მოზარდების თავის ტვინში აღმოჩენილი დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკები ალცჰაიმერის დაავადებასთანაა კავშირში.
ექსკლუზივი: აღმოჩენის დადასტურება, გლობალურად რეზონანსული იქნება, რადგან მოსახლეობის 90% ჰაერით დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობს.
დაბინძურებული ჰაერის მცირე ნაწილაკები აღმოჩნდა მოზარდების თავის ტვინის უჯრედებში, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებების გამომწვევ მოლეკულურ დაზიანებასთან.
თუ შემდგომი კვლევებით ეს სენსაციური აღმოჩენა დადასტურდება, ის მთლიან მსოფლიოზე მოახდენს ზეგავლენას, რადგან მოსახლეობის 90% ჯანმრთელობისთვის სახიფათო ეკოლოგიურ გარემოში გლობალურად ცხოვრობს. მედიცინის ექსპერტები ამ აღმოჩენას სიფრთხილით ეკიდებიან და აცხადებენ, რომ ნანო ნაწილაკები დაზიანების გამომწვევი აშკარა მიზეზია, თუმცა ჯერ კიდევ დაუდგენელია სიცოცხლის გვიან ეტაპზე რამდენად იწვევს ეს დაზიანება დაავადების განვითარებას.
უკვე არსებობს საკმაოდ სანდო სტატისტიკური მტკიცებულება, რომლის თანახმად, დაბინძურებული ჰაერის ხანგრძლივი გავლენა ადამიანზე ზრდის ნეირო-დეგენერაციული დაავადებების რიცხვს, თუმცა ამ ახალი კვლევის მნიშვნელობა არის ის, რომ ის უკვე პირდაპირ აჩვენებს იმ ფიზიკურ მექანიზმს, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ზიანს აყენებს.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს უამრავი დაბინძურებული ნანო ნაწილაკი 186 მოზარდის ტვინის ფუძეში, რომლებიც მოულოდნელად გარდაიცვალნენ 11 თვიდან 27 წლამდე ასაკში.
სავარაუდოდ, ამ ნაწილაკებმა მათ ტვინამდე მიაღწიეს ჩასუნთქვის ან ნაწლავების გავლით სისხლში მოხვედრის გზით.
ნანო ნაწილაკები მჭიდროდ იყო დაკავშირებული პათოლოგიურ ცილებთან, რომლებიც ალცჰეიმერის, პარკინსონის დაავადების ნიშნებია. შედარებით ნაკლებად დაბინძურებული ტერიტორიებიდან პათოლოგიური ცილები არ აღმოჩნდა იმავე ასაკის ადამიანებში.
„საშინელებაა, რადგან ახალშობილის ტვინის უჯრედშიც კი არსებობს პათოლოგია,“ განაცხადა დიდი ბრიტანეთის ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ბარბარა მაჰერმა, რომელიც ასევე კვლევითი ჯგუფის წევრიც გახლავთ. „ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ ამ ნაწილაკების პირდაპირ კავშირს დაავადებასთან, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ნანო ნაწილაკები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ლითონებს შეიცავენ, მშვიდად და უვნებლად იქნებიან ტვინის კრიტიკულ უჯრედებში განთავსებულნი? ეს სახიფათო ბომბია. – არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ მათი ზემოქმედება იწვევს, ჩვენთვის ცნობილ, ნერვული სისტემის დაზიანებას.“
მაჰერის თქმით, ეს კვლევა იძლევა გარკვეულ ჰიპოთეზებს, რომელთა შემოწმება და დადასტურება ახლაა შესაძლებელი. მაგალითისთვის, ცნობილია, რომ თავის ტვინის ღეროვანი დაზიანება ზიანს აყენებს მოზარდების ფიზიკურ აქტივობასა და სიარულის მანერას. ამის საფუძველზე, უნდა დადგინდეს რამდენად არის ეს კავშირში ნანო ნაწილაკებით გამოწვეულ დაბინძურებასთან.
ნეირო-დეგენერაციული დაავადების გამომწვევი მიზეზები საკმაოდ კომპლექსურია და არ არის ბოლომდე შესწავლილი. „უდავოა ის ფაქტი, რომ იარსებებს როგორც გენეტიკური ფაქტორი ასევე, დიდი ალბათობით, ნეირო-ტოქსინების ფაქტორიც.“ – განაცხადა მაჰერმა. ”მაგრამ კითხვა, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართ ისმევა, არის, რამდენად ფართოდ ექცევიან ადამიანები მისი ზემოქმედების ქვეშ. არ მგონია, რომ ადამიანის ორგანიზმის სისტემებმა შეიმუშავეს თავდაცვითი მექანიზმები ნანო ნაწილაკებისგან თავის დასაცავად.“
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვებზე დაკვირვება და მათი კვლევა, რადგან მათ ადრეულ ასაკში, ჯერ არ ემუქრებათ დემენციასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები, მაგალითად, როგორიცაა ალკოჰოლის მოხმარება: „სწორედ მათ შეიძლება მოგვცენ ადრეული გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.“
ამ კვლევის ხელმძღვანელი გახლდათ ლილიან კალდერონ-გარსიდუენა მონტანას უნივერსიტეტიდან და მისი შედეგები დაიბეჭდა ჟურნალ Environmental Research-ში. აღმოჩნდა, რომ ლითონებით გაჯერებული ნანო ნაწილაკების ფორმა და ქიმიური შემადგენლობა სრულად ემთხვეოდა ავტომობილების მიერ, საწვავის წვის და დამუხრუჭების შედეგად წარმოქმნილ ნაწილაკებს. მეხიკო და სხვა ქალაქები ჰაერში ასეთი ნაწილაკების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან.
