მწვანე პოლუსისა (საქართველო) და არნიკას (ჩეხეთი) პრეს-რელიზი, 25 ოქტომბერი, 2023 წელი

ახალი კვლევა აფასებს საქართველოში ჰაერის დაბინძურებას კოსმოსიდან ხელოვნური თანამგზავრის დაკვირვების საფუძველზე.  

თბილისი/პრაღა – საქართველოს მოქალაქეებს სამრეწველო ობიექტებით, გადატვირთული საგზაო მოძრაობით, მოძველებული ავტომობილებითა და საცხოვრებელი სახლების გათბობის სისტემებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება უქმნის საფრთხეს. ახალი კვლევა (1), რომელიც ევროკავშირის კოპერნიკის პროგრამის ხელოვნური თანამგზავრების დაკვირვების საფუძველზე მომზადდა ორგანიზაციების „არნიკასა“ და „მწვანე პოლუსის“, ასევე ჩეხური ტექ-კომპანიის „World from Space-ის“ მიერ, აჯამებს რეკომენდაციებს საქართველოში გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.  

ხელოვნური თანამგზავრის დაკვირვება აჩვენებს, რომ რუსთავი ქვეყნის მასშტაბით დაბინძურების ეპიცენტრია. ასევე, თბილისშიც საკმაოდ მაღალია დაბინძურების მაჩვენებლები, რაც ძირითადად დაურეგულირებელი საგზაო მოძრაობითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ქსელითაა განპირობებული“, – აცხადებს იან ლაბოჰი, „World from Space-ის“ მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი. „აგრეთვე, სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის გორში, ქუთაისსა და ბათუმში, შეიმჩნევა დაბინძურება, რაც, სავარაუდოდ, გადატვირთული საგზაო მოძრაობით აიხსნება“.  

კვლევა ეფუძნება სამი ძირითადი დამაბინძურებლის (აზოტის დიოქსიდის, ნახშირბადის მონოქსიდისა და PM10 მყარი ნაწილაკების) საქართველოს მასშტაბით განაწილების ანალიზს. პეტრ კუბერნატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ხაზს უსვამს, რომ ჩეხეთს აქვს საკმარისად დიდი გამოცდილება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და მონიტორინგის პროცესში. „ჩვენთვის პატივია, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროკავშირის კოპერნიკის პროგრამის ხელოვნური თანამგზავრის თანამედროვე მეთოდით დაკვირვების გამოყენებით“.  

ჰაერის დაბინძურება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, წლების განმავლობაში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეებისთვის. „დიდი ხანია, ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოებრივი ყურადღება მივმართოთ ჰაერის დაბინძურების პრობლემისკენ, რაც განსაკუთრებით თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებს ეხება, სადაც მრეწველობის სექტორის გამო საკმაოდ მაღალია დაბინძურების მაჩვენებლები. სამთავრობო გამაფრთხილებელი სისტემების არარსებობის გამო მოქალაქეებს ისეთ გარემოში უწევთ ყოფნა, სადაც მაღალია მყარი ნაწილაკებისა და სხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია (2). ახლა ჩვენ გვაქვს ზუსტი რიცხვები და მონაცემები, რომელიც, შეგვიძლია, საზოგადოებას გავუზიაროთ“, – აცხადებს გიორგი ჯაფარიძე, ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ დამფუძნებელი.  

→ Air pollution in Georgia as seen from space (Download in English) arnika.org

→ კოსმოსიდან დანახული ჰაერის დაბინძურება საქართველოში  greenpole.org

 

საქართველოში ჰაერის ხარისხისთვის ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს საავტომობილო მოძრაობის ზრდა და მოძველებული ავტოპარკი. მხოლოდ თბილისზე სატრანსპორტო სექტორის ემისიის 40-პროცენტიანი წილი მოდის, რაც ქალაქის 1,5-მილიონიანი მოსახლეობითა და გადატვირთული სატრანსპორტო ქსელითაა განპირობებული. მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების შემოღებით, თუმცა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებები აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციას მაინც ზრდის.  

