენ და საწყის ეტაპზე 150 ძირი ვარდი შეაძენინა, ნერგების ჯიშის შერჩევაშიც თვითონ დაეხმარა:
„თავდაპირველად, როცა არაფერი არ იცი ვარდზე, ვერ მოუვლი, მხოლოდ გატაცება არ არის საკმარისი,“ – ამბობს მაია.
დღეს უკვე მაია 3500 ძირ ვარდს უვლის, მაგრამ აქამდე ნელ-ნელა მიიწევდა წინ.
„ორი წლის განმავლობაში 150 ძირ ვარდს ვუვლიდი და თან ვსწავლობდი. „გაზაფხულზე დავრგე, მაისში იყვავილა და გავიტანე ბაზარზე – ასე არ მომხდარა. მე ვისწავლე, თუ როგორ უნდა გამემარგლა ვარდი, როგორ უნდა შემეწამლა, დაავადებები როგორ უნდა გამომეცნო, ამ დაავადებების წინააღმდეგ რომელი პრეპარატები უნდა გამომეყენებინა,“ – გვითხრა მაიამ.
150 ძირი ვარდის შემდეგ მაიამ კიდევ 1500 ვარდის ნერგი შეიძინა, რომლებმაც 400 ასაჭრელი ვარდი მისცა და ბაზარზეც გავიდა.
მაია სურმანიძე ოთხი წელია ვარდების მოშენებითაა დაკავებული, ხოლო ბაზარზე ორი წელია, რაც მისი ვარდები გამოჩნდა.
პირველ ეტაპზე მაია ვარდებს ყვავილების მაღაზიებში ტოვებდა, რათა მაღაზიის მფლობელებს შეედარებინათ სხვაგან შეძენილ ვარდებთან, თუ რომელი უფრო ხარისხიანი იყო და კარგად იფურჩქნებოდა. მაიას გამოყვანილ ვარდებზე ინტერესი მალევე გაჩნდა ბათუმში.
მაია ამბობს, რომ პანდემიამ მის მეურნეობაზეც იმოქმედა. ყვავილების მაღაზიები, სადაც ვარდებს აბარებს, გასულ წელს დროებით დაიკეტა.
მაია ჰოლანდიური ჯიშის ვარდებს უვლის. მისი თქმით, ეს ჯიში კარგად შეეგუა მაღალმთიანი აჭარის ტემპერატურას, გაუძლო ყინვასაც, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო 10-15 დღით იგვიანებს ყვავილობას.
„რაიმე სახის დაფინანსება არასდროს მქონია, რაც მაქვს, ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის შრომითაა. დღემდე რასაც ვაკეთებ ბაღში, ხელით ვაკეთებ,“ – ამბობს მაია.
მაია ამბობს, რომ მეუღლე ყოველთვის ეხმარებოდა და მხარს უჭერდა:
„მე რომ მეუღლე გვერდში არ მდგომოდა, ნამდვილად ვერ შევძლებდი ასე მყარად ფეხზე დგომას. არანაირი შემოსავალი არ მქონდა და მეუღლისთვის უნდა მეთხოვა ის თანხა, რაც ნერგების შეძენისთვის იყო საჭირო, რომ ბიზნესი დამეწყო. მარტო ვარდების შეძენაზე არ იყო საუბარი, დიდი რაოდენობით თანხა სჭირდებოდა ყველაფერს, საჭირო იყო დაბარვა, მიწის დამუშავება, მიწის გამდიდრება. ეს ხომ არ არის მხოლოდ დარგავ და მორჩა, დაელოდები როდის აყვავდება, როდის გაიფურჩქნება, რომ მისი სილამაზით დატკბე. მოვლა სჭირდება,“ – გვიყვება ის.
მაია სურმანიძეს დღემდე არ აქვს სათბური სასათბურე მეურნეობის დასაწყებად.
„სათბურის ქონაა ფუფუნებაა ჩემთვის, არა მაქვს იმდენი ფული, რომ მოვაწყო. სათბურს სჭირდება გათბობა, ვენტილაცია, წვეთოვანი – მოსარწყავად. ერთი კვადრატი სათბურის მოსაწყობად 150 ლარს ითხოვენ, რაც ნამდვილად არ მაქვს,“ – ამბობს მაია.
მაია სამი შვილის დედაა. სკოლის დასრულების შემდეგ დაწყებით განათლების მიმართულებით ჩააბარა გამოცდები, თუმცა დაქორწინდა და სწავლის მიტოვება პირველი კურსიდანვე მოუხდა.
მაია ამბობს, რომ უნდა მისი ამბავი სხვებისთვისაც მაგალითი იყოს:
„მინდა, ჩემი ამბავი სტიმული იყოს სხვებისთვის. ერთმა პატარა გოგომ შევძელი და წაბლანაში, სადაც კარტოფილისა და სიმინდის მეტი არაფერი მოდის და ინტერესიც არ უჩნდებათ ადამიანებს სხვა მეურნეობას მოჰკიდონ ხელი, გავაშენე ვარდი.
უფრო მაღალმთიან სოფლებში როცა ჩემს ამბავს გაიგებენ, იფიქრებენ – მე რატომ არ შემიძლია მოვიქცე მსგავსად? მე, მაგალითად, მოცვს გავაშენებ, ჟოლოს, თუნდაც ხილის ბაღს გავაკეთებ…
ვფიქრობ, ასე გაძლიერდება სოფლები და გადაურჩება დაცლას. ჩემი მთავარი ინტერესია, რომ სოფლებში ხალხი მხიარულად ცხოვრობდეს და არ გარბოდნენ ქალაქში,“ – ამბობს მაია.
გარდა ვარდების მეურნეობისა, მაიას ოჯახს კარტოფილიც მოჰყავს და სიმინდიც, საქონელსაც უვლიან.
ახლა მაიას ახალი გეგმები და მისწრაფებები გაუჩნდა:
„მინდა, ამ ვარდების ფონზე საოჯახო სასტუმრო გავაკეთო, უფრო როგორი იცით? ადგილი, სადაც ხელისმოწერა, ჯვრისწერის ცერემონიის მოწყობა იქნება შესაძლებელი. „ვარდების მუზეუმი“ – აი, ასეთი რაღაც მინდა. ადგილი, სადაც ბევრი ვარდი იქნება და ტურისტს შეეძლება თავისი სახელობის ვარდები დარგოს… როცა სურვილი ექნება, მოვა და შეხედავს“.
წყარო : batumelebi.netgazeti.ge