კვლევის თანახმად, ანტარქტიდის ყინულის ფენის დნობის შედეგად ზღვის დონე 2.5 მეტრით აიწევს, მაშინაც კი, თუ პარიზის შეთანხმების პუნქტები შესრულდება
კვლევის თანახმად, ანტარქტიდის ყინულის ფენის დნობა გამოიწვევს მთელს მსოფლიოში ზღვის დონის დაახლოებით 2.5 მეტრით აწევას. მაშინაც კი, თუ პარიზის შეთანხმების პუნქტები შესრულდება.
დნობის პროცესი, სავარაუდოდ, საუკუნის ბოლომდეც კი შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა აშკარაა, რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესია, თუ გავითვალისწინებთ როგორ ხდება ყინულის ზედა შრეების დნობა ახალ მოდელზე დაყრდნობით.
მაშინაც კი, თუ ტემპერატურა, 2C-ით (პარიზის შეთანხმებით ტემპერატურის მაქსიმალური მატების ზღვარი) მომატების შემდეგ, კვლავ დაიკლებს, ყინული ვეღარ აღდგება მის პირვანდელ კონდიციამდე, თვითგაძლიერების მექანიზმის გამო, რომელიც იწვევს ყინულის დესტაბილიზაციას.
“რაც უფრო მეტს ვსწავლობთ ანტარქტიდის შესახებ, მით უფრო შესაძლებელი ხდება პროგნოზის გაკეთება“, განაცხადა ანდერს ლევერმანმა, სტატიის თანაავტორმა, პოტსდამის კლიმატის კვლევის ინსტიტუტიდან. „პარიზის შეთანხმების დაცვის ფარგლებში ზღვის დონის მნიშვნელოვანი მატება გარდაუვალი, ხოლო მის ფარგლებს მიღმა უკვე – კატასტროფული“.
ანტარქტიდის ყინულის ფენა, ამჟამინდელი სახით, დაახლოებით 34 მილიონი წლის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ მომავალში რა ფორმით გააგრძელებს არსებობას, ჩვენი სიცოცხლის პერიოდში გადაწყდება. „ჩვენ ისტორიაში შევალთ, როგორც ადამიანები, რომლებმაც ნიუ იორკი დატბორეს“ განუცხადა ლევერმანმა Guardian-ს.
წლის დასაწყისში ანტარქტიდაში 20C-ზე მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა.
ჯონათან ბამბერმა, ბრისტოლის უნივერსიტეტის გლაციოლოგიის პროფესორმა, რომელიც არ იყო ჩართული ამ კვლევაში, თქვა: ”ეს კვლევა გვაძლევს დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ თუნდაც ზომიერ კლიმატურ დათბობას ძალიან სერიოზული შედეგები მოაქვს კაცობრიობისთვის და ეს შედეგები ტემპერატურის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება. ტემპერატურის, პროგნოზირებული, 2 გრადუსით მომატების შემთხვევაშიც კი, რიგი სახელმწიფოები ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგანან. ცხადი ხდება, რომ მოგვიწევს ზოგიერთი ქვეყნის მსოფლიო რუკიდან წაშლა, რადგან მათ სრული გაქრობა ელოდებათ.“
ცოტა ხნის წინ, დედამიწის ჩრდილოეთით მდებარე ყინულის ზედა ფენაზეც გამოჩნდა კლიმატის ცვლილების ზემოქმედება. ყინულის მოცულობამ არქტიკის ზღვაში წლიურ მინიმუმს მიაღწია, ეს ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში მეორე შემთხვევაა.
მეცნიერთა თქმით, ყინულის დნობის ეს სურათი პირდაპირ მიანიშნებს, თუ როგორ ცვლიან ადამიანები პლანეტას. ტვილა მუნმა, კოლორადოს უნივერსიტეტის ბოლდერის უნივერსიტეტის მკვლევარმა, განაცხადა: „საშინელებაა იმის ნახვა, რომ კიდევ ერთი ზაფხულის ბოლოს ანტარქტიდაზე ყინულის საერთო ფართობი როგორ მცირეა. ზღვის ყინულის არა მხოლოდ მცირე ფართობი არსებობს, არამედ ახლად წარმოქმნილი ყინული უფრო მყიფეა და ნაკლებად გამძლე. არქტიკა შეიცვალა. ყველა იმედი ახლა ადამიანებზეა დამოკიდებული, რომ დროულად იმოქმედონ და შეანელონ ყინულის დაკარგვის ეს საგანგაშო ტემპი.
ანტარქტიდის უზარმაზარი ყინულის ფენა, რომელიც ზომით დაახლოებით ჩრდილო ამერიკის ფართობისაა და 5კმ სისქის, დედამიწის მტკნარი წყლის მარაგის ნახევარზე მეტს შეიცავს. წყალში მოტივტივე ყინულის მასას, რომელიც ზღვის დონის მატებას ისე არ იწვევს, როგორც ხმელეთზე არსებული ყინულის მასები, ასევე ემუქრება გადნობის საფრთხე, რადგან წყალი ოკეანეებშიც თბება.
მკვლევრებმა გამოიკვლიეს, ხმელეთზე ყინულის მოსალოდნელი დნობის პროტოტიპი და აღმოაჩინეს ძლიერი „ჰისტერეზის“ ეფექტი, რომლის დროსაც ყინულის ხელახლა წარმოქმნა უფრო რთულდება, ვიდრე დნობა. ყინულის დნობისას, მისი ზედაპირი ქვემოთ იწევს და თბილ ჰაერის ფენაში გადადის. მისი ხელახლა წარმოქმნისთვის უფრო დაბალი ტემპერატურაა საჭირო, ვიდრე არსებული ყინულის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
იმ შემთხვევაში, თუკი ტემპერატურა 4°C- ით მოიმატებს, რაც სრულიად პროგნოზირებადია, თუკი მსოფლიო ვერ შეძლებს შეამციროს ატმოსფეროში მავნე გაზების ემისია, ზღვის დონე მხოლოდ ანტარქტიდის ყინულის დნობის შედეგად 6.5 მეტრით აიწევს, გრენლანდიისა და სხვა მყინვარების ფაქტორები რომ გამოვრიცხოთ . შედეგად, მსოფლიოს ყველა სანაპირო ქალაქი წყლით დაიფარება და გლობალური მასშტაბის კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.
თარგმნა : მაია ბურდული.
რედაქტირება : სალი აბუაშვილი
წყარო : The Guardian