დაბინძურების კიდევ ერთი წყაროა სამრეწველო ობიექტები. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ობიექტი, და რუსთავის აზოტი სასუქებისა და სამრეწველო ქიმიური პროდუქტების მთავარ მწარმოებლებს წარმოადგენს კავკასიის რეგიონში, შედეგად რუსთავში გაცილებით მაღალია აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია სხვა, მსგავსი სიდიდის ქალაქებთან შედარებით. კასპი და მისი მიმდებარე დასახლებები ასევე დაბინძურებულია აზოტის დიოქსიდით, რაც ცემენტისა და მინის ქარხნების გამონაბოლქვის შედეგია. დაბინძურება ასევე მაღალია მარნეულსა და გარდაბანში (4). კვლევის ავტორები გვთავაზობენ რეკომენდაციებს (5) მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. “საქართველო სწორ გზაზეა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და შენარჩუნების მხრივ, ქვეყანაში უკვე მიღებულია ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისი კანონები. საჭიროა, პროგრესი ნათლად ჩანდეს რამდენიმე მნიშვნელოვან სექტორში, მათ შორის ტრანსპორტირება, სამრეწველო სექტორის პასუხისმგებლობის გამოკვეთა, რეგულირების სამართლებრივი ჩარჩოების შექმნა, ენერგიის წყაროების დივერსიფიცირება და საზოგადოებრივი ჩართულობა”, – აჯამებს ზუზანა ვაჩუნოვა, „არნიკას“ საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი 

მსოფლიო ბანკის 2020 წლის შეფასების მიხედვით (3), ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში ნაადრევი სიკვდილიანობის 4000-მდე შემთხვევა გამოიწვია, ამ ყველაფრის ეკონომიკური ხარჯი $560 მილიონ დოლარს შეადგენს. ქვეყანა საკმაოდ მოწყვლადია კლიმატური ცვლილებების მიმართ, განსაკუთრებულ საფრთხეს წყალდიდობა, ძლიერი წვიმა, მეწყერი და გვალვა წარმოადგენს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს როგორც დამაბინძურებლებისა და მავნე ნივთიერებების მონიტორინგის, ასევე პასუხისმგებლობიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას.  

კვლევა ჩატარდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „Transition Promotion” პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. „მწვანე პოლუსმა“ და „არნიკამ“ ერთობლივი მუშაობით წარადგინეს საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სამთავრობო მონიტორინგის სისტემის შეფასება (6), ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის დახმარებითა და რეკომენდაციებით. შეფასების დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში სამთავრობო მონიტორინგის ავტომატიზებული სადგურების მცირე რაოდენობაა განთავსებული. ეს ის პრობლემაა, რომლის გადაჭრის მცდელობაა AirGE აპარატების სამოქალაქო მონიტორინგის ქსელი. ამჟამად 20 აპარატია დაყენებული თბილისსა და რუსთავში.  

 

 

“არნიკა” 2001 წელს დაფუძნებული ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა. მისი მიზანია, დაიცვას ბუნება და ჯანსაღი გარემო მომავალი თაობებისთვის. Ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით ადვოკატირების კამპანიებს ნარჩენებისა და საშიში ნივთიერებების დაბინძურების შემცირების, მდინარეების დაცვისა და მოქალაქეთა უფლებების, თავისუფალი ნების დაცვის შესახებ. დამატებით ინფორმაციას “არნიკას” შესახებ აქ იპოვით. 

“მწვანე პოლუსი” საქართველოში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო მოძრაობის “ჩემი ქალაქი მკლავს” საფუძველზე შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანია, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის პროცესში, ამჟამად მუშაობის ძირითადი არეალი თბილისია. ამატებით ინფორმაციას “მწვანე პოლუსის” შესახებ აქ იპოვით. 