დიდი ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუიზა სერპელმა განაცხადა, რომ ნანო ნაწილაკებმა შეიძლება მართლაც გამოიწვიოს ტვინის დაზიანება, მაგრამ არ არსებობს საკმარისი სამხილი იმისა, რომ ნანო ნაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიოს ნეირო-დეგენერაციული დაავადებები: ნეირო-დეგენერაციული დაავადების გამომწვევი მრავალი სხვა მიზეზი არსებობს.“ მაგრამ მან ასევე დაამატა: „დაბინძურებული გარემო და პათოგენების ზემოქმედება ჩვენზე, ალბათ, მნიშვნელოვანი ფაქტორია დაავადების განვითარებისთვის.“
ბარსელონას უნივერსიტეტის მედიცინისა და ქირურგიის დოქტორი, ჯორდი სუნიერის თქმით, ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ნანო ნაწილაკებს სასუნთქი გზების გავლით შეუძლიათ მიაღწიონ თავის ტვინს და დააზიანონ, მაგრამ ჰაერის დაბინძურების დროს წარმოქმნილი მავნე ქიმიკატები, რომლებიც ადამიანის ფილტვებში ხვდებიან, მათაც შესწევთ უნარი თავის ტვინში მოხვედრის.
კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ ნანო ნაწილაკები ძირითად გროვდებიან substantia nigra-ში – თავის ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილი პარკინსონის დაავადების დროს. პარკინსონის კვლევის ასოცირებული დირექტორის, დევიდ დექსტერის, თქმით „ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს შესწავლილი რა იწვევს პარკინსონს, თუმცა ჩვენი ცოდნა ემყარება კვლევას, რომელიც ადგენს კავშირს ჰაერის ცუდ ხარისხს და ნეირო-დეგენერაციას, ასევე მომწამვლელ მეტალებს შორის. პარკინსონი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ნევროლოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად (გარემოს როლი) მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია გლობალური კვლევების ფარგლებში.“
მაგრამ მან ასევე აღნიშნა: „ამ კვლევაში აღმოჩენილი პათოლოგია საკმაოდ მკაფიოა და არა ისეთი რამ, რასაც პარკინსონის დაავადების ტიპიური შემთხვევების დროს ვაწყდებით თავის ტვინში.“ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქალაქებს შორის ჰაერის დაბინძურების განსხვავებული დონე.
დიდი ბრიტანეთის ალცჰაიმერის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, დოქტორ სიუზან კოლჰასმა განაცხადა: „ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ბევრ, ჯანმრთელობისთვის საზიანო ფაქტორთან და მრავალრიცხოვან მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემენციის განვითარების რისკიც ერთ-ერთი მათგანია. ცილები თავის ტვინში წლების განმავლობაში გროვდება, მანამდე, სანამ დემენციის ხილულ სიმპტომებს შევამჩნევთ, თუმცა საჭიროა უფრო მეტი კვლევის ჩატარება, რათა დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ჰაერის დაბინძურება მოზარდების თავის ტვინში იწვევს იმ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვებში დაავადებასთან.“
მაჰერის და მისი კოლეგების ადრინდელმა ნაშრომმა აჩვენა ნანო ნაწილაკები მოზარდების თავის ტვინის წინა ქერქში და ასევე გულის ნაწილში, თუმცა მკვლევარებმა ჩინეთში, ისინი სისხლში აღმოაჩინეს.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები და გაზომო იმ ნანო ნაწილაკების რაოდენობა იმ ადგილებში, სადაც ხალხი ცხოვრობს. როგორც წესი, იზომება მხოლოდ 2.5 მიკრონზე ნაკლები ნაწილაკების საერთო წონა.
„თუ მოხდება ნანო ნაწილაკების ზუსტი გაზომვა, ამით დადგინდება სად არის ყველაზე დიდი პრობლემა, მაშინ უკვე შეგვეძლება ზომების მიღება და მოქმედება,“ განაცხადა მაჰერმა. „პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ ამ კვლევების შედეგები და რეალურად დაიწყონ იმ სტრატეგიის შემუშავება, თუ როგორ შევამციროთ ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედება.“
თარგმნა : მაია ბურდული
რედაქტირება : სალი აბუაშვილი
წყარო : The Guardian.