ფერადი მგალობელი ფრინველებით ვაჭრობა ზოომაღაზიებში მრავალ სახეობას გადაშენების პირას აყენებს
- ტროპიკულ ტყეებში ბინადარი ეკზოტიკური, ფერადი შეფერილობის მქონე ფრინველები გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან
- მრავალ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია მოთხოვნილება ასეთი ფრინველების ყოლაზე. ასევე მათ ბუმბულსა და ნისკარტებზე
- უახლესმა კვლევამ ცხადყო, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება, უკვე საკმაოდ მალე ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, აფრიკისა და ამერიკის ტყეები გაცილებით ნაკლებად ფერადები გახდებია, ხოლო მათ უნიკალურ ეკოსისტემას საფრთხე დაემუქრება
- მეცნიერები გამოდიან წინადადებით ეკზოტიკური ფრინველების მოშენების თაობაზე, რათა გარეული ფრინველების პოპულაციები შენარჩუნდეს
ზოგჯერ სილამაზე სასიკვდილო განაჩენია. მე-19 ს.-სა და მე-20 ს.-ის დასაწყისში ფერადი ბუმბულების პოპულარობის გამო განადგურდა ისეთი ფრინველების დიდი პოპულაციები, როგორებიცაა დიდი ოყარი და სამოთხის ფრინველისებრნი. დღესდღეობით სწორედ ეკზოტიკური შინაური ცხოველებითა და ფრინველებით ვაჭრობა ფერადი ბუმბულის მქონე ფრინველებს გადაშენებით ემუქრება.
ჟურნალ Current Biology-ში 15 სექტემბერს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ტროპიკული ტყეები შეიძლება ნაკლებად ფერადი გახდეს, რადგან მათი ზოგიერთი ეკზოტიკური ბინადარი ადამიანების სიამოვნებისთვის გალიებშია გამომწყვდეული.
„კარგია ეს, თუ ცუდი, მაგრამ ადამიანებისთვის გარეგნული სიმალაზე მნიშვნელოვანია,“ – თქვა დოქტორ რებეკა სენიორმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა, კვლევის შედეგებისადმი მიძღვნილ პრეს-რელიზში. „ეს შეიძლება კარგი იყოს, რადგან ადამიანებს მოტივაციას აძლევს იზრუნონ ბუნების შენარჩუნებაზე და ამაზე მომუშავე პროექტებში ფულადი შემოწირულობები გააკეთონ, მაგრამ ასევე ეს ზიანის მომტანიცაა, რადგან ზოგიერთ ადამიანს სურვილი უჩნდება დაიჭირონ ეკზოტიკური ცხოველები და ფრინველები და სახლში ყავდეთ ისინი.“
ახალ კვლევაში ბეღურასნეირებს აკვირდებოდნენ, რომლებსაც ხშირად მგალობელ ფრინველებსაც უწოდებენ. კვლევამ ცხადყო, რომ ტროპიკულ სარტყელში ბინადარი ფრინველების ბუმბულის შეფერილობა გაცილებით უფრო ფერადია, რადგან იქ 91%-ით მეტი სხვადასხვა შეფერილობის ჩიტების არსებობა დაადგინეს ტროპიკულ ბეღურასნაირ ფრინველებში და მათ შორის 65% ყველაზე უნიკალური შეფერილობის მქონე სახეობაა.