შენიშვნები: 

  1.  კოსმოსიდან დანახული ჰაერის დაბინძურება საქართველოში (2023) 
  1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (2023): დაბინძურების ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე 
  1. მსოფლიო ბანკის ანგარიში (2020): საქართველო: მწვანე და მდგრადი ზრდა 
  1. კოსმოსიდან დანახული ჰაერის დაბინძურება საქართველოში: ძირითადი მიგნებები დამაბინძურებლების შესახებ 

აზოტის დიოქსიდის (NO2) ყველაზე მაღალი კონცენტრაცია საქართველოში მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, კერძოდ, დედაქალაქ თბილისში ფიქსირდება. ასევე მაღალია კონცენტრაცია ქუთაისში, ბათუმში, გორსა და რუსთავში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი სამრეწველო ცენტრია. ამ ქალაქებში ვხვდებით დატვირთულ სატრანსპორტო ქსელებს. კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება ზამთარში შენობების გათბობის გამო. ანალიზისას დაფიქსირდა საავტომობილო ქსელის დატვირთულობასა და NO2-ის მაღალ კონცენტრაციებს შორის მჭიდრო კავშირი. ყველაზე დაბალი კონცენტრაცია მთიან რეგიონებში ფიქსირდება. 

ატმოსფეროში ნახშირბადის მონოქსიდის (CO) კონცენტრაციაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გეოგრაფიული ობიექტის სიმაღლე. დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაბლობებზე ფიქსირდება, სადაც მთებით გარშემორტყმული ტერიტორიიდან დამაბინძურებლების გაბნევა ვერ ხერხდება. შეუძლებელია ამ დამაბინძურებლის ანთროპოგენური წყაროების დადგენა საბაზისო ანალიზით. 

ზომით 10 მიკრომეტრზე მცირე მყარი ნაწილაკებ (PM10) მომატებულ კონცენტრაციებს ვხვდებით ძირითადად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქარის მიერ მტვრის მასების გადატანის გამო. ასევე, ფიქსირდება დაბინძურება ქალაქებისა და მათი მთავარი ავტომაგისტრალების მიმდებარედ, კერძოდ თბილისსა და რუსთავში ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებლებით. PM10-ის განაწილების სეზონურობა განპირობებულია ბუნებრივი პროცესებით, ზაფხულისა და გაზაფხულის სეზონები განსაკუთრებით მოქმედებს თბილისსა და რუსთავზე, რადგან ნაწილაკები გადაადგილდება ქვეყნის დასავლეთისკენ უფრო მშრალი აღმოსავლეთიდან, ხოლო ზამთრისა და შემოდგომის პერიოდში დაბინძურება იმატებს დიდ ქალაქებში საცხოვრებელი სახლების გათბობის გამო.  

  1. ჰაერის დაბინძურება საქართველოში: ექსპერტის რეკომენდაციები 

ენერგოეფექტიანობის ზომები 

ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგოეფექტურობის რეგულაციების დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ენერგიის მოხმარებისა და შესაბამისად ემისიების შემცირებას. მსგავსი რეგულირება უნდა ეხებოდეს სამშენებლო, სამრეწველო და სატრანსპორტო სექტორს. პოლიტიკის ინსტრუმენტები, მათ შორის სავალდებულო აუდიტორული შემოწმება, ტექნიკური შესაბამისობის მოთხოვნა და ენერგიის მოხმარების მართვის სისტემის დანერგვა მასშტაბური ცვლილების წინაპირობა იქნება.  

ტრანსპორტის სექტორის მოდერნიზაცია 

აღნიშნული სექტორისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იმის უზრუნველყოფაა, რომ მძღოლებმა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტროს ქსელი ნორმალურ მდგომარეობაშია, მოძველებული ავტობუსებიც, რომლებიც დიზელის საწვავზე მუშაობს, ნელ-ნელა ახლებით იცვლება. ამავდროულად, ქსელის გაფართოება აუცილებელი ფაქტორია. თბილისის ყველაზე დატვირთული მარშრუტების განრიგი და სისტემა უნდა გაანალიზდეს, გადაიხედოს და მოქალაქეებისთვის უფრო მოსახერხებელი გახდეს. სხვა ქალაქებში, მაგალითად, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, მსგავსი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სექტორის განახლებას.  

