ტრენინგი საქართველოს გარემოსდაცვითი სამართლის შესახებ

11-20 ივლისს ჩვენმა გუნდმა გავიარეთ ტრენინგი საქართველოს გარემოსდაცვითი სამართლის შესახებ იურისტ ვახტანგ ბარამაშვილთან. ტრენინგის სესიებზე განვიხილეთ ზოგადი პრინციპები, რომლებიც წარმოადგენს საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი ნორმატიული აქტების საფუძვლებს, კანონი “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” და მისი პრაქტიკაში გამოყენების ბერკეტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის კოდექსის გარემოსდაცვითი მუხლები და მათი გამოყენების მეთოდები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ის ფორმალური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან.

აღნიშნული ტრენინგი არის ჩვენი პროექტის “AirGe: ჰაერის დაბინძურების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში” ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკას“ და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „TRANSITION” პროგრამის მხარდაჭერით.

ტრენინგით მიღებული ცოდნა გამოგვადგება საზოგადოების მომართვიანობის საფუძველზე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებული პრობლემების იურიდიული კუთხით მოგვარებაში, რათა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, გვქონდეს სუფთა ჰაერი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.