მოდის კომპანიების „კლიმატური“ პროგრესი
- მოდის კომპანიების ნახშირბადის ემისიის შემცირების დადებით გავლენას გაზრდილი წარმოება აბათილებს
- ინიციატივაში მონაწილე ბრენდებმა 2019 წლიდან 2022 წლამდე შეამცირეს ნახშირბადის ემისია 12%-ით, ხოლო წყლის მოხმარება 4%-ით.
- „თუ ჩვენ გვინდა, რომ პარიზის შეთანხმების კრიტიკული მიზნების მიღწევას ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ტექსტილის ინდუსტრიას და ამაში ყველას აქვს თავისი როლი შესასრულებელი“, — კეტრინ დევიდი, მკვლევარი.
კლიმატის ცვლილების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის Wrap-ის ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ მიუხედავად ნახშირბადის გავლენის შემცირებაში მიღწევებისა, როგორიცაა ნახშირბადის ზემოქმედების შემცირება და წყლის მოხმარება ერთეულ ტანსაცმელზე, მოდის კომპანიების აღნიშნული ძალისხმევა იკარგება გაზრდილი წარმოების გამო.
„ტექსტილის 2030 წლის პროგრესის წლიურმა ანგარიშმა“ მიმოიხილა ბრენდები, რომლებიც არიან Wrap-ის ნებაყოფლობით Textiles 2030 ინიციატივის ხელმომწერები, რომლის თანახმად, ინიციატივაში მონაწილე ბიზნესების მიზანია ახალი პროდუქტების სათბურის გაზების ემისიების 50%-ით შემცირება და ახალი პროდუქტების წარმოებაზე წყლის საერთო რაოდენობის შემცირება 2019 წლის დონეებთან შედარებით 30%-ით.
ანგარიშის თანახმად, ინიციატივაში მონაწილე ბრენდებმა 2019 წლიდან 2022 წლამდე შეამცირეს ნახშირბადის ემისია 12%-ით, ხოლო წყლის მოხმარება 4%-ით. Wrap-მა აღნიშნა, რომ ეს გაუმჯობესება გამოწვეულია იმით, რომ უფრო მაღალი ტემპით ხდება ტანსაცმლის ხელახალი გამოყენება და გადამუშავება, თუმცა, ტექსტილის წარმოება და გაყიდვები მონაწილე ბიზნესებისთვის გაიზარდა 13%-ით, რადგან ბრიტანეთში საშუალო ადამიანი ყიდულობს დაახლოებით 28 ერთეულ ახალ ტანსაცმელს, ანუ 8 კილოგრამ (17.6 ფუნტი) ტანსაცმელს წელიწადში-( გამოიკვლია Wrap-მა).
26 მონაწილე კომპანიას, მათ შორის მსხვილ საცალო მოვაჭრეებს, როგორებიც არიან AllSaints, ASOS, Boohoo, Gymshark, Primark და Urban Outfitters, 2019 წლიდან 2022 წლამდე ჰქონდათ ნახშირბადის მთლიანი ზემოქმედების მხოლოდ 2%-იანი შემცირება. წყლის საერთო მოხმარება ფაქტობრივად მთლიანობაში 8%-ით გაიზარდა. მონაწილეებმა 2022 წელს საერთო ჯამში 3,1 მილიონი კუბური მეტრი წყალი მოიხმარეს, რაც საკმარისია მსოფლიო მოსახლეობის 53% სასმელი წყლით მოსამარაგებლად მთელი წლის განმავლობაში.
„თუ ჩვენ გვინდა, რომ პარიზის შეთანხმების კრიტიკული მიზნების მიღწევას ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ტექსტილის ინდუსტრიას და ამაში ყველას აქვს თავისი როლი შესასრულებელი“, — თქვა WRAP-ის ქცევის ცვლილებისა და ბიზნეს პროგრამების დირექტორმა ქეთრინ დევიდმა თავის განცხადებაში. „ჩვენ გვჭირდება მდგრადი დიზაინი, მდგრადი ბიზნესმოდელები და ბიზნესებისგან ტანსაცმლის ყიდვისა და გამოყენების უფრო ეკოლოგიური გზები, თუმცა წარმოება აშკარად მთავარი საკითხია და ბიზნესების პასუხისმგებლობაა, მეორადი ტანსაცმელი თავიანთი პორტფოლიოს ნაწილად აქციონ და გახადონ ხელმისაწვდომი, მარტივი და სახალისო.
Wrap-მა აღნიშნა, რომ ბიზნესებს აქვთ გადამწყვეტი როლი მოხმარების შემცირებაში, დიზაინის ხანგრძლივობის უზრუნველყოფაში, მასალების გადამუშავებისა და უფრო წრიული ბიზნეს მოდელების შემუშავებაში, რაც მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ტანსაცმლის გადაკეთება და დაქირავება,თუმცა, მომხმარებლებმაც უნდა შეითვისონ უფრო მდგრადი სავაჭრო ჩვევები. ანგარიშის თანახმად, საცალო ვაჭრობის მიერ გაყიდული პროდუქციის მხოლოდ 9% იყო მეორადი.
„ჩვენ ვყიდულობთ უფრო მეტ ტანსაცმელს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი ევროპაში. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ წლის განმავლობაში შეძენილი ტანსაცმლის მეოთხედი ჩაუცმელი რჩება, და თითქმის მეოთხედი ჩვენგანი აღიარებს, რომ ზოგი ტანსაცმელი მხოლოდ რამდენჯერმე ჩაგვიცვამს“ — განმარტა დევიდმა. „ზამთარი ახლოვდება, რაც შესანიშნავი დროა ჩვენი გარდერობის გადასახედად, ჩავიცვათ ის, რაც გვაქვს და დავფიქრდეთ, იქნებ დროა რამე ხელიდან გავუშვათ. შეგიძლიათ ტანსაცმელი შეწირულობის სახით გაიღოთ, გაყიდოთ ან გააჩუქოთ, ეს ყველაფერი ხელს შეუყწობს მათ ეკონომიკაში მოძრაობას და წარმოების რაოდენობის შემცირებას.
სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი, მარიამ ტვილდიანი
წყარო: Ecowatch.com
8 მაისი 2024 წელი