შემდეგ ეტაპზე მკვლევართა ჯგუფმა განიხილა საკითხი, თუ რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ფერადი მგალობელი ფრინველები ეკზოტიკური შეინაური ფრინველების მოყვარულთა მსხვერპლები შეიძლება გახდნენ. ყველა გარეული ფრინველის 30%, ანუ თითქმის 3000 ფრინველის სახეობა, გარეული ფრინველებით საერთაშორისო ვაჭრობის ობიექტები არიან. პოპულარულია არამხოლოდ მათი დაჭერა გალიაში ყოფლის მიზნით, არამედ მათი ბუმბულით, კვერცხებითა და ნისკარტებით ვაჭრობაც. კვლევამ დაადასტურა, რომ ფერადი მგალობელი ფრინველები უფრო ხშირად ხდებიან ცხოველებით ვაჭრობის მსხვერპლები და უფრო დიდ საფრთხეში არიან. მეტიც, კვლევამ ისიც გამოავლინა, თუ რომელი შეფერილობის მქონე ფრინველები დგანან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უნიკალური შეფერილობის მქონე ფრინველებს, რომლებიც სხვებს არ გვანან, უფრო ხშირად იჭერენ გაყიდვის მიზნით,“ – განაცხადა სენიორმა BBC News-თან მიცემულ ინტერვიუში. „არის ფერები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება მოვაჭრეებთან – ლაჟვარდისფერი (ზოგჯერ ცისფრად მოხსენიებული) და ყვითელი. სრულიად თეთრი ფრინველებიც ხშირად იყიდება.“
როდესაც მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ არიან კონკრეტული შეფერილობის მქონე ფრინველები უფრო პოპულარული და მიმზიდველი, მათ შეძლეს იმის პროგნოზირებაც, თუ რომელი სახეობები აღმოჩნდებიან საფრთხეში, როდესაც დღესდღეობით პოპულარული სახეობები მეტისმეტად გაველურდებიან ან ამოწყდებიან. მათ დაასკვნეს, რომ მომავალში 95-478 გარეული ფრინველის სახეობა გახდება ნადირობისა და ვაჭრობის ობიექტი, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ტროპიკულ ეკოსისტემას.
„როდესაც აქტუალურ ვითარებას ვაკვირდებით, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ გარკვეული სახეობების გადაშენება. რის შედეგადაც ფრინველების უნიკალური ფერთა პალიტრა გაღარიბდება, მათი ესთეტიკური ღირებულება დაეცემა და ბუნების იერსახეც შეიცვლება“, წერენ კვლევის ავტორები.
კერძოდ მეცნიერების პროგნოზით სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და ბრაზილიის ატლანტიკურ ტყეებში ბინადარი ფრინველების ფერთა პალიტრა საგრძნობლად გაღარიბდება. ჩრ. აფრიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია უფრო მეტ ეკზოტიკურ ფრინველს დაკარგავს, ვიდრე მოველოდით, იქიდან გამომდინარე რომ იქ ბევრი უნიკალური სახეობა ბინადრობს. ანალოგიური რამ მოხდება ჩრ. ამერიკის, ანდებსა და კარიბის ზღვის ბასეინში ბინადარი ფერადი ფრინველების შემთხვევაშიც. ზოგადად ტროპიკული ფრინველების ბუმბულის შეფერილობა შეიძლება ცისფერიდან ყავისფერსა და სტაფილოსფერზე შეიცვალოს.
კვლევის ავტორები მოუწოდებენ ეკოაქტივისტებს დააკვირდნენ ზოგიერთ სახეობას, რადგან მათზე ნადირობა იმდენად სწრაფი ტემპებით ვრცელდება, რომ სახელმწიფო უწყებები შესაბამისი აკრძალვების დაწესებას ვერ ასწრებენ. სენიორმა ასევე შემოგვთავაზე დაგვეწყო ეკზოტიკური ფრინველების მოშენება, რათა გარეული ფრინველები თავიანთი ბინადრობის ადგილებში უფრო უსაფრთხოდ იყვნენ და მათ არსებობას საფრთხე არ დაემუქროს, ხოლო ეკოსისტემამ ისეთივე ფერადი დარჩეს.
მართალია ეს უკანასკნელი წინადადება საკმაოდ სადავოა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანებში, მაგ. ინდონეზიაში, მგალობელი ფრინველების მოშინაურების ისტორიულ-კულტურული ტრადიცია არსებობს, რომლის აღმოფხვრაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის რთული იქნებოდა.
„იმის ნაცვლად, რომ ვუთხრათ ხალხს – ამ სახეობის ფრინველებს, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე თქვენი კულტურის ნაწილი იყო – ვეღარ შეიძენთ, შეგვიძლია სხვანაირად მოვიქცეთ – დავადგინოთ, თუ რომელი სახეობები არიან ყველაზე დიდ საფრთხეში და ხალხს შევთავაზოთ იყიდონ ეს ფრინველები მომშენებლებისგან“, – თქვა სენიორმა. „ეს წინადადება შეიცავს პოტენციალს, რომელიც არსებულ მაღალ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.“
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ნატა შველიძე
წყარო : www.ecowatch.com
29 ოქტომბერი 2022 წელი