სამრეწველო ობიექტების ემისიის კონტროლი  

მძიმე მრეწველობის ტიპის საწარმოების გამონაბოლქვის პრობლემის გადასაჭრელად რეკომენდებული ზომებია გამონაბოლქვის რეგულარული კონტროლის სისტემის დანერგვა, წარმოების ეკოლოგიურად უფრო სუფთა მეთოდებზე გადასვლა და ამგვარი ინდუსტრიებისთვის გამონაბოლქვის უფრო მკაცრი სტანდარტების დაწესება. ფინანსური მხარდაჭერა სუბსიდიების სახით წაახალისებს ამ პროცესს. საერთაშორისო ინსტიტუციებისა და ევროკავშირის დახმარებით ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.  ბევრი დიდი სამრეწველო ობიექტი უცხოური კაპიტალით ფუნქციონირებს, მათ შორის „ჯეოსთილის“ ქარხანა რუსთავში და კასპის ცემენტის ქარხანა, ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მოითხოვოს უახლესი ტექნოლოგის დანერგვა მსგავს საწარმოებში.   

საკანონმდებლო ჩარჩო და გარემოსდაცვითი ვალდებულება 

ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია მარეგულირებელი ორგანოების გაძლიერება, რომლებსაც ევალებათ გარემოსდაცვითი ნორმების დაცვის კონტროლი. ეგ გულისხმობს შესაბამისი რესურსების მოძიებას, მათ შორისაა დაფინანსება, პროფესიონალი კადრები და მათი გადამზადება. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც ლობიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ რეზისტენტული იქნება. საწარმოების, ელექტროსადგურებისა და სხვა დამაბინძურებელი ობიექტების რეგულარული აუდიტორული შემოწმება უნდა ადასტურებდეს მათი ფუნქციონირების შესაბამისობას გარემოსდაცვით სტანდარტებთან.  

განახლებადი ენერგიის წყაროები 

ჰაერის დაბინძურების გეოგრაფიული განაწილება ზოგჯერ ვერ გვაწვდის საკმარის ინფორმაციას მისი ანთროპოგენური წყაროების შესახებ. ამჟამად საქართველოში ელექტროენერგიის 80 პროცენტი ჰიდროელექტროსადგურებიდან მიიღება. ასეთი ვითარება ხელსაყრელ პირობებს ქმნის სამომავლოდ ნაკლები წიაღისეულის საწვავის ელექტროსადგურის ასაშენებლად. საჭიროა, განახლებადი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია. განახლებადი ენერგიის საკითხისადმი კერძო ბიზნესის ინტერესის გასაზრდელად, რეკომენდებულია განახლებადი ენერგიის სექტორის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება და საინვესტიციო ინიციატივების წარდგენა. 

მონიტორინგი და მონაცემთა ხელმისაწვდომობა 

ქვეყნის მასშტაბით ავტომატიზებული სადგურების განთავსება შექმნის მონაცემთა ბაზას ცალკეული დამაბინძურებლების კონცენტრაციის შესახებ. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს ჰაერის დაბინძურების პრობლემატიკის მარტივად აღსაქმელი ფორმით გადმოცემას, დაბინძურების წყაროების იდენტიფიცირების საშუალებას. ამგვარი სისტემის მაგალითია დამაბინძურებელთა გარემოში გაშვებისა და გადატანის რეესტრი (PRTR), რომელიც აერთიანებს დიდი სამრეწველო ობიექტების ემისიის წლიურ მაჩვენებლებს. 

საზოგადოებრივი ცნობიერება და ჩართულობა 

საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება დაბინძურებული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ. მოსახლეობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვისა და დაინტერესებული მხარეების მიერ კონტროლის სწორი მექანიზმების შემუშავებისთვის, საზოგადოებისთვის მოსახერხებელი პლატფორმების შექმნა აუცილებელია. საჯარო უწყებებმა უნდა უზრუნველყონ მოქალაქეების ჩართულობა სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში. 

  1. საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სამთავრობო მონიტორინგის სისტემის შეფასება (2023)